პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 16 დეკემბერს პოლიტიკური პარტიები საახალწლო წვეულებაზე მიიწვია. ნაწილი მივიდა, ნაწილი არა. პარტიებს შორის, რომელმაც მიწვევა არ მიიღო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაცაა“, რომლისთვისაც პრეზიდენტის წინადადება შერიგებასთან დაკავშირებით მისასალმებელი აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, ოპოზიციური პარტიის ქცევები მის განცხადებებს არ ემთხვევა. შესაბამისად, „ნაცმოძრაობა“ ერთგვარი ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას აგრძელებს.
პრეზიდენტმა დიალოგის დაწყებაზე აღნიშნა, რომ ეს ქართული პროცესი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობის გარეშე, თუმცა ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში დიალოგის დაწყების შესაძლებლობას რეალურად ვერ ხედავენ, ვინაიდან არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქართული ოცნება“ რაიმე სახის დათმობაზე წასვლას ამ ეპატზე არ ფიქრობს.
„ნაციონალური მოძრაობა“ შერიგებაზე თანახმაა, თუკი ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან გათავისუფლდება. ოპოზიციური პარტია კომპრომისს სწორედ ამას უწოდებს. ამის საპასუხოდ „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობამ“ ბოდიში უნდა მოიხადოს საზოგადოებისა და იმ ადამიანები წინაშე, რომელთაც სერიოზული ზიანი მიადგათ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ამის შემდეგ კი, მნიშვნელოვანია, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ველიდან გაქრეს და უმრავლესობის ლიდერების თქმით, სწორედ ამის შემდეგ მოხდება შერიგება, - მათთვის ერთგვარი კომპრომისი ასე გამოიყურება.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან აცხადებს, რომ მხარეთა შორის გარკვეული ბრძოლა მიდის, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ძალის შესუსტების ერთგვარი კონტურები იკვეთება. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნება“ დათმობაზე წავა, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან რა კომპრომისს უნდა ველოდოთ, გაუგებარია.
„როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ შეუპოვარ ბრძოლას აპირებს. შერიგებასა და პოლარიზაციის მოხსნაზე საუბრობენ და ერთ-ერთი მხარე საერთოდ არ მოდის საზეიმო შეხვედრაზე. ეს შეხვედრა ხომ არაფერს ავალდებულებდა რომელიმე მხარეს?! ასეთ შემთხვევაში, რა შერიგებაზე და პოლარიზაციის შემცირებაზეა საუბარი?! ეს ტერმინები საკმაოდ ბუნდოვანია. მაქსიმალური დათმობა ავიღოთ, „ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილი რაიმე მიზეზით გაათავისუფლოს, „ნაცმოძრაობის“ რომელიმე ლიდერი მადლობელი იქნება ამისთვის? ასევე, საპასუხო დათმობის რა რესურსი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას?“ - ყველაზე დიდი შევიდეს პარლამენტში.
მიზანი თითოეულმა მხარემ თვითონ დაისახა და, თუ ვერ მიაღწია, უკვე წაგებული იქნება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიზნად დაისახა სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები. ამის საშუალებად წარმოდგენილი აქვს საპროტესტო აქციები, რაზეც ხალხი უკვე აღარ მოდის. მას უნდა, რომ ხელისუფლება აიძულოს სააკაშვილი გამოუშვას. იძულების დროს ძალა წყვეტს ყველაფერს და რადგან ხალხი არ მოდის „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ე.ი. მას ძალა აკლდება. იძულების გზით მიზნის მისაღწევის შესაძლებლობა, ნელ-ნელა შანსს კარგავს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი მიიჩნევს, რომ შერიგებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივა გაუგებარია და ზურაბიშვილმა უნდა გაიგოს, რომ სააკაშვილის შეწყალების შედეგად, ქვეყანაში გარკვეული არეულობა დაიწყება. მისივე თქმით, ქვეყანა არანაირ პოლიტიკურ კრიზისში არ იმყოფება და „ქართული ოცნება“ დათმობაზე არ უნდა წავიდეს.
„გულწრფელად მინდა მჯეროდეს, რომ ქალბატონი ზურაბიშვილის ეს ინიციატივა კეთილი სურვილებით არის ნაკარნახევი, მაგრამ ვერაფრით ვიგებ, რას ემსახურება ეს ინიციატივა, კონკრეტულად რისი გამოსწორება უნდა მას და ამ შეხვედრების საბოლოო ფინალი რა შეიძლება იყოს? თუ სააკაშვილზეა საუბარი, სწორედ ის არის ამ ქვეყანაში მთავარი ამრევი, რომლის გამოშვებაც დესტაბილიზაციას და არეულობას გამოიწვევს ქვეყანაში. არაფერი ისეთი არ ხდება, არავითარ ხალხმრავალი აქციები არ არის და რჩება შთაბეჭდილება, რომ ქალობატონი პრეზიდენტი ცდილობს გამოვჩნდეთ რომის პაპზე მეტი კათოლიკეები, რისი საჭიროებაც არ არსებობს.
„ქართულმა ოცნებამ“ რატომ უნდა დათმოს? ორი არჩევნები ჩატარდა და ორივეში ღირსეულად გაიმარჯვა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რა უნდა დათმოს, რა უჭირავს ხელში? ან რისი დათმობა შეუძლია? ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას. პრეზიდენტმა უნდა გაიაზროს, რა შეიძლება მოყვეს მისი მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას. ეს ადამიანები უნდა დაელოდონ 2024 წელს და იქ იქნება არჩევნები, სადაც გამოჩნდება ღირსეული“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა For.ge-სთან.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნა, რომ პირველად მოისმინა ხელისუფლების წარმომადგენლისგან სიტუაციის ობიექტური და ძალიან ზუსტი დახასიათება. ექსპრეზიდენტი მიესალმება დიალოგის შეთავაზებას. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ერთი წუთით არ შეწყვეტს ბრძოლას, სანამ ის უმძიმესი სიტუაცია, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა აღწერა, თითოეული ქართველისთვის რეალურად და რადიკალურად არ შეიცვლება. მისივე თქმით, მიაჩნია, რომ ქვეყნის გათავისუფლების და წინსვლის მთავარი გასაღები თანმიმდევრულ და მშვიდობიან სახალხო პროტესტია.