არის თუ არა მზად ხელისუფლება და ოპოზიცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას მხარი აუბან და დიდ საყოველთაო შერიგებაში მონაწილეობა მიიღონ?
„მადლობა“, „არა“, „სხვა დროს შევხვდეთ“, - ასეთი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი პარტნიორი პარტიების პასუხი პრეზიდენტის საახალწლო მიწვევაზე. დიდი შერიგების ინიციატორს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ამჯერად ფორმატი დაუწუნა და პრეზიდენტის მიღებას პატარა დისკოთეკა უწოდა.
ხელისუფლების წარმომადგენლები პრეზიდენტის მიღებას დაესწრნენ, ისინი ზურაბიშვილს სურვილებს ეთანხმებიან და იზიარებენ, ოღონდ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას არ აპირებენ.
საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლო ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ შერიგების პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა, რადგან პირობების წაყენებას, როგორც წესი, მოლაპარაკება ჩიხში შეჰყავს.
„ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რამე ფორმის წინაპირობა. მე მესმის სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვა წინაპირობები და ეს ნიშნავს, რომ ეს წინაპირობები უეჭველად ახალ პოლარიზაციას და ახალ დაპირისპირებას წარმოშობს და ნიშნავს, რომ პროცესი შევა ჩიხში. არაფერი არის გამორიცხული, მაგრამ პროცესში მოსაგვარებელი, მოსალაპარაკებელი და გასაანალიზებელია“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი ამბობს, რომ ის 3 წელი, რაც მას ვადის ამოწურვამდე დარჩა, ვალდებულად თვლის, რომ ეს პროცესი დაიწყოს. ამ პროცესზე პასუხისმგებელი იყოს და შემდეგ პოლიტიკიდან წავიდეს.
„ეს პროცესი უნდა ეყრდნობოდეს მთავარ პრინციპს, ერთი არის ინკლუზიურობა. დღეს ყველა არის პოლარიზებული - ყველა დარგი, სექტორი, საზოგადოება. ეს ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა უნდა ვიყოთ ჩართული. ეს პროცესი უნდა იყოს სრულიად გამჭირვალე, დაიწყება კონსულტაციები, იწყება მოსმენით, ერთმანეთის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით და სიმართლის გაგებით, შემდეგ შეიძლება შედგეს შერიგება, რომელსაც მირჩევნია ვუწოდო, ეროვნული თანხმობის პროცესი.
ეს არის ყველაზე ნაღდი გზა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის რეალიზებისა. ოკუპაცია, რომელზეც, პრაქტიკულად, აღარ ვსაუბრობთ, არ არსებობს რეალური სამოქმედო გეგმა და ვერც იქნება, რადგან ქვეყანა, რომელიც არ არის გაერთიანებული შიგნით, ვერ ისაუბრებს თავის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გაერთიანებაზე, ეს არის ანა-ბანა. რაღაცებზე უნდა შევძლოთ თუ არა შეთანხმება, ერთად საუბარი მაინც იმისთვის, რომ სხვისი არგუმენტი მოვისმინოთ და შეიძლება ისიც მივიღოთ ან არ მივიღოთ, ეს ერთობლივი და ეროვნული საუბარი, რომელიც არის ჩემი ინიციატივის საწყისი, ასევე უნდა იყოს ამ პროცესის ბოლოც“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, პრეზიდენტის სასახლეში გამართული მიღება, სადაც ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებოდნენ, არ ტოვებდა იმის შთაბეჭდილებას, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისი შესაძლოა, რამით განიმუხტოს. შარაშენიძე for.ge-სთან ამბობს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ნამდვილად საინტერესო იყო, მაგრამ ეს მხოლოდ საშობაო ზღაპრად არ უნდა დარჩეს. რისი დიდი ალბათობაც არსებობს.
„ვხედავთ, რომ მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა ამ პროცესისგან გამოთიშულია. პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული აქცენტები ნამდვილად სწორი და კარგი იყო, მაგრამ ამ ყველაფერს ხომ რეალიზება სჭირდება. ორივე მხარე, „ნაციონალებიც“ და „ოცნებაც“ რაიმე კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ.
თუ სასახლეში მყოფი ადამიანები რაიმე ჭკვიანურ გეგმას დადებენ, კი ბატონო, შეიძლება რაღაცაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ, როდესაც მთავარი ოპოზიციური ძალა არ მონაწილეობს პროცესში და ამას ემატება მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა, ასე მარტივად ყველაფერი ვერ იქნება. ამასთან, ცხადია, სააკაშვილსაც ასე მარტივად „ოცნება“ ციხიდან არ გამოუშვებს. რაში უნდა გადადგას ეს ნაბიჯი, როცა ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება?! ვგულისხმობ ქუჩის გამოსვლებს, თუნდაც სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით“, - განაცხადა შარაშენიძემ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რაიმე დათმობაზე საუბარი რთულია. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ახლა ეს პარტია ყველაზე მძიმე სიტუაციაში იმყოფება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რასაც ამბობს, იმის საწინააღმდეგოდ იქცევა. ამბობდა, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, მაგრამ შესვლა მოუწიათ. მერე აქციებით იმუქრებოდნენ და ესეც არ გამოუვიდათ. ამიტომ ახლა კიდევ უკან რომ დაიხიონ, პარტია ამომრჩეველს დაკარგავს.
