"ვიზალიბერალიზაცია არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების. ეს არის დიდი კომფორტი ჩვენი მოსახლეობისთვის და მე იმედი მაქვს, რომ ვერ მოხერხდება მისი შეჩერება, რადგან ევროპაში გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი, ვინც იცავს ჩვენს სიმართლეს," - განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, რომც მოხდეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ეს არის მხოლოდ 9-თვიანი პროცედურა და ამ თვეების გასვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება საქართველოსთან მიმართებაში, რადგან ევროპის ქვეყნებში ხელისუფლებაში კონსერვატიული ძალები მოდიან, რომლებისთვისაც იგივე ღირებულებებია მთავარი, რაც აქვს საქართველოს.
"ისეც რომ მოხდეს, რომ ქართულმა რადიკალურმა ოპოზიციამ და მათმა უცხოელმა მფარველებმა მიზანს მიაღწიონ, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მაინც დროებითი, 9-თვიანი პროცედურაა, ამ შეჩერების გაგრძელება კი გაცილებით ძნელი იქნება, რადგან ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი ძალიან სწრაფად იცვლება და ბევრ ქვეყანაში კონსერვატიული ძალები იმარჯვებენ.
ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მცდელობებს ერთადერთი მიზანი აქვს - გამოიწვიონ მასობრივი სახალხო პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ. ქართული საზოგადოება მარტივი არჩევანის წინაშე დგას: სასწორის ერთ პინაზე დევს ვიზალიბერალიზაციის 9 თვით შეჩერების საფრთხე, ხოლო მეორეზე - ომში ჩართვის საფრთხე; ერთი მხრივ გვემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის ცხრათვიანი შეჩერებით და, მეორე მხრივ, არსებობს საფრთხე, რომ ჩვენთანაც იგივე მოხდეს, რაც მოხდა სირიაში, ლიბიასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში „არაბულ გაზაფხულად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალებების შედეგად. ამ თავიდან თითქოს „მშვიდობიან სამოქალაქო ამბოხებებს“ შედეგად მოჰყვა ასეულობით ათასი ადამიანის სიკვდილი, მილიონობით ადამიანის ლტოლვილად ქცევა, ამ ქვეყნების ეკონომიკების განადგურება და სახელმწიფოებრიობის რღვევა.
ევრობიუროკრატებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოს ომში ჩართვისკენ არავინ მოუწოდებდა და ეს თემა თითქოს ჩვენი გამოვიგონეთ. დავუშვათ, ჩვენ რაღაცას ვიგონებდით და ვაბრალებდით ჩვენს დასავლელ თუ უკრაინელ მეგობრებს, თითქოს მათ ჩვენი ომში ჩათრევა სურდათ, მაგრამ რას უპასუხებენ პოლონეთის აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს ანდჟეი დუდას, რომელმაც სულ რაღაც 3 კვირის წინ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იყო უამრავი მცდელობა და ძალიან დიდი ზეწოლა პოლონეთზე, რომ ისიც ჩართულიყო რუსეთ-უკრაინის ომში. ანუ, ქვეყანაზე, რომელიც ევროკავშირის და ნატოს წევრია, რომლის მშპ-მ ერთ ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია და 40 მილიონამდე მოსახლეობა ჰყავს, იყო ზეწოლა და ვინმეს უკვირს, რომ საქართველოზეც იყო მსგავსი ზეწოლა სხვადასხვა ძალების მხრიდან?
თანაც, პოლონეთი არც კი ესაზღვრება რუსეთს, საქართველოს კი ყველაზე დიდი საზღვარი სწორედ რუსეთთან აქვს. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და თან გეოგრაფიულად ორ სხვადასხვა ადგილას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ძალიან ადვილად გასაწირი ქვეყანა ვიყავით. როდესაც მსოფლიოში არსებული წესრიგი ფაქტობრივად მორღვეულია და მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება მიმდინარეობს, დიდი სახელმწიფოები ნაკლებად ფიქრობენ პატარა ქვეყნების ბედზე და ადვილად წირავენ მათ თავიანთი ინტერესებისთვის.
ჩვენ კარგად გვახსოვს ბაიდენის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის და თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებები, რომლებმაც კრიტიკის პასუხად - თუ რატომ უნდა იხარჯებოდეს აშშ-ს გადასახადის გადამხდელთა ფული უკრაინის დასახმარებლად, პირდაპირ განაცხადეს - ამ ფულს ისევ ამერიკის თავდაცვის მრეწველობაში ვხარჯავთ და ამერიკის ეკონომიკას ვაძლიერებთ, სამაგიეროდ, ამით ჩვენს მტერს, რუსეთს ვასუსტებთ და უკრაინელები კვდებიანო. ეს არის ცინიკური დამოკიდებულება ადამიანების სიცოცხლისა და იმ სახელმწიფოს ბედის მიმართ, რომელიც ამერიკის ერთგული მოკავშირეა.
სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულება დიდად არ შეცვლილა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც. მართალია, ერთი მხრივ პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს მშვიდობის დამყარებას, მაგრამ, მეორე მხრივ, რადგან ჯერჯერობით ეს არ გამოსდის, ის პირდაპირ ამბობს, რომ სანამ ომი გრძელდება, ამერიკამ ფული უნდა გააკეთოს: რადგან ომი არის ევროპის კონტინენტზე, შესაბამისად, მისი დაფინანსება თავის თავზე სწორედ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა აიღონ - ჩვენ იარაღს მივყიდით და უკრაინელებმა იომონო. როდესაც ადამიანების სიცოცხლისა და სახელმწიფოების მომავლის მიმართ არსებობს ასეთი ცინიკური დამოკიდებულება, რატომ უკვირს ვინმეს, რომ საქართველოზე იყო ზეწოლა, რომ ომში ჩავრთულიყავით? ეს საფრთხე არსებობდა და ავიცილეთ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ ომი გრძელდება, საფრთხე ბოლომდე აცილებული არ არის. ამიტომ, მთელი ერი უნდა ვიყოთ ფხიზლად, შევკავშირდეთ და არჩევნებზე ვაჩვენოთ საერთაშორისო საზოგადოებას, თუ როგორი მხარდაჭერა აქვს მშვიდობის პოლიტიკას საქართველოში," - განაცხადა სოზარ სუბარმა.