რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-სა და ნატოს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მოთხოვნები წარუდგინა.
ოფიციალური მოსკოვი იურიდიულად სავალდებულო გარანტიას ითხოვს, რომ ნატოს სამხედრო ალიანსი უარს იტყვის ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე აღმოსავლეთ ევროპასა და უკრაინაში. მოსკოვში აცხადებენ, რომ ეს აუცილებელი მოთხოვნაა ევროპაში დაძაბულობის შემცირებისა და უკრაინასთან დაკავშირებული კრიზისის განმუხტვისთვის.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა და დასავლეთმა ურთიერთობების აღდგენა სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყონ.
„ის ხაზი, რომელსაც შეერთებული შტატები და ნატო ბოლო წლების განმავლობაში უსაფრთხოების სიტუაციის აგრესიულად ესკალაციის მიზნით ახორციელებენ, აბსოლუტურად მიუღებელია და უკიდურესად საშიშია. ვაშინგტონმა და ნატოს მოკავშირეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ მტრული ქმედებები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მათ შორის დაუგეგმავი წვრთნები, სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების საშიში მანევრები და შეაჩერონ უკრაინის ტერიტორიის სამხედრო ათვისება“, - აღნიშნა სერგეი რიაბკოვმა.
რიაბკოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთს აღარ სურს არსებულ ვითარებასთან შეგუება. მან შეერთებულ შტატებს მოუწოდა, სერიოზულად მოეკიდოს რუსეთის წინადადებებს და სწრაფად უზრუნველყოს კონსტრუქციული პასუხი.
კითხვაზე, როგორია აშშ-ის პასუხი რუსეთის მიერ გაჟღერებულ წინადადებებზე, სერგეი რიაბკოვმა უპასუხა:
რაც შეეხება უფრო ფართო სურათს, მათ არ უთქვამთ „არა“, თუმცა მათ ასევე არ უთქვამთ „დიახ“.
რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით დღეს გაჟღერებულ მოთხოვნებს, ოფიციალური მოსკოვი აშშ-სა და ნატოსგან ითხოვს:
გამოირიცხოს ნატოს შემდგომი გაფართოება და უკრაინის ალიანსში გაწევრიანება
არ განთავსდეს დამატებითი ჯარები და იარაღი იმ ქვეყნების გარეთ, სადაც ისინი 1997 წლის მაისის მდგომარეობით იმყოფებოდნენ
უარი ითქვას ნატოს სამხედრო აქტივობებზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში
არ განთავსდეს საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტები იქ, სადაც მათ შეუძლიათ მეორე მხარის ტერიტორიაზე დარტყმის განხორციელება
არ ჩატარდეს წვრთნები ერთზე მეტ სამხედრო ბრიგადასთან შეთანხმებულ სასაზღვრო ზონაში და რეგულარულად მოხდეს ინფორმაციის გაცვლა სამხედრო წვრთნების შესახებ
დადასტურდეს, რომ მხარეები ერთმანეთს არ მიიჩნევენ მოწინააღმდეგეებად და შეთანხმდნენ, რომ ყველა დავა მშვიდობიანი გზით გადაწყდება და თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან
ვალდებულება, რომ არ შეიქმნება ისეთი პირობები, რომელიც მეორე მხარის მიერ საფრთხედ შეიძლება აღიქმებოდეს
ცხელი ხაზების შექმნა საგანგებო კონტაქტებისთვის
11 დეკემბერს, რუსეთმა ნატოს მოუწოდა, გააუქმოს 2008 წლის ვალდებულება უკრაინისა და საქართველოს წინაშე, რომ ისინი ალიანსის წევრები გახდებიან და არ განათავსოს შეიარაღება რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში, რომელმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მის უსაფრთხოებას.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო რუსეთის მოთხოვნას არ შეასრულებს და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების დეზავუირებას არ აპირებს.
8 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 7 დეკემბერს ჯო ბაიდენთან გამართული სამიტის დროს მხარეები შეთანხმდნენ, სპეციალური სტრუქტურა შექმნან უსაფრთხოების საკითხების, მათ შორის უკრაინის ნატოში გაწევრიანების განსახილველად.