კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შსს-ში გამოკითხვაზე დაბარებული იქნა თემურ ალასანია. „კაკებეს“ გენერალმა საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა, შესაბამისად, იგი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოიკითხება. შსს-ს გადაწყვეტილებამ აღაშფოთა პატიმარი მიხეილ სააკაშვილი და ძალოვან სტრუქტურას მოუწოდებს დააპატიმრონ ყველა ალასანია, ყველა სააკაშვილი, მიაყოლონ ავთო წერეთელი და მისი ადვოკატი კახა წერეთელი, რომელიც მსჯავრდებულის განცხადებით, მისი ნათესავები არიან.
პატიმარი სააკაშვილის გარემოცვა ამტკიცებს, რომ მსჯავრდებული იმდენად მძიმედ არის, რომ საკვების 80% არ ღებულობს, უჭირს გადაადგილება და კარგავს ორიენტაციას. ამიტომ თვლიან, რომ ის უნდა განთავისუფლდეს პატიმრობიდან. „ნაციონალური მოძრაობა“ უშალოდ სააკაშვილისთვის ითხოვს ამნისტიას და ამ ჩამონათვალში არ ფიგურირებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივი რეჟიმის შემქმნელები - ძმები ახალაიები, ძმები ქარდავები, რომა შამათავა, კოხტა კოდუა და ა.შ. სია საკამაოდ დიდია. აღსანიშნავია ისიც, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მათ ზურგი აქციეს და ამით შეეცადნენ დისტანცირებას მათგან.
იგივე გზა აირჩია სააკაშვილმაც, რომელიც გვარწმუნებდა, რომ კუდ-ის უფროსთან, დათა ახალაიასთან არა მხოლოდ არ ჰქონია კომუნიკაცია, არამედ 2-3-ჯერ შეიძლება ჰყავდეს ნანახი. ექს-პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ის მეგის ქარდავას პირადად არ იცნობს, არამედ მხოლოდ ტელევიზიით იცის ვინ არის. ამბობს, რომ საერთოდ არ იცის ვინ არის კოხტა კოდუა და ალექსანდრე მუხაძე, ეს მაშინ, როდესაც ყველა მათგანი ღირსების ორდენით ორჯერ დააჯილდოვა.
სააკაშვილს არ ახსოვს ვინ არის სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი წევრი, მოძრაობა „კოკოითი ფანდარასტის“ ყოფილი ხელმძღვანელი ვლადიმერ სანაკოევი, ეს მაშინ, როდესაც სააკაშვილის ბრძანებით შეიქმნმა სპეციალური კლიპი - „კოკოითი ფანდარასტ“. ექს-პრეზიდენტი უარყოფს მისი ხელისუფლების ოდიოზურ ფიგურებთან კავშირს და იგივეს წარმატებით აგრძელებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
ცხადია, სააკაშვილი ამ ყველაფერს აკეთებს გარკვეული პოლიტიკური მოტივით. არჩეული აქვს პოლიტ-ტექნოლოგიური მეთოდი, რასაც სთავაზობს საზოგადოებას. იცნობდა, არ იცნობდა, ამას უკვე აღარავინ აქცევს ყურადღებას, რადგან პატიმარი მისი პატიმრობიდან დახსნის გეგმაზე აკეთებს აქცენტს, ამაზე საუბრობს მისი პარტია და ასევე მის მიერ მართული 4 ტელევიზია. რასაკვირველია, ამ გეგმაში არ მოიაზრებიან მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნები.
ანალიტიკოსების შეფასებით, სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის ავტორიტარული რეჟიმის ტექნოლოგია - ის, რაც ხდება, არ არის მთავარი, მთავრია - „მე რა მინდა“. მათივე შეფასებით, მსჯავრდებულს ყოველდღე შეუძლია ახალი თემის წამოწევა, აღძრავს ვნებათაღელვას და მუდმივი ვნებათაღელვის რეჟიმში ფიქრობს, რომ რაღაცას მიაღწევს. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ახლა, მთავარია, ამის დეკოდირება მოხდეს, გამოჩნდეს რას აკეთებს, როგორი ტექნოლოგიით მუშაობს და როდესაც ეს იქნება გაშიშვლებული, ის იქნება განიარაღებული.
ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ცოცხალი ღვთაება არის სააკაშვილი, ხოლო დანარჩენები არ განიხილებიან ფიგურებად. მისი თქმით, ტაქტიკით - არ შეიმჩნიონ ახალაია, ქარდავა და სხვები, აღიარონ მხოლოდ სააკაშვილი, ვერ ჩამოირეცხავენ იმას, რომ არიან ძალადობრივი რეჟმის შემქმნელები, ეს მათი ორგანული ნაწილი იყო.
„ერთი მხრივ გვყავდა მმართველი სრულიად არადექვატური ადამიანი, რასაც თვითონ აღიარებენ. დედიან-ბუდიანად შეპყრობილი არიან ათასგვარი კომპლექსებით, რაც მათ ხელს არ უშლის იყვნენ მავნებლები, ქვეყნის დამაქცევრები და სადისტები. სააკაშვილი სხვა განზომილებაა მათთვის. სიმბოლოა, ის არის „ფარნავაზი“, „ვახტანგი“, „დავითი“, „დემეტრე“, „გიორგი ბრწყინვალე“, „ილია“, ის არის საქართველოს „დამფუძნებელი“ და თქვენ კიდევ მეკითხებით ვიღაცა ჯარისკაცებზე, როდესაც აქ ჩვენ საუბარი გვაქვს საქართველოს ისტორიის და სახელმწიფოს „დამფუძნებელზე“! ბუნებრივია, მის მიმართ უფრო დიდი ყურადღებაა, ვიდრე სხვა „ბრწყინვალე“ მოღვაწეებზე, როგორიც არიან ბატონი ახალაიები, მეგისი ქარდავა და მისი ძმა, ბატონო მერაბიშვილი და თვით მეგი გოცირიძეც კი, მიუხედავად მათი შესანიშნავი მოღვაწეობისა. ისინი ახსოვთ, მაგრამ მათ მიმართ ყურადღება ნაკლებია“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, პრობლემა ის კი არ არის, რომ ასეთები არიან, არამედ ის, რომ საზოგადოებას ვერ გამოუტანია დასკვნები, ხოლო ხელისუფლება ვერ მოქმედებს ადეკვატურად, რომ ამ ადამიანებს შეუფარდოს ის სასჯელები, რომელსაც იმსახურებენ. მისი თქმით, აბსოლუტურად არაადეკვატურია ის ბრალდებები, რომელიც წაყენებული აქვს სააკაშვილს იმ დანაშაულებებთან მიმართებაში, რომელიც მას აქვს ჩადენილი.
„საუბარია უამრავ დანაშაულზე, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაცა მექანიზმების გამო ხელისუფლება თავს იკავებს სამართლიანობის აღდგენისგან. სამართლიანობის აღდგენა ნიშნავს პასუხის გაცემას საერთო ეროვნულ სატკივარზე, როგორიც არის 2008 წლის აგვისტოს ომი, დავითგარეჯას საქმე, გუჯაბის საქმე, თურქებისთვის და ირანელებისთვის მოქალაქეობის მიცემის საკითხი, კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის გადარქმევა და მერე რუსებისთვის გადაცემის საქმე, ათასობით ადამიანისთვის ძალადობრივი გზით ბიზნესების წართმევის საკითხი; ციხეებში წამების, ქუჩაში დახვრეტის, მასობრივი თვალთვალისა და თავშეყრების ძალადობირი დაშლის, მიწათმოწყობის ინსტიტუტის განადგურება, აქტივების რუსეთისთვის გადაცემის, პრემიერ ზურაბ ჟვანიას საიდუმლო ვითარებაში გადარდაცვალების საკითხი, აგრეთვე ყველას მიერ დავიწყებული რაულ უსუპოვის მოკვდინების საკითხი. ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანი გამოყენებული იქნა ბინძური ვერსიის გასამყარებლად, რომელიც მეორე დღეს გაავრცელეს თავიანთი ჭორების გამავრცელებელი ინსტიტუტების მეშვეობით!
