ხუდონჰესთან დაკავშირებით კალაძემ უკანდახევა ამჯობინა

ხუდონჰესთან დაკავშირებით კალაძემ უკანდახევა ამჯობინა

ხუდონჰესის მშენებლობისთვის ნებართვის აღების ვადამ 2014 წლის 1-ელ მარტამდე გადაიწია. ორ სამინისტროს შორის ბოლო დღეებში დაძაბული ვითარება დროებით განიმუხტა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ საქართველოს მთავრობასა და მშენებელ კომპანია „ტრანსელექტრას“ შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილ ცვლილებებზე გააკეთა კომენტარი.

რაც შეეხება იმას, უკავშირდება თუ არა ეს არასამთავრობოებისა და ექსპერტების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, მინისტრის თქმით, ეს რეკომენდაციებს არ უკავშირდება.

„ეს არის მორატორიუმი, რომელიც გამოცხადებული იყო ჩვენი და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ იმისათვის, რომ 2011 წელს მთავრობასა და ამ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება შეგვესწავლა, გაგვეგო ამ ხელშეკრულების დადებითი და უარყოფითი მხარეები. შენიშვნები იმ ჯგუფმა გამოთქვა, რომელიც მუშაობდა.

ჩვენ ყველა, ეს შენიშვნა კომპანიას მივაწოდეთ და გათვალისწინებულია ახალ ხელშეკრულებაში. კომპანიამ უნდა მოამზადოს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ჩაბარდება და შემდეგ სამინისტრო დადებით ან უარყოფით შეფასებას მისცემს. სამშენებლო ნებართვები ან გაიცემა ან - არა“, - განაცხადა კახი კალაძემ.

თუმცა 2-3 დღის წინ ენერგეტიკის მინისტრი სულ სხვაგვარად საუბრობდა. ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში კალაძე ნიდერლანდელი ექსპერტების დასკვნას ეჭვის ქვეშ აყენებდა. „ეტყობა ამ ადამიანებს სმენის ორგანოებთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. ჩვენი ქვეყნის და ენერგეტიკის მომავალს, ჩვენ ამ პროცესს ვერ გადავაყოლებთ“, - აცხადებდა მინისტრი.

იგი, პრაქტიკულად, ცალსახად უჭერდა მხარს ხუდონჰესის ამშენებლ კომპანიას „ტრანსელექტრიკას“. ამიტომ ენერგეტიკის მინისტრი სწორედ მათგან ელოდებოდა გარემოზე ზემოქმედების აბსოლუტურად განსხვავებულ დასკვნას, რომელიც გრანდიოზული მშენებლობას მწვანე შუქს აუნთებდა.

კახა კალაძის და ხუდონჰესის მხარდამჭერების ამგვარმა დამოკიდებულებამ ერთობ გააღიზიანა გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელიც მსწრაფლ გამოეხმაურა ენერგეტიკოსთა ერთი ნაწილის პოზიციას.

„გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ნიდერლანდების მთავრობის მხარდაჭერით ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესწავლის მიზნით, საქართველოში მოწვეულ იქნა საერთაშორისო დამოუკიდებელ ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით მოეხდინა პროექტის გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ასპექტების განხილვა. სამუშაო ჯგუფის მუშაობა ორი ეტაპისგან შედგებოდა. თავდაპირველად მოხდა არსებული დოკუმენტაციის შესწავლა, ხოლო შემდგომში - შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან და საკითხის ადგილზე გაცნობა.

გარემოს დაცვის სამინისტრომ უზრუნველყო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ექსპერტთა ჯგუფი შეხვდა როგორც გარემოს დაცვის და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების წარმომადგენლებს, აგრეთვე ინვესტორ კომპანიას, გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს, ქართველ სპეციალისტებს. ექსპერტები აგრეთვე ეწვივნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს და შეხვდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას, მოსახლეობას და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ინვესტორის დახმარებით, ექსპერტებს მიაწოდა ხუდონის პროექტთან დაკავშირებული არსებული ყველა მასალა. გარდა ამისა, სამუშაო ჯგუფმა თვითონ მოიპოვა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან წინა წლებში შემუშავებული დამატებითი მასალები, კვლევები და რეკომენდაციები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არალოგიკურია საუბარი უახლეს კვლევებზე, რომლებიც საერთაშორისო ექსპერტებისათვის ხელმისაწვდომი არ იყო. სამუშაო ჯგუფის საქმიანობა ყველა ეტაპზე იყო გამჭვირვალე და ინვესტორ კომპანიას, უკიდურეს შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ შეხვედრაზე ჰქონდა საშუალება, გადაემოწმებინა ექსპერტების ხელთ არსებული დოკუმენტაციის სისრულე და სიზუსტე“, - განაცხადეს გარემოს დაცვის სამინისტროში.

ერთი სიტყვით, ორშაბათიდან მოყოლებული, ორ სამინისტროს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. საბოლოოდ, ვითარების განმუხტვა მთავრობის სხდომაზე მოხდა. ამჯერად კალაძის უწყებამ დათმო, თუმცა ხუდონჰესთან დაკავშირებით ვითარება ისეთი სისწრაფით იცვლება, შესაძლოა, სულ მალე სხვაგვარი რეალობა დადგეს.