„ჟვანიასა და ალასანიას დაპირისპირების მიზეზი იყო კონტროლი საავიაციო და სატანკო სარემონტო ქარხნებზე, ალასანია სკანდალით წავიდა საქართველოდან... ამ სკანდალიდან მალევე დაიღუპა ჟვანია“

„ჟვანიასა და ალასანიას დაპირისპირების მიზეზი იყო კონტროლი საავიაციო და სატანკო სარემონტო ქარხნებზე, ალასანია სკანდალით წავიდა საქართველოდან... ამ სკანდალიდან მალევე დაიღუპა ჟვანია“

21 დეკემბერს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეზე მისი გათავისუფლების მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორია „ნაციონალური მოძრაობის“ ფიქტიური თავმჯდომარე, ნიკა მელია. ფეისბუქით დაანონსებული აქციამდე 5 დღით ადრე თბილისში მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია ჩამოფრინდა, რომელსაც ამ დრომდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია და არც პატიმარი დისშვილის მოსანახულებლად ჩასულა გორში.

„კაგებეს“ გადამდგარი გენერალი თემურ ალასანია ერთადერთია, რომელსაც გავლენა აქვს მიხეილ სააკაშვილზე და იგი აქტიურად ეროდა ყველა მის გადაწყვეტილებაში. თემურ ალასანიას წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. როგორც ცნობილია, 2018 წელს სწორედ ალასანია-სააკაშვილი გეგმავდნენ პროცესის რადიკალური სცენარით განვითარებას. აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტიკურობა შსს-ს ინფორმაციით, უკვე დადგენილია, დიალოგი წინასაარჩევნოდ ხალხის მობილიზებასაც ეხებოდა. ამავე საუბარში თემურ ალასანია შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებს ქართველი ხალხის მისამართით. აუდიოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, თემურ ალასანია ამბობს: „ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც „სნაიპერსკი ვინტოვკით“ მოკლავს ბიძინას“.

ეს სკანდალური აუდიოჩანაწერი უკრაინულმა საიტმა, zdes.com.ua-მ გაავრცელა. საიტის თანახმად, მას ჩანაწერი „საიმედო წყარომ“ მიაწოდა. საიტი წერს, რომ მოსაუბრეები არიან „სააკაშვილი და მისი ბიძა, თემურ ალასანია, რომელიც ამავე დროს „კაგებეს“ გადამდგარი გენერალია“. საუბრის ჩანაწერის გავრცელებული ფრაგმენტის დასაწყისში, სავარაუდოდ, სააკაშვილი, მოიკითხავს გვარამიას, დაწყნარდა თუ არა ის. თანამოსაუბრე მიუგებს, რომ გვარამია კარგად არის, და რომ „უსმენს ამათ, მაგრამ არაფერს ამათ მიხედვით არ აკეთებს“. სავარაუდოდ, ალასანია საუბრისას ნათქვამზე, რომ „ჩვენი ერთადერთი ნიშა არის რადიკალიზაცია“, თანამოსაუბრე პასუხობს: „მოვახდინოთ რადიკალიზაცია“ და შემდგომ ამბობს, რომ საჭიროა თბილისის, მისი სიტყვებით „მიდელ კლასში“ პროპაგანდის სეგმენტი და „უნდა ვისწავლოთ ინტერნეტ სეგმენტის გამოყენება“.

თემურ ალასანია: „ეს ავადმყოფი ერია, სანამ თავზე არ დ... და დედას არ მ... ვერ იგებენ ვერაფერს. ქართველების დედა მ.....მ.
მიხეილ სააკაშვილი: „აჭრილი აქვთ ყველაფერი, რამსები, ეს არჩევნები კიდევ უფრო დააბნევთ, იმიტომ რომ დააყენეს უსუსტესი კანდიდატი და ცუდი კამპანია აქვთ.

თემურ ალასანია: „ცდამ დამღალა... ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც „სნაიპერსკი ვინტოვკით“ მოკლავს ბიძინას“.

რუსეთის მოქალაქე თემურ ალასანია, რომელიც ამავე დროს „კაგებეს“ გადამდგარი გენერალია, იმ წლებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო, გაეროში, რუსეთის კვოტით, განიარაღების კომიტეტში მუშაობდა. იმ წლებში იგი ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში. სწორედ მისი ინიციატივით აიკრძალა სახელმწიფო კანცელარიაში ჟურნალისტების დაშვება, ვინაიდან თავად კანცელარიის მესამე სართულზე განთავსდა. ალასანიას ხელმძღვანელობით იწყება საქართველოში საეჭვო პრივატიზაციები, რატომაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და თემურ ალასანია.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ დაპირისპირების პიკი გახდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, კერძოდ, ვის ხელში უნდა ყოფილიყო კონტროლი. ალასანია თურქულ კომპანიებს ლობირებდა, ზურაბ ჟვანიას სხვა მოსაზრება ჰქონდა, თუმცა გაიმარჯვა ალასანიამ და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სიტუაციას თურქები მართავენ. გარდა ამისა ჟვანიასა და ალასანიას დაპირისპირების მიზეზი იყო კონტროლი საავიაციო ქარხანაზე და სატანკო სარემონტო ქარხანაზე. როგორც პაატა ზაქარეიშვილი იხსენებს, ალასანია სკანდალით წავიდა საქართველოდან, რადგან მას დიდი დაპირისპირება ჰქონდა პრემირ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან.

