უკრაინის მმართველ პარტია „ხალხის მსახურში“ განმარტეს, რა შემთხვევაში შეიძლება დაუწესდეს სანქციები ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, რომელიც სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი.
მმართველი პარტიის დეპუტატის, ვასილი მოკანის განცხადებით, უკრაინის მოქალაქის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის სასამართლომ ტერორიზმთან კავშირში დამნაშავედ ცნო.
„ბრალდების წარდგენა არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისთვის, რომ პოროშენკოს წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს. სანქციების შესახებ კანონი პასუხისგებაში უცხოელების მისაცემად არის საჭირო“, - აცხადებს დეპუტატი.
მისივე ვარაუდით, ტერორიზმის დაფინანსებასთან პეტრო პოროშენკოს კავშირის დამტკიცება რთული იქნება.
უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პეტრო პოროშენკო ეჭვმიტანილია ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობაში.
19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს, პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა. პეტრო პოროშენკოს პარტიაში („ევროპული სოლიდარობის პარტია“) აცხადებენ, რომ ის დაგეგმილი ვიზიტებით სტამბოლსა და პოლონეთში გაემგზავრა.