უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მზარდი სამხედრო საფრთხეების ფონზე, ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ მოსკოვის ნებისმიერ აგრესიას მაღალი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასის გადახდა უნდა მოჰყვეს. ევროპარლამენტმა რუსეთთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 548 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 69 - წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 54-მა ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.
ევროპარლამენტი გმობს უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო აქტიურობას და რუსეთის მთავრობისგან თავისი ძალების სასწრაფოდ გაყვანასა და მეზობელი ქვეყნის მიმართ მუქარის შეწყვეტას მოითხოვს.
ევროპარლამენტარების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო აქტიურობა საფრთხეს წარმოადგენს ევროპაში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, ის ასევე ინსტრუმენტია უკრაინის ხარჯზე დასავლეთისგან პოლიტიკური დათმობების მოსაპოვებლად.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი ქვეყნის არჩევანი მესამე ქვეყნის თანხმობის საგანი არ უნდა გახდეს და ამიტომ ევროპარლამენტი უარს ამბობს რუსეთის მცდელობაზე ზოგიერთი ქვეყანა თავისი გავლენის სფეროში ჩართოს.
„ევროკავშირი მზად უნდა იყოს, რუსეთს მკაცრი გაფრთხილება გაუგზავნოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ქმედება არა მხოლოდ მიუღებელი იქნება, არამედ მაღალი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასის გადახდა მოჰყვება. ევროკავშირის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ, სწრაფად შეათანხმონ მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ, რათა უშუალო საფრთხეები დაუყოვნებლივ აღმოფხვრან“, - ნათქვამია რეზოლუციაში.
ევროპარლამენტში აღნიშნავენ, რომ სანქციები ასევე უნდა მოიცავდეს ფინანსური და ფიზიკური აქტივების გაყინვას ევროკავშირში, მოგზაურობის აკრძალვებსა და რუსეთის SWIFT-ის გადახდის სისტემიდან გარიცხვას.