„ცოტა ხანი იყო საქართველოში, ვიდრე ჟვანიასთან არ მოხდა კონფლიქტი. არ მინდა მინიშება გავაკეთო, არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ამ სკანდალის მერე მალევე დაიღუპა ჟვანია, ალასანიამ დატოვა საქართველო და დაუბრუნდა ნიუ-იორკს. თემურ ალასანიას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა სააკაშვილზე. ძალიან დიდი როლი ითანაშა მის კარიერაში. სააკაშვილიდღემდე რომ ტრაბახობს, უკრაინაში ვსწავლობდიო, ეს ბიძამისის დამსახურება იყო. მან მოაწყო კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში. მერე უკვე ამერიკაში წაიყვანა სასწავლებლად. მაშინ უკვე თემურ ალასანია გაეროში მუშაობდა რუსეთის კვოტით წამყვანი კომიტეტის - განიარაღების კომიტეტის აპარატის უფროსი იყო.

ამ წლებში სააკაშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა 6 თვე, შემდეგ ბიძამისის ხელშეწყობით მუშაობა დაიწყო იურიდიულ კომპანიაში. აქ გაიცნო სააკაშვილი ზურაბ ჟვანიამ და მოიწვია საქართველოში. სააკაშვილი საქართველოში რომ ჩამოვიდა, მოვიდა ჩემთან და ასეთი რამ მითხრა - „მე, სულ მალე პარლამენტის წევრი გავხდები, მეტიც, მე გავხდები იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე“. პირდაპირი გაგებით დავცინე, რადგან ჩემთვის წარმოუდგენელი იყო იმდროინდელი სააკაშვილი ასეთ სიმაღლეებზე ასულიყო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

კონფლიქტოლოგი აცხადებს, რომ თემურ ალასანიას გავლენა დღემდე დიდია სააკაშვილის მიმართ და არ გამორიცხავს, რომ წლების შემდეგ მისი საქართველოში დაბრუნება რუსული გეგმის ნაწილი იყოს. მისი თქმით, როდესაც სააკაშვილს უკრაინაში შეექმნა პრობლემები, უკვე აღარ იყო ოდესის გუბერნატორი, მას ჩამოართვეს მოქალაქეობა და გააძევეს უკრაინიდან, მაშინ უკრაინაში ჩაივიდა თემურ ალასანია, მაგრამ უკრაინელმა მესაზღვრეებმა აეროპორტიდან გააბრუნეს უკან ნიუ-იორკში.

„ჩადიოდა თავის დიშვილთან დასახმარებლად, რადგან მას ჰქონდა გავლენები, მაგრამ უკრაინელებმა არ შეუშვეს, გააბრუნეს. ამიტომ, ეჭვიც არ მეპარება, რომ ალასანია დღესაც რუსეთის გეგმით მოქმედებდეს. ერთ ეპიზოდს მოგიყვებით. ისე დაემთხვა, რომ 2007 წელს 26 მაისს ვიყავი ნიუ-იორკში და მაშინ საელჩომ გაეროში მოაწყო დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი ღონისძიება და მომიწვიეს. იქ ვნახეთ პირველად და უკანასკნელად თემურ ალასანია. გამეცნო, გაიკითხა ვინ ვარ, რა ვარ, რა მინდოდა იქ.

ვუთხარი, რომ კონფლიქტებზე ვმუშაობ-თქო და უი, კონფლიქტებიო და მერე მითხრა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა: „რუსეთს საქართველოსთან ომი არ აინტერესებს, რუსეთისთვის არაფერი არ არის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და ამის გამო ომს არ დაიწყებს. თქვენ საქართველოში ლაპარაკობთ თითქოს რუსეთს ომი სჭირდება, ეს არის დიდი სისულელე“, - ასე მითხრა სიტყვა-სიტყვით. საუბარში ჩაერთო სააკაშვილი და თქვა, რომ კბილის ამოღებასავით იქნება სამხრეთ ოსეთის საკითხი, ერთი-ორი წვეთი სისხლი შეიძლება დაიღვაროსო. რუსეთს რომ ომი არ აწყობს, ეს თემურ ალასანიასგან ნამდვილად მოვისმინე.

