დაიწყებს თუ არა „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის შემდეგ ოპოზიციასთან დიალოგზე საუბარს და რა შეიძლება ხელისუფლების გეგმაში შედიოდეს? ეს მოლოდნი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ირაკლი კობახიძეს ოპოზიციის ნაწილი დახურულ კარს მიღმა შეხვდა. თუმცა კობახიძემ და დეპუტატებმა განაცხადეს, რომ შეხვედრა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხებოდა.
სალომე ზურაბიშვილს კი შერიგებასთან დაკავშირებით უკვე კონკრეტული გეგმა აქვს, რომელიც 15 დეკემბერს პატრიარქ ილია მეორეს შეხვედრაზე გააცნო. პრეზიდენტმა პატრიარქს ეროვნული შეთანხმების პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა წარუდგინა, რომელიც ილია მეორემ მოუწონა. დიდი ალბათობით, პრეზიდენტი ამ გეგმის შესახებ უფრო კონკრეტულად 16 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე ისაუბრებს, სადაც დაპატიჟებული ოპოზიციაც არის. როგორც ცნობილია „ნაციონალების“ გარდა წვეულებაზე ოპოზიციის უმეტესობა მისვლას აპირებს.
საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა თავისი ხედვა, რაც დაკავშირებულია ჩვენს საზოგადოებაში შერიგების პროცესთან. მისი უწმინდესობაც და, ბუნებრივია, ეკლესიაც, ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი კიდევ ერთხელ საუბრობს ქვეყანაში შერიგების აუცილებლობასა და ამ პროცესში მის როლზე. ამ საკითხზე მან მცირე კომენტარი „France 24“-თან ინტერვიუში გააკეთა.
„მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება და ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია, ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება, ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც, ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუს დროს, რომლის ფრაგმენტსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ შერიგებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის კარი ოპოზიციისთვის ყოველთვის ღიაა. თუმცა საღი აზროვნებიდან გამომდინარე, რიგდებიან ის მხარეები, სადაც მუქარა და დესტრუქცია არაა, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს.
„თუ მმართველი პარტია ხედავს, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არის, როგორც ეს ნებისმიერ ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება, მაშინ ასეთი დიალოგი იმისთვის უნდა შედგეს, რომ პოლიტიკურ სივრცესში გარკვეულ პროგრესს მივაღწიოთ. თუმცა, სააკაშვილის ფლანგზე დიდი არეულობა და დაბნეულობაა. ამიტომ ეს ყველაფერი გარკვეულ ეჭვებს აჩენს. არაა გამორიცხული, რომ ის ოპოზიცია, რომელიც მოლაპარაკეების მაგიდასთან ხელისუფლებასთან დაჯდება, სააკაშვილის მხარდამჭერებმა დააბულინგონ და დაამუნათონ. ისინი უაზროდ ეჭვიანობენ, ამიტომაც კონსტრუქციულ ოპოზიციას გარიგების და შეთქმულების თეორიებს დააბრალებენ. მიუხედავად ამისა, მაინც მჯერა, რომ გამოცდილი პოლიტიკოსები ამ უაზრო, საჯარო მედიურ დამუნათებას არ უნდა შეუშინდნენ. ამით ქვეყანაში პოლარიზაციის დონე დაიწევს და ეს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას გააჯანსაღებს. სალომე ზურაბიშვლთან შეიკრიბებიან თუ ირაკლი კობახიძეთან, ეს ერთმნიშვნელოვნად საკმაოდ დადებითი მოვლენაა. იმედია ეს გრძელვადიან შედეგებზე იქნება ორიენტირებული და რაღაცა შედეგამდე მივალთ“, - ამბობს გია აბაშიძე for.ge-სთან.
რაც შეეხება თავად ენმ-ის შიგნით თანხმობას, რომ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე დიალოგი არ უნდა წარიმართოს, აბაშიძე ამბობს, რომ პარტიის შიგნით დაპირისპირება დიდი ხანია გამწვავებულია. ამიტომაც „ნაცმოძრაობის“ გარკვეული ფრთა, რა თქმა უნდა, მისი გათავისუფლების გარეშე მოლაპარაკებას, შერიგებას თუ ნებისმიერი სახის საუბარზე უარს იტყვის. თუმცა ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ახლა ბევრი რამე მთავარი მენტორის სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას სიტყვაზე იქნება დამოკიდებული. სავარაუდოდ, ის ზუსტად ამ მიზნით არის გამოძახებული. პარტიაში დაპირისპირება იმდენად ღრმაა, რომ უკვე ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ.
