ეროვნული შერიგება პირობებით თუ უპირობოდ - ვის ხელშია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გასაღები? პრეზიდენტის ინიციატივას პოლიტიკური სპექტრი დადებითად აფასებს, თუმცა ოპონენტებისგან კონსტრუქციული დიალოგის მოლოდინი არ აქვთ. მაშ, როგორ შეიძლება მხარეები რაღაც დიალოგზე მაინც შეთანხდნენ და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დასახული გეგმა ბოლომდე მიიყვანოს? იქნება თუ არა „ოცნების“ და „ნაციონალების“ მხრიდან ვაჭრობის მთავარი თემა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება? რატომ არ იწყალებს სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს და მისი გათავისუფლება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო ხომ არ გაამწვავებს? - ყველა ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით ბუნდოვანია.
მოლაპარაკებებში და პროცესში აქტიურ ჩართვას ქვეყნის მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ცდილობს. მან მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში მონახულება გადაწყვიტა და ამ მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს წერილობითც მიმართა. მარგველაშვილი შეხვედრას სალომე ზურაბიშვილთანაც ადასტურებს და ამბობს, რომ მისი ინიციატივა ძალიან კარგია და პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ მოვლენებს ადეკვატურად აღიქვამს.
ამის პარალელურად, ეროვნული შერიგების საკითხის ირგვლივ სალომე ზურაბიშვილი 20 დეკემბერს ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. პარტიების ნაწილი ოპონენტებთან მოსალაპარაკებლად მზად არის. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფი დადებითად აფასებს, თუმცა ოპონენტებისგან კონსტრუქციული დიალოგის მოლოდინი არ აქვთ.
„ამ ეტაპზე ჩემ ამოცანას ნამდვილად არ წარმოადგენს შერიგებაზე საუბარი. ამ ეტაპზე უნდა შევთანხმდეთ ძირითად პრინციპებზე, თუ რა არის ის პრინციპები, რომელიც დღეს სჭირდება ქვეყანას, ისე როგორც, მაგალითისთვის, ოკუპაცია არის ცუდი, ნატოში გაწევრიანება არის კარგი. უნდა შევთანხმდეთ ძირითად პრინციპებზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზება მოხდეს“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.
პრეზიდენტის მიერ დაწყებულ პროცესს ეხმიანებიან „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. რომან გოცირიძის თქმით, პირობების წამოყენებით, „ქართული ოცნება“ ხელს უშლის შერიგების პროცესს.
„ჩვენ უპირობოდ ვღებულობთ მონაწილეობას იმ პროცესში და იმ ინიციატივას ვუერთდებით, რომელიც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა წამოაყენა“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ შეუთავსებელია ოპოზიციის მხრიდან ერთი მხრივ შერიგებაზე და მეორე მხრივ წინააღმდეგობის კერების შექმნაზე საუბარი.
„ნაცმოძრაობის“ მიზანი, რომ ძალაუფლება დაიბრუნოს რადიკალური პროცესებით, ვერ სრულდება პრეზიდენტის შეთავაზებით. გამომდინარე აქედან, თუ არ მოხდება იმ ფორმულის დანგრევა, რასაც ჰქვია რადიკალური წინააღმდეგობის კერების შექმნა ქვეყანაში, ბუნებრივია, გაჭირდება რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, თუნდაც პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, ქვეყანაში დაპირისპირებას უფრო გაამძაფრებს. მისი აზრით, თუ ჩვენ საზოგადოების გაერთიანება გვსურს, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ საზოგადოების დიდი ნაწილი სააკაშვილის დასჯის მომხრეა. ამიტომაც სააკაშვილის უპირობოდ გათავისუფლება დიდი რისკებს შექმნის და ამას პრეზიდენტი ზურაბიშვილიც კარგად ათვითცნობიერებს.
„ვინაიდან დღეს პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთისადმი მტრულად არიან განწყობილი, სააკაშვილის გათავისუფლებას ოპოზიცია ხელისუფლების კეთილ ნებად კი არა, მარცხად აღიქვამს. არა მარტო ოპოზიცია, საზოგადოებაც ასე იფიქრებს. მისი გათავისუფლება „ოცნებისთვის“ დიდი რისკის შემცველია და ხელისუფლებას ძალიანაც რომ უნდოდეს, მას ვერ გაათავისუფლებს. ზურაბიშვილი, ვფიქრობ, ამას ძალიან კარგად ხვდება და სხვა გამოსავალს ამიტომაც ეძებს. თუკი სააკაშვილს გაათავისუფლებენ „ოცნება“ მხარდამჭერების 40%-ს დაკარგავს. 2012 წლიდან ისედაც ბევრი მხარდამჭერი დაკარგეს და ახლა ეს, მით უმეტეს, ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
მისივე აზრით, პრობლემას პოლიტიკური სპექტრი ვერ მოაგვარებს. საქმის მოგვარება უნდა დაიწყოს საზოგადოებრივმა ჯგუფმა. თუ ამ ჯგუფის წევრები „ოცნებას“ ეტყვიან, რომ მათ ესა თუ ის შეცდომა დაუშვეს, ისინი ვერ უპასუხებენ, „ნაციონალებმა“ ხომ უარესი შეცდომა დაუშვესო, და პირიქით, „ნაციონალები“ ვერ იტყვიან, „ოცნება“ ჩვენზე უარეს შეცდომებს უშვებსო. ამით კი ბოლო ურთიერთბრალდებებს მოეღება.
„ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა ისაა, რომ მტრობის კონკურენციაში გადაყვანა უნდა მოხდეს. საქმეზე ორიენტირება უნდა მოვახერხოთ. ამის მერე შეიძლება სააკაშვილის შეწყალებაც კი არ იყოს „ოცნებისთვის“ მტკივნეული. არ მესმის „ნაციონალების“, როდესაც ამბობენ, შეცდომები დავუშვითო. ციხეში პატიმრებს რომ აწამებდნენ, ეს შეცდომა იყო? პატიმრები შემთხვევით აწამეს?! არა, ბატონო, ეს გააზრებული პოლიტიკის შედეგი იყო. აი, ასეთი რთული საკითხებია განსახილველი და გასაანალიზებელი. თუ ეს საკითხები არ მოგვარდა ქვეყანაში, ძალიან მძიმე სცენარს მივიღებთ. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან კარგად ხვდებიან, რომ დიდი ხიფათის წიანაშე შესაძლოა აღმოვჩნდეთ. ის, რომ 1991-1992-იანი წლების სცენარი არ გავიმეორეთ და მშვიდობიანად გადავაგორეთ ჯერ შევარდნაძის და შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლება, მათი დამსახურებაა. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსული ფაქტორი ყოველდღიურად იზრდება. ამიტომ კაცმა არ იცის რა შეიძლება მოხდეს“, - ამბობს ძაბირაძე.
ექსპერტი თენგიზ ფხალაძე კი მიიჩნევს, რომ ეროვნული თანხმობა ახლა ქვეყანას ძალიან სჭირდება. არაერთხელ იყო ამის მცდელობა, ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს. ამ თვალსაზრისით შემდგომ ნაბიჯებიც გადაიდგა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივედით იქამდე, სადაც უნდა მივსულიყავით, რაც ძალიან ცუდად შემოგვიბრუნდა. მისი აზრით, რა თქმა უნდა, პროცესი ვერ წარიმართება, თუ ამისთვის მზად არ იქნებიან პოლიტიკური პარტიები. პოლარიზაცია და დაპირისპირება უნდა შეჩერდეს და შექმნილი პარადიგმა შეიცვალოს. ეს აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა კიდევ უფრო უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდება.
„სამწუხაროდ, უკვე ამდენი წელია ჩვენ ერთმანეთთან ბრძოლაში მთელ ენერგიას და რესუსრს ვხარჯავთ. არადა ქვეყანაში უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი. ვისურვებდი, რომ პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალე იყოს და საზოგადოებამ კონკრეტული გეგმის დონეზე იცოდეს პრეზიდენტი მის მოგვარებას როგორ აპირებს. ეს ინიციატივა ვერ იქნება წარმატებული, თუ ის არ გადაიქცა საერთო-ეროვნულ პროცესად და მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის განხილვის თემად დარჩა. ცხადია, ეს რთული იქნება, მაგრამ ამის ალტერნატივად მხოლოდ დაპირისპირების გაღრმავება ჩანს, რაც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება.
თუმცა ეროვნული თანხმობა სულაც არ ნიშნავს, რომ ყველას ყველაფერი უნდა ეპატიოს... დღეს ჩვენ ვისმენთ ინტერპრეტაციებს, თუ როგორ წარმოუდგენია ამა თუ მხარეს რაღაც პროცესი, მაგრამ თუ რეალურად გვინდა საქმის გაკეთება, საჭიროა, ერთი საკონსულტაციო თავყრილობა გაიმართოს, სადაც უნდა გამოჩნდეს, არსებობს თუ არა გადაკვეთის წერტილები, რომლებზეც უნდა აიგოს შემდგომი პროცესი. როგორი რთული და მძიმეც არ უნდა იყოს პირისპირ საუბარი, ხალხმა დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები უნდა აიძულოს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ერთად დასხდნენ და ისაუბრონ. მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ წინსვლას, თუ ერთმანეთის მოსმენას მოვახერხებთ“, - ამბობს თენგიზ ფხალაძე.