საქართველოში ჩამოსული ალასანია, ალბათ, შეეცდება გააძლიეროს „ნაციონალური მოძრაობა“. იდეების გენერატორია, უჭკუო კაცი არ არის, ამდენი წელი მუშაობდა გაეროში წამყვან კომიტეტში. ვერ დავამტკიცებ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ალასანიას მიზანი იყო პროცესების რადიკალიზაცია. ის მომხრე იყო რევოლუციური პროცესების, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ მის გეგმა იყოს „ნაციონალურ მოძრაობაში“ გააძლიეროს რადიკალური ფრთა. ერთგვარი მაშველი რგოლია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილმა.

როგორც აღმოჩნდა, თემურ ალასანიას საქართველოში ჩამოსვლა მოულოდნელი იყო თავად „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ნიკა მელიას განცხადებით, ალასანია დაინტერესებულია სააკაშვილის ბედით, ისევე, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი.

„ის არის ოჯახის წევრი, რომელიც დაინტერესებულია სააკაშვილის ბედით, ისევე, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი. ოჯახის წევრი რომ გულშემატკივრობს თავის დისშვილს, ეს რა გასაკვირია? რა შუაშია თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიასა და ოჯახის წევრს შორის?“ - აცხადებს ნიკა მელია.

უმრავლესობის წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, თემურ ალასანიას საქართველოში მაინცდამაინც კარგი სახელი და რეპუტაცია არ აქვს. მისი თქმით, ოპოზიცია მიხვდება, რომ საპროტესტო აქციები საბოლოოდ შედეგიანი არ არის.

„ყველამ ვიცით, რომ თემურ ალასანიას მაინც და მაინც კარგი სახელი და რეპუტაცია არ აქვს საქართველოში. ფაქტია, რომ ეს მხარდამჭერი აქციები ნელ-ნელა მილევად რეჟიმშია და კარგი იქნება, თუ საბოლოო ჯამში, ისინი შეეგუებიან იმ ფაქტს, რომ აქციები მაინცდამაინც შედეგიანი არ არის და დაუბრუნდებიან საპარლამენტო სამსახურს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის თქმით, რა ინსტრუქციები აქვს ჩამოტანილი ალასანიას სააკაშვილისთვის, ჩვენ არ გვეცოდინება, თუმცა სააკაშვილის შემდგომი ბედი, კვლავ საქართველოს პრეზიდენტისა და სასამართლოს ხელშია მხოლოდ.

„მედიკოსებს აქვს ასეთი ტერმინი: „ჩვენ მას ვკარგავთ“. არაა გამორიცხული, მსგავსი ტერმინი სპეცსამსახურებსაც ახასიათებდეს. ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს ორივე შემთხვევაში მიესადაგება. საქართველოში თემურ ალასანია ჩამოვიდა და არც ნოსტალგია, არც სამშობლოს სიყვარული აქ არაფერ შუაშია - „მეგისქარდავასეული“ საფრენი ბილიკის ამბორს ადგილი არა ჰქონია. დიდი ალბათობით, არც ჩვენ მოვენატრებოდით, ქართველები. ამის შესახებ გაგონილიც გვაქვს და მოსმენილიც. საქართველოს ისტორიაში „ლიფტის“ მეტსახელად შესული ბიძა, „ტრაილერას“ მეტსახელით შესულ დისშვილთან, როგორც ჩანს, სულ სხვა მისიით ჩამოვიდა.

ძნელია ამაზე მარჩიელობა - ზეამოცანის (რევოლუცია-ბუნტი-გადატრიალება) შესრულების ჩავარდნის შემდეგ, რჩება ერთადერთი შესასრულებელი - „ეფრეიტორ სააკაშვილის გადარჩენა“. რა ინსტრუქციები აქვს ჩამოტანილი ამ მხრივ „ლიფტას“ - „ტრაილერასთვის“, ჩვენ არ გვეცოდინება, თუმცა ამ უკანასკნელის შემდგომი ბედი, კვლავ საქართველოს პრეზიდენტისა და სასამართლოს ხელშია მხოლოდ. არც ერთს ცნობენ ბიძა-დისშვილი და არც მეორეს, ხოლო მათი პირადი დამოკიდებულება მათ მიმართ - ლიფტში გვაქვს მოსმენილი. ისე, „იუსტას“ – „ალექსის“ ურთიერთობებზე პრეტენზიის მქონე გავლენის აგენტებისთვის, ცოტა უნდა ტეხავდეს, ლიფტშიც რომ გისმენენ და გწერენ“, - ამბობს დავით ქართველიშვილი.