საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია თბილისშია. სამშობლოში დაბრუნებული თემურ ალასანია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა ყოფილი მთავარსარდლის ბიძამ გამოკითხვაზე მისვლაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, იგი მაგისტრი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოიკითხება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 2018 წელს დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გრძელდება“,- აცხადებენ შსს-ში.
ბიძის სამშობლოში დაბრუნებასა და შსს-ში გამოკითხვაზე დაბარებას, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა“
„გავიგე ბიძაჩემი თემურ ალასანია, რომელიც საახალწლოდ ჩამოვიდა საქართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს. ჩემი რჩევა ივანიშვილს - თუ ბაძავ ვარლამ არავიძეს, ბარემ ბოლომდე მიბაძე და დააპატიმრე სასწრაფოდ ყველა ალასანია, ყველა სააკაშვილი, მიაყოლე ავთო წერეთელიც და მისი ადვოკატიც კახა წერეთელიც - ჩემი ნათესავებია. ყველა საქართველოში მყოფი ჰოლანდიელი, ნუ ერთი ამერიკელიც (ბიძაჩემი ხომ ამერიკის მოქალაქეა), რათა ახალი წლის სუფრაზე განსაკუთრებულად დაცულად და ბედნიერად იგრძნო თავი შენს ხიხოსტანში“, - დაწერა სააკაშვილმა.
რა მიზანს ემსახურება ექს-პრეზიდენტის ბიძის სამშობლოში დაბრუნება და ჩაერთვება თუ არა პოლიტიკურ პროცესებში, ამ კითხვებით ანალიტიკოსებს მივმართეთ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილს ციხის კედლებიდან პარტიის მართვა აღარ შეუძლია, შესაბამისად, ბოლო მაშველი რგოლი თემურ ალასანიას სახით გამოიძახა.
„რუსეთის სპეცსამსახურების გამოცდილი ოფიცერი თემურ ალასანია, რომელიც სააკაშვილის მენტორია, ქართულ პოლიტიკაში ყოველთვის ერეოდა, განსაკუთებით კი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ყველა იმ დანაშაულის ერთ-ერთი თანაავტორი, რაც სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა, თემურ ალასანიაა. მას ქართველი ერი ეზიზღება. ეს ავთენტიკური ჩანაწერებითაც დადასტურდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ყოფნის დროს გამოქვეყნდა. ფაქტია, ალასანიასნაირი ადამიანები საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა დადიოდნენ და მორიგ დესტრუქციას არ უნდა გეგმავდნენ, რასაც „ნაცმოძრაობა“ წინასაახალწლოდ უშედეგოდ აპირებს.
თემურ ალასანიას ჩამოსვლა ასევე უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე აშკარად შიდა დაპირისპირებას, რასაც ემატება ისიც, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა შერყეულია და მას ციხის კედლებიდან პარტიის მართვა აღარ შეუძლია. შესაბამისად, ბოლო მაშველი რგოლი გამოიძახა, თემურ ალასანიას სახით. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის პირით ე.წ. შერიგებაზე საუბრობდა, რამდენიმე დღეში გაცამტვერდა, როდესაც თავად სააკაშვილმა დაიწყო საუბარი ივანიშვილის ე.წ. დანაშაულებრივ, ბანდიტურ ხელისუფლების ჩამოგდებაზე. ფაქტია, რომ ამ ყველაფერს სტიმული თემურ ალასანიამ მისცა. ასევე, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ვერაფერს მიაღწევს მორიგი საპროტესტო აქციით, ესაც უდავოა. სხვა საკითხია პოლიტიკური შერიგება, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივაა. ვფირობ, შესაძლოა, პოლიტიკური შეთანხმება შედგეს, ოღონდ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, რომელიც კვლავაც უტიფარია და საკუთარ დანაშაულებებს არ აღიარებს. ვიდრე, „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები სამართალთან და საზოგადოების წინაშე ვალს არ მოიხდიან, იქამდე მათი პოლიტიკაში ყოფნა იქნება მარგინალური“, - განუცხადა ანალიტიკოსმა for.ge-ს.
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე თვლის, რომ თემურ ალასანია სპეციალური მიზნებისთვის არის ჩამოსული, რომელიც მისი დისშვილის ციხიდან გათავისუფლებას ემსახურება.
„ასეთი რანგის ხალხი, როგორიც არის „სუკის“ გენერალი თემურ ალასანია, შემთხვევით აქეთ-იქით არ დადის. მით უმეტეს ისეთი გართულების ფონზე, რომელიც დღეს მის დისშვილს სჭირს. ამიტომ, ის რაღაცა მიზნებისთვის არის ჩამოსული. თუმცა, სააკაშვილის ციხიდან გამოსვლა ადვილი საქმე არაა, რადგან მის მიერ სასჯელის მოხდას ქართველი ერი მოითხოვს. ამიტომ, საზოგადოების ნების საწინააღმდეგოდ არ მგონია ვინმე წავიდეს“, - გვითხრა ანალიტიკოსმა.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე გამორიცავს, რომ თემურ ალასანია საქართველოში პოლიტიკური მიზნებისთვის იყოს ჩამოსული.
„თემურ ალასანია, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოვიდეს, ამიტომ გარკვეულ პროცესებში ჩაერთვება. მას პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილება აქვს. თუმცა, ამ შემთხვევაში, უბრალოდ, ის იქნება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი“, - განუცხადა ჩიტაძემ for.ge-ს.