ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების არსებითი, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი გაძლიერებით და უარვყოფთ რუსეთის ცრუ განცხადებებს უკრაინისა და ნატოს პროვოკაციების შესახებ, - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„რუსეთს მოვუწოდებთ, დაუყონებლივ განმუხტოს ვითარება, დიპლომატიური არხები გამოიყენოს და სამხედრო საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ნატო სერიოზულად აფასებს არსებული სიტუაციის შედეგებს ალიანსის უსაფრთხოებისთვის და ყველა საჭირო ზომას მიიღებს ნატოს ყველა მოკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად.
„უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ აგრესიას უზარმაზარი შედეგები და მაღალი ფასის გადახდა მოჰყვება“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ნატო მხარს უჭერს ყველა ქვეყნის უფლებას, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე.
„ნატოს ურთიერთობა უკრაინასთან მხოლოდ უკრაინისა და ნატოს 30 მოკავშირის საქმეა. ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ მოკავშირეთა უსაფრთხოების გაყოფის ნებისმიერ მცდელობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.