„ყვარყვარე ამბობდა, ყველა პარტია მე მეკუთვნისო, სააკაშვილი კი სუპერყვარყვარეა, რადგან პარტიები ეკუთვნის უკრაინაშიც და საქართველოშიც“

„ყვარყვარე ამბობდა, ყველა პარტია მე მეკუთვნისო, სააკაშვილი კი სუპერყვარყვარეა, რადგან პარტიები ეკუთვნის უკრაინაშიც და საქართველოშიც“

ამბობენ, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილს თავი მოაბეზრა და ზუსტად ამისთვის ჩამოვიდა მიშა საქართველოში, რომ მელია მოაშოროს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობასო. ცალკეული ადამიანები ამტკიცებენ, რომ მელიას ამოშლა პოლიტიკური სპექტრიდან სააკაშვილის ნომერ პირველი ამოცანა იყო.

სხვათა შორის, მელიათი უკმაყოფილოა მიშას მიმდევართა მთელი წყება, მათ შორის, ამერიკიდან სახელდახელოდ მიშასთვის ჩამოსული და რევოლუციის მოლოდინის მქონე დოდონა კიზირია, რომელიც ამერიკაში უკმაყოფილოდ გაბრუნდა და მაშინვე ინანა, რომ მან, „იდიოტმა ფრენა გადადო, გავარდა აქციაზე და მოისმინა ნიკა მელიას 40-წუთიანი ყროყინი“.

მელიათი აღფრთოვანებული არ არის არც თაკო ჩარკვიანი და, მიშას სიტყვებით რომ ვთქვათ, მეტ „დრაივს“ მოითხოვს მისგან. თაკო ჩარკვიანის შეფასებით, მელიამ „გამოცდა ვერ ჩააბარა“, როცა ჩარკვიანის მიტინგზე მისვლა არ ინება.

ვინ იქნება მელიას შემცვლელი, ამაზე ბევრი მოსაზრება მოვისმინეთ, მათ შორის, სააკაშვილის ვაჟის - ედუარდ სააკაშვილის შესახებაც, ერთ-ერთ ვერსიად ისევ განიხილება ლევან ვარშალომიძე, რომელმაც სულ ახლახანს სააკაშვილი ციხეში მოინახულა და მოვლენათა სუფთა „ნაციონალური“ შეფასება დაგვიტოვა აჭარაში წასვლამდე: „ქვეყნის რეალური შემქმნელი ციხეში გვყავს, რაც დამღუპველია... გამოსავალი ხალხია“.

„ბელადთან გორის ჰოსპიტალში იმყოფება ლევან ვარშალომიძე და მისი ლიდერად „კურთხევა“ ხდება, ეს რა გიყვეს, ნიკანორ? დაგტოვეს „ზაბარტომ“? - ასეთნაირად გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ვარშალომიძის სტუმრობას სააკაშვილთან.

ხდება თუ არა მელიას ჩანაცვლება ვარშალომიძით?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება „ნაცმოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარე - მელია, ვარშალომიძე თუ ვინმე სხვა, რადგან ყველამ იცის, რომ ეს პარტია სააკაშვილის გარშემო არსებობს. ამ დროს კი ეს უცნაურია, ვინაიდან სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეც არ არის. პარადოქსია კიდევ ის, რომ სააკაშვილს უკრაინაში კიდევ თავისი პარტია აქვს. ანუ გამოდის, უკრაინაშიც პარტია აქვს, საქართველოშიც. მართალია, უკრაინული პარტია სუსტია, არავითარი სერიოზული გავლენა არ აქვს, მაგრამ ერთდროულად კაცი უკრაინის და საქართველოს პარტიების ხელმძღვანელი იყოს, ეს თავისთავად კურიოზული მოვლენაა.

„ყვარყვარე ხომ გვახსოვს, ყველა პარტია მე მეკუთვნისო, სააკაშვილი კი სუპერყვარყვარეა, პარტიები ეკუთვნის უკრაინაშიც და საქართველოშიც, თანაც არაერთი პარტია. გასაგებია, ნიკანორ მელიას სხვა ამოცანები აქვს, სააკაშვილს-სხვა ამოცანები, სააკაშვილის პრიორიტეტი ციხიდან გამოსვლა და გათავისუფლების გზით ხელისუფლებაში დაბრუნებაა. თუ მიაღწია მიზანს და ციხიდან გამოუშვეს, იმ დღესვე ჩამოიშლება „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. მაშინ ხელისუფლებაც შეცვლილა და ეს არის, რაც აბსოლუტურად უპერსპექტივოა. უფრო მეტიც, თუკი სააკაშვილი გამოვა ციხიდან, მელიას ადგილიც აღარ იქნება, არავის ადგილი აღარ იქნება, მარტო სააკაშვილი იქნება ყველგან. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილის გარდა ყველა პოლიტიკური სუბიექტი, პარტია იქნება, თუ პიროვნება, განულდება. დიდი შანსია, მელია ციხეში შეაგდოს, სათითაოდ ყველას დაერევა, მათ შორის, მელიასაც. „ნაცმოძრაობას“ თავი დავანებოთ, სააკაშვილს აქვს პრეტენზია, რომ „ლელოც“ მისი პარტიაა, ასევე, „აღმაშენებელი-დაღმაშენებელი“, „გირჩი“, ოღონდ ცუდი „გირჩი“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ინტერესდება, ან ნიკა მელია რა ლიდერი იყო, ან ლევან ვარშალომიძე რა ლიდერი უნდა იყოს?!

„მანდ ნებისმიერი ადამიანი - მელია, მგელია, ვარშალომიძე შეიძლება ერთმანეთს ჩაენაცვლოს და არაფერი განსაკუთრებული არ მოხდეს ამ ჩანაცვლებით. ლიდერი არ არის თანამდებობა, რომ ვიღაცამ დაგნიშნოს ამ თანამდებობაზე, გინდა ეს იყოს სააკაშვილი, გინდა მეჯღანუაშვილი. ლიდერად ვერავინ ვერ დაგნიშნავს, ლიდერად ადამიანი იბადება და ეს ადამიანის შინაგანი ნიჭი და მონაცემებია. არც ერთს არ აქვს მაგის ნიშანწყალი, არც მეორეს, არც მელიას, არც ვარშალომიძეს, გვარებით და სახელებით ლიდერების ჩანაცვლება კი არ ხდება. ეს უკვე წაგებული თამაშის პირდაპირი დემონსტრირებაა“, -აღნიშნა ნანა კაკაბაძემ for.ge-სთან საუბრისას.