ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის, რუსეთთან დიპლომატიაში ჩაერთოს.
როგორც თეთრ სახლის განცხადებაშია ნათქვამი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან, იური უშაკოვთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ჯეიკ სალივანმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი დიალოგი ნაცვალგების პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს, რუსეთის შესახებ აშშ-ის შეშფოთებებს მოიცავდეს და ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით წარიმართოს.
17 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-სა და ნატოს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მოთხოვნები წარუდგინა.
ოფიციალური მოსკოვი იურიდიულად სავალდებულო გარანტიას ითხოვს, რომ ნატოს სამხედრო ალიანსი უარს იტყვის ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე აღმოსავლეთ ევროპასა და უკრაინაში. მოსკოვში აცხადებენ, რომ ეს აუცილებელი მოთხოვნაა ევროპაში დაძაბულობის შემცირებისა და უკრაინასთან დაკავშირებული კრიზისის განმუხტვისთვის.