კაპიტოლიუმის შტურმის ერთ-ერთ მონაწილეს, 54 წლის რობერტ სკოტ პალმერს სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს.
შტურმის დღეს პალმერი ჯერ პოლიციელებს ფიცრებს, ცეცხლმაქრსა და სხვა ნივთებს ესროდა, შემდეგ კი კონგრესის შენობაში შეჭრა სცადა. პოლიციელებმა მას ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც ის კვლავ განაგრძობდა სხვადასხვა ნივთის სროლას, ვიდრე მას რეზინის ტყვია არ მოხვდა.
პროკურორების განცხადებით, 4 ოქტომბერს პალმერმა ბრალი აღიარა, თუმცა კვლავ ამტკიცებდა, რომ აგრესორები პოლიციელები იყვნენ.
დაცვის მხარე პალმერისთვის უფრო მსუბუქ სასჯელს ითხოვდა და აღნიშნავდა, რომ მას რთული ბავშვობა ჰქონდა. გარდა ამისა, პალმერმა წერილობითი ფორმით მოიხადა ბოდიში და განაცხადა, რომ ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოატყუა.
პალმერის განაჩენი კაპიტოლიუმის შტურმთან დაკავშირებული ყველაზე მკაცრი სასჯელია.
6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების გაკონტროლებას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც, კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა. აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი 650-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს.