დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და მოკავშირეებმა უკრაინის დასაცავად ჯარები გაგზავნონ.
გამოცემა The Spectator-თან ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ არის და ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ უკრაინაში ჯარების გაგზავნა დააპიროს.
„ფაქტია, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ არის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ჯარები გაგზავნოს. ხალხი არ უნდა მოვატყუოთ, რომ ამას გავაკეთებთ. უკრაინელებმა ეს იციან. ამიტომაც დიპლომატიურად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა პუტინს ვუთხრათ, რომ უკრაინაში არ შეიჭრას. მკაცრი ეკონომიკური სანქციები შეკავების ყველაზე სავარაუდო ფორმაა“, - აღნიშნა ბენ უოლესმა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის თქმით, დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები უკრაინელი ხალხის გვერდით დგანან და ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავენ ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
15 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთი სერიოზული ეკონომიკური სანქციების წინაშე აღმოჩნდება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ბრიტანეთი განაგრძობს უკრაინის დახმარებას და ხელს შეუწყობს პერიფერიის გასწვრივ ნატოს ძალების გაძლიერებას.