„თემურ ალასანიამ ჩამოიტანა ის, რაც დღეს სააკაშვილს სჭირდება“ - რატომ არ მიიღო „ნაცმოძრაობამ“ პრეზიდენტის მიწვევა და რა გეგმა აქვს პარტიას

„თემურ ალასანიამ ჩამოიტანა ის, რაც დღეს სააკაშვილს სჭირდება“ - რატომ არ მიიღო „ნაცმოძრაობამ“ პრეზიდენტის მიწვევა და რა გეგმა აქვს პარტიას

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდი შერიგების დააანონსების შემდეგ პირველი, კონკრეტული ნაბიჯი გადადგა, მან ორბელიანის სასახლეში საახალწლო წვეულებაზე პოლიტიკური პარტიების ლიდერები მიიწვია. სალომე ზურაბიშვილის მიწვევასა და პრეზიდენტის სასახლეში მისვლის საკითხმა, ოპოზიციურ პარტიებში აზრთა სხვადასხაობა გააჩინა, იმის მიუხედავად, რომ წინა დღით, ამ პარტიების ლიდერების შეხვედრა შედგა, სადაც თქვეს, რომ მათ ერთობას ვერავინ შეარყევს და მიზნის მისაღწევად კონკრეტული გეგმაც დასახეს.

ოპოზიციური სპექტრიდან ნაწილი დათანხმდა პრეზიდენტის მიწვევას, ნაწილმა კი აქაც ერთგვარი ბოიკოტი გამოაცხადა, მათ შორის არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,“ რომელმაც თქვა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

„მადლობა მათ მოპატიჟებისთვის, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებთ. მივიღებთ მას შემდეგ, როცა შეხვედრა გაიმართება იმ საკითხთან დაკავშირებთ, რაზეც ქალბატონმა ზურაბიშვილმა ისაუბრა რამდენიმე დღის წინ“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის თქმით, იმისათვის, რომ მხარეებს შორის შერიგება მოხდეს, მნიშვნელოვანია გარკვეული ნაბიჯები ორივე მხრიდან გადაიდგას.

მისივე განცხადებით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამტკიცა, რომ ერთგვარი შერიგება მათთვის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე გადის.

„პოლიტიკურ ჭრილში შეიძლება ბევრი არაფერი შეცვლილიყო, მაგრამ, როდესაც საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში დატრიალდა საუბარი შერიგებაზე, ამას უნდა მოყოლოდა ერთმანეთისკენ გადადგმული ნაბიჯები, თუნდაც ვერბალურ დონეზე. მაგალითად, იგივე მიღებაზე მისვლა და ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევა. შერიგება არ ხდება სპონტანურად, ის იწყება ერთმანეთისკენ გადადგმული ნაბიჯებით, რომ მხარეებს შორის დამწვარი ხიდები ნელ-ნელა აღდგეს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და კიდევ რამდენიმე პარტიამ, რომლებმაც განაცხადეს, რომ პრინციპულად არ წავალთ პრეზიდენტთან მიღებაზე და დაველოდებით იმას, როდის შემოგვთავაზებენ უფრო კონკრეტულ გეგმასო, ფაქტობრივად, კედელი ააშენეს და დაადასტურეს მოარული ხმები, რომ მათთვის შერიგება მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე გადის. „ნაცმოძრაობის“ ნაბიჯი არ მგონია, რომ საზოგადოებაში პოზიტიურად იყოს აღქმული. რაც მთავარია, ხელისუფლებას მისცემს საბაბს თქვას - ხომ ხედავთ, ისინი არ არიან განწყობილი შერიგებისკენო, რაც უკვე პირველი განცხადებებით გამოჩნდა.

შერიგების რესურსი არსებობს მაშინ, როდესაც არსებობს შერიგების სუბიექტების მხრიდან ოდნავ მაინც მზაობა იმისათვის, რომ რეალურად შედგეს შერიგება. შეიძლება მხარეებმა ილაპარაკონ შერიგებაზე, დათქვან გარკვეული წინაპირობები, ეს პროცესი გაგრძელდეს და შემდეგ საბოლოოდ აღმოაჩინონ, რომ არაფერი შესარიგებელი არ აქვთ და ყველა თავის პოზიციაზე დარჩეს“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარაძემ For.ge-სთან.

უნდა აღინიშნოს, რომ 15 დეკემბერს თბილისში, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია ჩამოფრინდა. თუ რისთვის იმყოფება ის საქართველოში, უცნობია, თუმცა, ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში ამბობენ, რომ იმას, რაც ვერ გააკეთა ნიკა მელიამ, თემურ ალასანია მიიყვანს ბოლომდე.

ამასთან, უნდა ითქვას ისიც, რომ 21 დეკემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით, დედაქალაქში მასშტაბურ აქციას გამართავს. ნაწილი სწორედ ამას უკავშირებს თემურ ალასანიას საქართველოში ჩამოსვლას და აცხადებს, რომ შესაძლოა, რაიმე დიდი და სერიოზული მზადდებოდეს ოპოზიციური პარტიის მხრიდან.

ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ თემურ ალასანიას მსგავსი ფიგურა შემთხვევით არ ჩამოსულა და შესაძლოა, „ჩამოიტანა ის, რაც დღეს სააკაშვილს სჭირდება.“

„რთულია კონკრეტულ გეგმაზე საუბარი. მათი ერთ-ერთი გეგმა ზედაპირზე ჩანს - პერმანენტული აქციებით იქამდე არყიონ ხელისუფლება, ვიდრე ეყოფათ რესურსები ამ აქციების გამართვისთვის, სანამ ხელისუფლებაში არ დაიწყება შინაგანი დუღილის და რღვევის პროცესი, - ამაზე აქვთ გათვლა.

რაც შეეხება ალასანიას ჩამოსვლას, არ ვიცი, რა შეიძლება მისმა ჩამოსვლამ მოიტანოს, მაგრამ გვესმის, რომ ალასანიასნაირი ფიგურა, მისი ბიოგრაფიიდან და ბეგრაუნდიდან გამომდინარე, შემთხვევით არ ჩამოვიდოდა. როგორც ჩანს, ჩამოიტანა ის, რაც დღეს სააკაშვილს სჭირდება“, - განაცხადა For.ge-სთან ზაალ ანჯაფარიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და დესტრუქციაზეა ორიენტირებული, ხოლო შერიგებაზე მათი განცხადებები არის ფარისევლობა.

„ჩვენ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია, რომ ისინი არ მივლენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ფარისევლობას მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“. ისინი პრეზიდენტს მიმართავენ სხვადასხვა საკითხზე და ახლა იმით, რომ მონაწილეობას არ იღებენ, აჩვენებენ უპატივცემულობას პრეზიდენტის, როგორც ინსტიტუტის მიმართ და აჩვენებენ საკუთარ დამოკიდებულებას სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების და საერთოდ პოლიტიკური კლიმატის მიმართ. ეს ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციაზე ორიენტირებული ძალა. ჩემი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ კონფლიქტშია საბაზისო პრინციპებთან - დემოკრატიასთან და კანონის უზენაესობასთან იმით, რომ არ აღიარებენ არჩევნებს და სასამართლო გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება შერიგებას, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შეურიგდეს ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.