საზოგადოებაში უცხოელებზე მიწების გასხვისებასთან დაკავშირებული პროტესტი სულ უფრო მძაფრდება. კანონმდებლობა კი სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისებას არ კრძალავს. თუმცა, მალე ეს მიდგომა შეიძლება შეიცვალოს. პარლამენტში უკვე შესულია კანონპროექტი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებსთვის მიწის მიყიდვას მკაცრად შეზღუდავს.
ფერმერთა ერთი ნაწილის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე 15 ათასი ჰექტარი მიწაა გაყიდული, რომელთა შორის ინდუსები, არაბები და ირანელები არიან. მათივე თქმით, სახელმწიფომ უნდა შეისწავლოს, რამდენად კანონიერად მოხდა მიწების გასხვისება და შემუშავდეს სტრატეგია მიწების უკან დასაბრუნებლად.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით კი, დღეს არსებული საკანონმდებლო ბაზა, მათ შორის, კონსტიტუცია საფუძველს იძლევა, რომ თუ პიროვნება ფლობს მიწის ნაკვეთს და მისი გასხვისება სურს, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. დავით კირვალიძის ამბობს, რომსახელმწიფოს ხელში არ არის სრულყოფილი ინფორმაცია არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შესახებ და სწორედ ახლა მიმდინარეობს მისი ინტენსიური აღწერა, რათა განისაზღვროს, რა ტიპის სავარგული სად მდებარეობს.
„სახელმწიფოს პოზიციას მას შემდეგ ჩამოვაყალიბებთ, რაც დასკვნა გვექნება“, - აცხადებს კირვალიძე, - „რაც შეეხება ჩემ პირად აზრს, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მიწა ვინ და ვისზე უნდა გაყიდოს. ადამიანს, რომელიც უკვე წლებია ერთ სოფელში ცხოვრობს, სხვა არ უნდა უწყვეტდეს და კარნახობდეს, მიწა ვისზე გაასხვისოს“.
მინისტრი თვლის, რომ აქტიურად უნდა იმუშაოს მიწის იჯარით გაცემის პრაქტიკამ. ამ დროისთვის კი მიწის 80% რეგისტრირებული არ არის. საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, წლის ბოლომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება მიწათმესაკუთრეთა აღწერა ადგილობრივი თვითმართველობის მონაწილეობით და შეიქმნება საინფორმაციო ბაზა, რომლის მეშვეობითაც მოხდება ადგილზე მონაცემთა მეორადი გადამოწმება და ინფორმაციის შედარება საჯარო რეესტრთან.
საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე მიყიდვის გამკაცრების მოთხოვნით, ხელისუფლებას რიგით მოქალაქეების შემდეგ ექსპერტებიც მიმართავენ. დარგის სპეციალისტებმა მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით სპეციალური საკანონმდებლო ინიციატივაც მოამზადეს. კანონპროექტის მიხედვით, უცხოელის მიერ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა დაშვებულია მხოლოდ 2.5 ჰა ოდენობით, საერთო ჯამში კი, არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მხოლოდ 5% შეიძლება იყოს უცხოელთა საკუთრებაში.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტი ავტორებმა პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს უკვე გადაუგზავნეს. კანონპროექტი შეიმუშავეს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა პაატა კოღუაშვილმა, სამართლის დოქტორმა ანა ფირცხალაშვილმა და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა ზაურ ჯინჯოლავამ.
„მიწა არის შეუცვლელი, გაუმრავლებელი და „ამოწურვადი“ რესურსი. მოსახლეობის ზრდასთან და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მცირდება დაუმუშავებელი სოფლის მეურნეობის სავარგულები და აქედან გამომდინარე, იწურება რესურსიც. ამიტომაც მიწის განუსაზღვრელი ოდენობით გასხვისება უცხოელებზე ქვეყნის სასიცოცხლო ამოცანებთან და საზოგადობრივ ინტერესთან შეუთავსებელია. სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება ყოველთვის უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი პროცესი“, - აღნიშნულია კანონპროექტში.
ერთ-ერთი ავტორის პაატა კოღუაშვილის თქმით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ნებისმიერი ერისთვის არის საარსებო საშუალება. ხელისუფლება ვალდებულია, რომ საკუთარი მოსახლეობა დაიცვას არა მარტო სამხედრო-ეკოლოგიური თავდასხმებისგან, არამედ სასურსათო კატასტროფისგან.