„ნაცმოძრაობას“ ბრალი ქართული საზოგადოების წინაშე მიუძღვის და ათიათასობით ადამინის სახელით ვერ გადავწყვეტ, ეპატიოს თუ არა მათ დანაშაულები“

„ნაცმოძრაობას“ ბრალი ქართული საზოგადოების წინაშე მიუძღვის და ათიათასობით ადამინის სახელით ვერ გადავწყვეტ, ეპატიოს თუ არა მათ დანაშაულები“

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის წინასაახალწლო მიღება გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც „ქართული ოცნების“, ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე „ნაციონალური მოძრაობა“ არ მივიდა და ამჯერადაც, ბოიკოტის რეჟიმი ამჯობინეს.

სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შერიგებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„შერიგება იწყება მოსმენით, აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით - ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა“ - განაცხადა შეხვედრისას პრეზიდენტმა.

რამდენად მისაღებია პრეზიდენტის ინიციატივა მმართველი გუნდისთვის, აპირებს თუ არა ხელისუფლება ოპოზიციასთან შერიგებას, აღნიშნულ საკითხზე for.ge-თან უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა ისაუბრა.

ნინო წილოსანი: ყოველთვის მივესალმებით ოპოზიციის მხრიდან თანამშრომლობის გზის გახსნას და პლუს ახალი ფორმატების დამატებას. ამის წინააღმდეგნი არასდროს ვყოფილვართ. თუმცა, რაც შეეხება თავად მოთხოვნას შერიგებაზე, რომელსაც ისინი იგებენ როგორც ყველაფრის პატიებას არაფრის სანაცვლოდ, ეს არასწორი ფორმულაა.

პრეზიდენტის ინიციატივა შერიგებაზე მმართველი გუნდისთვის მიუღებელია?

- შერიგება ყოველთვის ძალიან კარგია, თუმცა გააჩნია პირობებს და იმ პირობებში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს შერიგებას არაფრის გაცემის ხარჯზე, მათ შორის სასჯელისგნ თავის არიდების და სხვადასხვა ავანტურტული მიზნებისთვის, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ის წინადადება, რომელიც ადამიანს შერიგებისკენ უბიძგებს, იმის მიუხედავად, რომ მათ „ქართული ოცნების“ წინაშე ერთი კონკრეტული ბრალი არ მიუძღვით, მათ მიუძღვით ბრალი ქართული საზოგადოების წინაშე და ათიათასობით ადამინის სახელით ნამდვილად ვერ გადავწყვეტ ეპატიოს თუ არა მათ სერიოზული დანაშაულები, რომლის გამოც სასჯელს იხდიან.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში თქვენი პოზიცია გასაგებია, მაგრამ სხვა ოპოზიცასთან შერიგება შეიძლება მოხდეს?

- ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან შესარიგებელი არაფერია, იმიტომ რომ არც გვიჩხუბია. მათ საზოგადოებისგან და ჩვენი პარტიისგან არ აშორებთ ის უფსკრული, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აშორებს. მათი რეალური პრობლემაა „ნაციონალურ მოძრაობის“ ორბიტაზე ტრიალი. რაც ამ დღის წესრიგს შეცვლიან, რა თქმა უნდა, ისინი მეტ-ნაკლებად ცივილურ და დემოკრატიულ საპარლამენტო ოპოზიციად გარდაიქმნებიან.

თქვენი მოსაზრებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პრეზიდენტთან შეხვედრაზე რატომ არ მივიდნენ?

- პრეზიდენტთან შეხვედრაზე არმისვლის გარდა, პარლამენტში იუსტიციის მინისტრის მოსმენის დროს, მათი სკამები ცარიელი იყო. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ისინი ბოლომდე ქუჩის მოძრაობად ყალიბდებიან და დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვთ.

ქუჩის მოძრაობა ახსენეთ და თბილისში ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია. „ნაციონალური მოძრაობა“ 21 დეკემბერს ექს-პრეზიდენტის გასათავისუფლებლად მორიგ აქციას მართავს. როგორ ფიქრობთ, თემურ ალასანია ჩაუდგება სათავეში ამ აქციას და ლიდერობას ნიკა მელიას ჩამოართმევს?

- აღნიშნული აქცია თუ მიხეილ სააკაშვილის ან იმ დღეს დაბადებული სხვა ადამიანების, მაგალითად სტალინის დაბადების დღის მილოცვას ისახავს მიზნად, მაშინ ამ ადამიანებს შეუძლიათ შეიკრიბონ. დანარჩენ ყველა ავანტურისტულ გადაწყვეტილებებს სერიოზული საფუძველი ვერ მიეცემა.

რას ფიქრობთ, თემურ ალასანია სამშობლოში რა მიზნით დაბრუნდა?

- „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების და მათი აქტიური წევრების ბოროტმოქმედული მიზნები ქართულ პოლიტიკაში ვერ პოვებს ასახვას. თემურ ალასანია რა მიზნით დაბრუნდა საქართველოში, არ ვიცი. თუმცა, მისი დაბრუნება საქართველოში, ქვეყანას ნეგატიურ შედეგს ვერ მოუტანს, რადგან ქვეანაში არიან უფრო მეტი კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც საქართველოს ინტერესებს იცავენ.