თავდაცვის მინისტრის გამოსვლა ატლანტიკურ კლუბში

თავდაცვის მინისტრის გამოსვლა ატლანტიკურ კლუბში

ბულგარეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ატანტიკურ კლუბს ეწვია. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ალასანიამ ბულარეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროატლანტიკურ სტრუქუტრებში გაწევრიანების გზაზე.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მოხსენებისას საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებსა და ISAF-ის მისიაში მონაწილეობაზე გაამახვილა ყურადღება. „საქართველო ევროპულ ოჯახში გასაწევრიანებლად მიისწრაფის. ქართველი ხალხის ეს არჩევანი 2008 წელს ჩატარებულმა პლებისციტმაც დაადასტურა, როცა ქართველი ხალხის 75%-მა საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი“ - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

ატლანტიკურ კლუბში სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ქართველმა ხალხმა სწორედ ოქტომბრის არჩევნებში გამოხატა სურვილი გახდეს ევროპის ნაწილი. თავდაცვის მინისტრის თქმით, დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში საქართველოს სრული გაწევრიანება ქართველ ხალხზეა დამოკიდებული: „იმედი გვაქვს, რომ ევრო-ატლანტიკურ სტრუქუტრებთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს გახდეს იმ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, რომლესაც ერთნაირი ღირებულებები გააჩნიათ. საქართველო ამაყობს, რომ საკუთარი წვლილი შეაქვს მსოფლიო უსაფრთხოებაში“.

მოხსენებისას თავდაცვის მინისტრმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ალასანიას თქმით, საქართველო პირნათლად ასრულებს ნატოსა და ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

გამოსვლის ბოლოს საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დარეგულირების აუცილებლობაზეც ისაუბრა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ აფხაზი და ოსი ხალხის მიმართ ფუნდამენტალურად უნდა შეცვალოს მიდგომები.