მას შემდეგ, რაც ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, აქტიურად განიხილება საკითხი, ვინ შეცვლის მას? ტიკარაძე თვის ბოლომდე შეინარჩუნებს მინისტრის პოსტს, მანამდე კი ცნობილი უნდა გახდეს, ვინ იქნება დასახელებული ამ პოზიციაზე. სავარაუდო კანიდატურებთან დაკავშირებით, ამ დრომდე, ბევრი სახელი და გვარი გაჟღერდა, მათ შორის არიან ყოფილი მინისტრები: დავით სერგეენკო და ამირან გამყრელიძე. როგორც ვიცით, ორივე მათგანი უარზეა, კიდევ ერთხელ დაიკავონ თანამდებობა ამ პოზიციაზე.
რაც შეეხება დანარჩენ შესაძლო კანდიდატურებს, განიხილება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი, ასევე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე. კიდევ ერთ კანდიდატურაზეა საუბარი, ეს არის „ქართული ოცნების“ დეპუტატი და ექიმი ლადო კახაძე. თუმცა, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ უცნობი რჩება მომავალი ჯანდაცვის მინისტის ვინაობა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ჩამოთვლილი კანდიდატურებიდან, ყველაზე მისაღები, თავისი გარკვეული გამოცდილებით, არჩილ თალაკვაძეა. მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრობას თან ახლავს სირთულე, რაც ფარმაცევტულ სისტემას გულისხმობს.
„კარგი ორგანიზატორი არის სასურველი, ამის გამოცდილება კახაძესაც აქვს, თალაკვაძესაც, ოღონდ სასაპარლამენტო სტრუქტურაში. რაც შეეხება სერგეენკოს, მასაც აქვს გამოცდილება, ოღონდ მკაფიო უარზეა და ეტყობა მობეზრებულიც აქვს ორგანიზაციული საქმეები. ეს ორი ფიგურა, თალაკვაძე და კახაძე, მეჩვენება, რომ თანაბრად შესაძლებელია დაინიშნოს. ისევე როგორც სერგეენკოს, ამირან გამყრელიძის პოზიციაც ვიცით. აქედან გამომდინარე, უნდა გამოირიცხოს გამყრელიძე. ისე, ორივეს აქვს პოტენციალი, რომ ამ საქმეს გაუძღვეს - როგორც ერთი, ისე მეორეც იყო მინისტრი. ეტყობა, მათთვის აღარ არის საინტერესო მინისტრობა.
ამ თანამდებობას აქვს ერთი სირთულე, ეს არის ფარმაცევტული და სადაზღვეო სისტემის დეფორმირებული მდგომარეობა. არც ერთ ქვეყანაში არ არის კონცენტრირებული ერთ ხელში საავადმყოფო, სადაზღვეო და ფარმაკოლოგიური სტრუქტურები. ვინც მოახერხებს ამ მონსტრების წინააღმდე დადგომას, ყველა სასურველია. ღარიბაშვილმა გამოაცხადა ბრძოლა, მაგრამ რითი დამთავრდება ეს ბრძოლა, უცნობია. ამ სირთულეზე ვაკეთებ აქცენტს, რადგან ეს გრძელვადიანი პრობლემაა. ამ სტრუქტურების არაბუნებრივი, არასახელმწიფოებრივი გაერთიანება მაინც უფრო ხელეწიფება ისეთ ადამიანს, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებშიც ერკვევა. მეორე მხრივ, ვისაც სახელმწიფოებრივი მასშტაბის ხედვა შეუძლია და მესამე - ვისაც ნაკლები კონტაქტები აქვს ამ სტრუქტურებთან, პირადი სამეგობრო თუ სხვა. ასეთი პირობებით, ალბათ, თალაკვაძე გამოდგება ყველაზე მეტად“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ვისაც სასურველად მიიჩნევს პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, სწორედ ის დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობასაც. მისი თქმით, ტიკარაძის შემცვლელად შესაძლოა, არჩილ თალაკვაძე მოგვევლინოს.
„ნებისმიერმა შეიძლება შეცვალოს, ვინც მისაღები იქნება ივანიშვილისთვის. თავის დროზე, ტიკარაძეს თავისი ოჯახის გარდა, ივანიშვილის ოჯახს ვგულისხმობ, არავინ იცნობდა და სრულიად მოულოდნელი იყო, სერგეენკოს შემდეგ მისი ამ პოსტზე დანიშვნა. შესაბამისად, ვის მოიფიქრებენ და ვის გადაწყვეტენ, ამის განსაზღვრა შეუძლებელია. ზოგადად, საკადრო პოლიტიკა „ქართულ ოცნებაში“ ჩემთვის სრულიად გაუგებარია. ამიტომ, რაიმე პროგნოზის გაკეთება ნამდვილად მიჭირს.
სერგეენკოს კანდიდატურის საწინააღმდეგო, რა თქმა უნდა, არაფერი მაქვს, მაგრამ ეს იქნება მეორე წრეზე წასვლა, უკვე იყო მინისტრი. რაც შეეხება დანარჩენებს, ყველაზე დიდი გამოცდილება აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნისა თალაკვაძეს აქვს. ასევე, იგი თავიდანვე იყო „ქართულ ოცნებაში,“ ასე რომ, თუ გადაწყვეტენ, თალაკვაძეს ყველაზე მეტი შანსი აქვს იმათგან, ვინც ჩამოთვლილია“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ კითხვას, რამდენად განიხილება ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა, განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა მიიღოს.
„ჯანდაცვის ახალ მინისტრთან დაკავშირებით გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა. გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სწორედ ის წარადგენს ჯანდაცვის ახალ მინისტრს. მე ვთვლი, რომ პარლამენტარებმა წინ არ უნდა გავუსწროთ პროცესს, რომელიც გუნდში მიმდინარეობს. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრი იქნება ღირსეული პროფესიონალი, რომელიც სათანადოდ უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ვთვლი, რომ „მწვანე პასპორტი“ არის საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული ინიციატივა. მიმაჩნია, რომ წახალისების ეს ფორმა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მოქალაქეების პასუხისმგებლობას, რომ აიცრან და გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რომელიც არსებობს. „მწვანე პასპორტი“ უკავშირდება ვაქცინაციის სტატუსს და მსურს ვურჩიო ყველა მოქალაქეს, რომ ჩაიტაროს ვაქცინაცია“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.