„უკვე დათმობა მოუწევთ ძალიან ცუდად და ერთ წელიწადში მერამდენედ უნდა მოითმინონ? შარშან ამბობდნენ, რომ არ შევალთ პარლამენტშიო, ამის მერე ვნახეთ, რომ შევიდნენ პარლამენტში და უკან რამდენჯერ უნდა დაიხიონ? ეს ხომ საბოლოო ჯამში მათ ასუსტებთ. „ოცნებაც“ არ დათმობს, ესეც მის რეიტინგზე ცუდად იმოქმედებს. ამომრჩეველი გაუწყრება. ამიტომ ზურაბიშვილი რასაც ლაპარაკობს, ამას იდეაში რეალიზების შანსი რამდენად აქვს, ამაზეა საუბარი.
„ნაციონალური მოძრაობა“ გამოსავლის პოვნას ცდილობს, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობა იქაც არის. 21 დეკემბერს დიდი მიტინგი დააანონსეს, იქ რომ ბევრი ხალხი არ გამოვა, კარგად მისახვედრია. ეს კი პარტიას უარეს დღეში აგდებს. დრო მათ წინააღმდეგ მუშაობს და ამას კარგად ხვდებიან. თუ „ქართულმა ოცნებამ“ რამე სისულელე არ ჩაიდინა, ეს თამაში „ნაციონალებს“ წაგებული აქვთ“, - აცხადებს შარაშენიძე.
პოლიტიკური საკითხების ანალიტიკოსი ვანო მაჭავარიანი კი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან განცხადება განცხადებისთვის გაკეთდა. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ რაიმე ოპტიმიზმის საფუძველი არ არსებობს. ამის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ შეხვედრები უკვე უნდა მიმდინარეობდეს და პრეზიდენტს ამისთვის მოქმედება დიდი ხნის დაწყებული უნდა ჰქონდეს.
„იმისათვის, რომ პრეზიდენტის ინიციატივას შედეგი ჰქონდეს, კულუარებს მიღმა მას პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან ეს პროცესი უკვე დაწყებული უნდა ჰქონოდა და მისი წარმომადგენლები პოლიტიკოსებს უკვე უნდა ხვდებოდნენ. მან კი თქვა, რომ წინასწარ გეგმის შემუშავება საჭირო არაა, მაგრამ რას და როგორ აპირებს, ამის მონახაზი უნდა არსებობდეს. რაღაცა ფორმულირებები უნდა ყოფილიყო. ასევე, უნდა გვქონოდა მხარეების მზაობა - იქნება ეს ოპოზიცია, „ქართული ოცნება“ თუ პროცესში ჩართული სხვა მხარეები. ჩვენ კი რას ვიმსნეთ? ენმ შეხვედრაზე არ მივიდა. ასევე პოზიციის ცვლილებას ხელისუფლება არ აპირებს.
ქალბატონმა პრეზიდენტმა, რომელმაც დიპლომატიაში კარიერა გაიკეთა, ძალიან კარგად იცის, რომ ნებისმიერ შეთანხმებაზე, საერთაშორისო თუ შიდა პოლიტიკურზე, ყოველთვის არის წინასწარ სამუშაო შეხვედრები, საფუძვლის მომზადება და ამის შემდეგ ხდება დეკლარირება. მხოლოდ ამის შემდეგ არის საჭირო განცხადება, რათა ქართველმა ამომრჩეველმა პოლიტიკური ინსტიტუტების და პოლიტიკოსების მხრიდან კიდევ ერთი იმედგაცრუება არ მიიღოს“, - ამბობს მაჭავარიანი.
მისივე თქმით, თუ აქამდე არ არის ჩატარებული წინასწარი სამუშაო კულუარული და არაფორმალური სამუშაოები, თუ არ უმუშავიათ მხარეების მზაობაზე, ფორმულირებაზე, კონკრეტულ მოდულებზე გასვლაზე, წარმომადგენლების შეთანხმებაზე, ეს უფრო საშობაო და საახალწლო სურვილებს ჰგავს, რომელსაც არასერიოზული სახე აქვს. თუ ეს მომზადებული არ არის, პრეზიდენტის აღნიშნული განცხადებები იმედგაცრუების გარდა არაფერს გამოიწვევს.