გახარიას მეტამორფოზა

გახარიას მეტამორფოზა

მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ „ნაცებს“ დასრულება აღუთქვა, მოვლენები ამის საწინააღმდეგოდ განვითარდა და დასრულების მაგივრად სწორედ გახარიას პრემიერობა დასრულდა „ნაციონალების“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას შებრალების მოტივით. პოსტიდან გახარიას გადადგომისა და პოლიტიკაში ხელმეორედ შემობრუნების შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერი ვაშინგტონში სააკაშვილს შეხვდა, რასაც გახარია იმთავითვე უარყოფდა. სააკაშვილის საქართველოში „დაბრუნებას“ კი უკვე მერობის კანდიდატის ამპლუაში მყოფი გახარია მკაცრი განცხადებით შეხვდა, რომ სააკაშვილის ადგილი იყო ციხეში. თუმცა ვერც ასეთმა მკვეთრმა ტონალობამ ვერ უშველა ექსპრემიერს და დღემდე მის ერთ-ერთ ბრალდებად სახელდება ის, რომ გახარია „ნაცმოძრაობასთან“ ფლირტშია შემჩნეული. უფრო მეტიც, ყველაფერს აკეთებს ამ დესტრუქციული ძალის გადასარჩენად.

თავის მხრივ, არც „ნაცები“ ამბობენ უარს გახარიასთან პოლიტიკურ ურთიერთობაზე. ნიკანორ მელია მზადყოფნას გამოთქვამდა გახარიას კანდიდატებისთვი დაეჭირა მხარი საკრებულოების თავმჯდომარეებად.

„ვნახოთ, რა მეტამორფოზა განიცადა გახარიამ „მე თქვენ დაგასრულებთ“-დან „მე თქვენთან გავრიგდები“-მდე“, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომას, სადაც თავმჯდომარის არჩევის დროს „ნაცმოძრაობის“ შვიდივე წევრმა ხმა გიორგი გახარიას კანდიდატურას მისცა.

რამდენად მომგებიანი იქნება გიორგი გახარიას გარიგება „ნაცმოძრაობასთან?“

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გიორგი გახარია ჩიხშია შესული, რადგან ახლა თუ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებაზე წავიდა, ყველანაირი მისი პერსპექტივა პოლიტიკაში დასრულდება, „ნაცმოძრაობა“ მას შთანთქავს. ამიტომ საეჭვოა, ამას აპირებდეს გახარია, რადგან საღი აზრი ჯერ კიდევ შერჩენია. ამას თუ აპირებს, იმ მხარდაჭერასაც დაკარგავს, რაც აქვს. ამომრჩეველთა უმეტესობა, ვინც მას მისცა ხმა, „ნაცებს“ ხმას არ მისცემს, ეს არის ამომრჩეველი, რომელიც „ნაცების“ წინააღმდეგია, მაგრამ არ არიან არც „ქართული ოცნების“ მომხრეები, დაპირისპირებულები არიან „ქართული ოცნების“ ლიდერშიპთან - კობახიძესთან, მდინარაძესთან და სხვებთან.

„არ ვიცი, ალიანსები და გაუგებარი კავშირები ექნება თუ არა გიორგი გახარიას „ნაცებთან“, მაგრამ ეს არის ცუდი, რომ ამ კონსოლიდაციის საფუძველი ხდება აბსოლუტურად დესტრუქციული და უპერსპექტივო დღის წესრიგი - რიგგარეშე არჩევნები. ორი დევიზი აქვს ახლა „ნაცმოძრაობის“ გარშემო შემოკრებილ ოპოზიციას - სააკაშვილის გამოშვება ციხიდან და რიგგარეშე არჩევნები. რიგგარეშე არჩევნების ხაზი უფრო მელიასია, სააკაშვილის გათავისუფლების ხაზი კი თვითონ სააკაშვილისაა. აბსოლუტურად დესტრუქციულია ორივე ხაზი, რადგან არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, საჭიროა მუშაობა იმისთვის, რომ თუნდაც პოლიტიკური გადატვირთვა მოხდეს, პარტიების უკეთესი კანონი მივიღოთ, სამართლიანი საარჩევნო სისტემა გვქონდეს, მედიის რეგულაცია მოხდეს და თამაშის წესები შეიცვალოს, პარტიები ერთმანეთის განადგურების ნაცვლად გადავიდნენ თანამშრომლობის რეჟიმზე და სარგებელი მოუტანონ ქვეყანას“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა და, შეკითხვის საპასუხოდ, გახარიას შეუძლია თუ არა, სარგებელი მოუტანოს ქვეყანას, განმარტა, რომ ექსპრემიერს ისეთი ნაბიჯი აქვს გადადგმული თავის დროზე, რომ გაუჭირდება სარგებლის მოტანა ქვეყნისთვის.

კერძოდ, გიორგი გახარია თავისი მძიმე, ყოველგვარი კონტექსტიდან ამოვარდნილი ნაბიჯის მძევალია. თუკი მოახერხებს და ამ მდგომარეობიდან გამოვა, ალბათ, შეძლებს, სარგებელი მოუტანოს ქვეყანას. მით უმეტეს, რომ ჩვენ ვიხილეთ ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე და მისი შეფასება პრემიერობისას უდავოდ პოზიტიური იყო. ერთ-ერთი წარმატებული პრემიერ-მინისტრი გახლდათ. თუმცა რანაირად შემოატრიალებს დღევანდელ მდგომარეობას, ამის თქმა რთულია.

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ, ალბათ, როლში იყო გიორგი გახარია, როცა თავის დროზე „ნაცმოძრაობის“ მიმართ ამბობდა, „მე თქვენ დაგასრულებთ“.

„ბრწყინვალედ ითამაშა ეს როლი, არ ვიცი, პოლიტიკოსის ნიჭი რამდენად აღმოაჩნდა, მაგრამ მსახიობის ნიჭი მართლაც შესანიშნავი ჰქონია, რაც მაგან ითამაშა და მოხიბლა ამომრჩეველთა ნაწილი. ვისურვებდი, ზუსტად მაგ სფეროში ეძიოს კარიერა, სადაც ნამდვილად წარმატებული იქნება. პოლიტიკაში გახარიამ ნამდვილად კრახი განიცადა და განულდა, ეს ფაქტია, მაგრამ არის სფერო, რომელშიც ის უთუოდ იქნება წარმატებული, ეს არის მისი არტისტული მონაცემების, მისი მსახიობური ნიჭის დამსახურება. ამ შემთხვევაში, ამას არანაირი ცინიზმით არ ვლაპარაკობ, რადგან პატივს ვცემ და მიყვარს სამსახიობო საზოგადოება, უბრალოდ, გახარიაც შეუერთდეს იმ საზოგადოებას, რომელშიც მართლაც შეიძლება აღმოჩნდეს ერთ-ერთი თვალსაჩინო პიროვნება. მას ეს შესანიშნავად გამოუვიდა პოლიტიკაში, სცენაზე კი კიდევ უკეთესად გამოუვა“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ ჩვენთან საუბრისას.