პირველ რიგში, ეს საკითხები აინტერესებს საზოგადოებას და არა რაღაც გაფლანგვების საკითხი, რაც ასევე მნიშვნელოვანია. თუმცა პარადოქსია, 50 მილიონის გაფლანგვაში მხილებული და მსჯავრდებული უგულავა დღეს პოლიტიკაშია და სააკაშვილს გარდა სხვა საკითხებისა, 9 მილიონზე ედავებიან. ეს არის ის საკითხები, რაც ჩვენ გვაწუხებს. აქიდან გამომდინარე არ უნდა ველოდოთ, რომ ახალაიებს, ქარდავებს და სხვებს ძალიან დასწყდებათ გული, რომ აქცენტირება სააკაშვილზეა და მათზე არა. მათ კარგად ესმით, თუ სააკაშვილს გაამართლებენ და შედეგად ხელისუფლებაში მოვა, მათ გაამართლებენ კი არა, რეაბილიტაციას გაუკეთებენ და დააბრუნებენ სახელმწიფო მმართველობაში. სააკაშვილი მათი იმედია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ ყველაზე გამანადგურებელი ნაღმი ისაა, შენს წიაღში, შიგნით რომ ფეთქდება. თუმცა, აქვს თუ არა ამ აფეთქებებს ადგილი სექტანტების უშუალო გარემოცვაში, პასუხი არ აქვს, რადგან ამბობს, რომ არის მხოლოდ ფაქტები და მათი ანალიზი.
„2020 წლის თებერვალში, ოდესღაც „ნაცმოძრაობის“ „ხერხემალი“, შსს-ს „ლეგენდარული“ ექს-მინისტრი, ყოფილი რეჟიმის უკანასკნელი პრემიერი ტოვებს საპყრობილეს და იმავე წლის ზაფხულში, პოლონეთის გავლით, ჩადის კიევში. ჩადის ერთადერთი კითხვით - „ჩემი წილი სადაა?“. ამ ლოგიკურ შეკითხვაზე, სააკაშვილმა გასცა „ლოგიკური“ პასუხი: - „კეზერასთან, მას ჩემიც მართებს და ჩემგან რა გინდა?“
ვანო უკავშირდება კეზერას: - „არა... კრეტაზე ვარ... ვერა... კიევში ვერ ჩამოვალ... შენც ვერ ჩამოხვალ ჩემთან... პანდემიაა, არ შეგიშვებენ... არ ვიცი... საქმე გააკეთეთ და ფულიც იქნება...“.
როდესაც სააკაშვილის უკრაინიდან „ტრაილერიზაციის“ ოპერაცია თავის თავზე ვანო მერაბიშვილის ექს-მოადგილემ და მისმა ერთ-ერთმა ხელმა, გია ლორთქიფანიძემ დაგეგმა და განახორციელა - გაჩნდა დიდი ეჭვი, რომ ამას ვანოს გარეშე ხელს ვერ მოჰკიდებდა. ეჭვთან ერთად, გაჩნდა კითხვა - თუ მიშას „მეორედ მოსვლის“ უკრაინულ ნაწილს ლორთქიფანიძემ თავი გაართვა, ვინ იყო ამ ოპერაციის ქართულ ნაწილზე პასუხისმგებელი? - ფოთში დახვედრა, სამეგრელო-აჭარაში მცირე „ექსკურსია“, თბილისამდე ტრანსპორტირება, დაბინავება და ა.შ?
ლოგიკურად, ასეთ ადამიანად - ვანო გვესახება, მაგრამ შთაბეჭდილებაც რჩება, რომ ოპერაციის ეს ნაწილი სააკაშვილმა „უპატრონოდ“, მხოლოდ ტრაილერის მძღოლის იმედად გაიარა. ჩნდება მორიგი კითხვა - რატომ? თუ ამაში ვანოს ხელი ურევია, გასაგები ხდება მისი მხრიდან შურისძიების მოტივიც და მიშას განსაკუთრებული რისხვაც მერაბიშვილისადმი სასამართლო პროცესებზე“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
მისი თქმით, თუ აღნიშნული ვერსია სიმართლესთან ახლოსაა, ეს იყო „ნაცმოძრაობისთვის“, როგორც პარტიისთვის, ხოლო სააკაშვილისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის ყველაზე ეფექტური და დამაზიანებელი დარტყმა. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, არ არის გამორიცხული „საკონტროლო გასროლის“ მისია ციხიდან ბაჩანა ახალაიას გამოსვლამ შეასრულოს.
„ბაჩო ახალაია არ აღმოჩნდეს ის ადამიანი, რომელიც „საკონტროლო გასროლის“ მისიას შეასრულებს, როდესაც გამოვა ციხიდან. იმიტომ, რომ არა მგონია, საკუთარ მშობლიურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“ აპატიოს ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულება და სიჩუმე იყო მასთან მიმართებაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.