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გეგმას და შესაძლოა თუ არა მან სააკაშვილი შეიწყალოს, ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ის ერთხელ ნათქვამ სიტყვას არ გადათქვამს. მან უკვე რამდენჯერმე გაიმეორა, რომ სააკაშვილს არ შეიწყალებს. ის საკმაოდ გამცოდილი პოლიტიკოსია და ზუსტად იცის მის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში რა რეაცქიაც მოჰყვება. ამიტომაც სააკაშვილის უპირობოდ გათავისუფლებაზე საუბრი ფარსია. ამას საქართველოს პრეზიდენტი არ გაიზიარებს. საპატრიარქოს ჩართულობას ამ შერიგებაში რაც შეეხება, მათაც გააკეთეს განცახდება და თქვეს, რომ ეს შერიგება სამართლიანობიდან და პრინციპულობიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. ეს სიტყვები ტყუილად არ იყო ნათქვამი, რადგანაც ყველა მაღალი სასულიერი იერარქიის წარმომადგენელი ამბობს, რომ შერიგება მონანიების გარეშე არ არსებობს. გადავხედოთ ვინ არ ინანიებს საკუთარ პოლიტიკურ ცოდვებს. ეს არის სააკაშვილი და მის გარემოცვა. ამიტომ ხელისუფლებამაც არაერთხელ თქვა, რომ სააკაშვილმა სამართალთან და ქართველ ხალხთან ვალი ბოლომდე უნდა მოიხადოს“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ მორიგების გარკვეული ნაბიჯებიც რომ გადადგას, ამის მზაობა თავად ენმ-ში არ არის. საყვარელიძე for.ge-სთან ვარაუდობს, რომ „ოცნება“ გარკვეულწილად ეცდება ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდეს, ოღონდ ეს მორიგება ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან მოხდება. ის ეჭვობს, რომ სააკაშვილის გუნდში ნიკა მელიას ფრთას ხელისუფლებასთან არანაირ ფორმატში დაჯდომა და საუბარი არ უნდა. ამიტომაც არ გამორიცხავს, რომ ამის გამო პარტიაში დაპირისპირება უკიდურესად გამწვავდეს.
„რასაც თვალს ვადევნებ, ხელისუფლების მხრიდან გარკვეულ მოლაპარაკებაზე საუბარი შესაძლოა იყოს. რა თქმა უნდა, ეს სააკაშვილის უპირობოდ გათავისუფლების გარეშე. „ოცნება“ ახლა წამგებიან სიტუაციაში კი არა, პირიქით, საუკეთესო მდგომარეობაშია. „ენმ“ ნელ-ნელა ისე სუსტდება, რომ საკუთარი ამომრჩეველიც კი გარეთ ვერ გამოჰყავს. ამიტომ ჩიხში შესულმა სააკაშვილმა შერიგების ამბავი მოიფიქრა. თუმცა ის არ ამბობს, რომ გამათავისუფლეთ და მერე შევრიგდეთო. ამას ამბობს მელია და მისი ფრთა. მე ყოველ შემთხვევაში ეს საუბარი მათგან მესმის. ამიტომ მელიამ კარაგ იცის, ხელისუფლება ამაზე არ წავა, ამიტომაც სიტუაცია ჩიხში შეჰყავს.
არ ველი, რომ სალომე ზურაბიშვილის შერიგების გეგმაში სააკაშვილის შეწყალებაზე საუბარი იქნება. ზურაბიშვილმა ძალიან კარგი ნაბიჯი გადადა, როცა ოპოზიცია საღამოზე მიიწვია და გარკვეულ კომუნიკაციას უკვე ცდილობს. საზოგადოება ჩვენი პოლიტიკური სპექტრიდან სწორედ ამას ითხოვს. რაც შეხება ეკლესიის ჩართულობას, რა თქმა უნდა, ეს პროცესს უფრო დაეხმარება და პოზიტიურ როლს ითამაშებს. თუმცა რამე მნიშვნელოვანს შეძლებენ-თქო, ნამდვილად ვერ ვიტყვი. ყველაფერი მაინც ხელისუფლებაზე და ოპოზიციის იმ ნაწილზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც პოლარიზებული გარემოს შეცვლა უნდა“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.