„ერთადერთი გზა, რომ სააკაშვილი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს, ეს არის შეურაცხადობა, რაც სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს“

„ერთადერთი გზა, რომ სააკაშვილი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს, ეს არის შეურაცხადობა, რაც სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს“

„მისი ფსიქოტიპი ვერანაირად ვერ ურიგდება, რომ ციხეში უნდა იჯდეს. რამდენჯერმე დედამისმაც ხაზგასმით თქვა, სააკაშვილი ისეთი ტიპაჟია, შეზღუდულ სივრცეში ვერ ჩერდებაო. ის კი არა, პრეზიდენტი რომ იყო, მაგიდასთან ვერ დასვამდნენ სამუშაოდ, სულ დარბოდა, სულ გზაში იყო, ჰიპერაქტიური იყო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.

სააკაშვილის ახლობლები გამუდმებით აპელირებენ სააკაშვილისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების გადაჭარბებული რაოდენობით მიცემაზე, რაც მათ სამომავლო ზრახვებს ავლენს, ივაჭრონ სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობით. არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ სააკაშვილის კონსილიუმის წევრებს დაემატათ ფსიქიატრი. პარალელურად გიული ალასანია აცხადებს, რომ უკრაინაში დაბრუნებაზე სიტყვა ჩამოუგდო, მაგრამ მიშამ დაუბრიალა თვალები, მე საქართველოში ჩამოვედიო. ამ სცენარის გაგრძელება ხომ არ იქნება, რომ მიშას ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, თუნდაც მისი ნების „საწინააღმდეგოდ“, ოჯახის წევრებმა აიღონ პასუხისმგებლობა და ფსიქოტროპული მედიკამენტების გადაჭარბებული დოზის მიცემის მოტივით სააკაშვილის გაგზავნას შეეცადონ პოლონეთში, ან რომელიმე ნეიტრალურ ქვეყანაში?

- არა, ეს უკვე ფანტაზიის სფეროა. თუ არსებობს მედიკამენტოზური ფსიქიკური წონასწორობის დარღვევა, ავადმყოფობა, მაშინ საქართველოშიც შეიძლება უმკურნალონ. არავითარი განსაკუთრებული საჭიროება უცხოეთში გადაყვანის თვალსაზრისით არ არსებობს. სამედიცინო საკითხების განსჯაში ვერ შევალ, მაგრამ არა მგონია, სააკაშვილს სჭირდეს რაღაც უნიკალური დაავადება, თუნდაც მედიკამენტების ტოქსიკური ზემოქმედებით გამოწვეული, რომ უნიკალური მკურნალობა ესაჭიროებოდეს და ეს მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იყოს. ცხადია, არ უნდა იყოს შემთხვევითი, რომ მის კონსილიუმში ფსიქიატრი შეიყვანეს. ეს მისი პირადი ექიმის და ოჯახის ინიციატივაა, მანამდე გვარამია საუბრობდა ამაზე, რომ სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა არ არის მყარი. ერთადერთი გზა, რომ ფსიქიკური პრობლემების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს სააკაშვილი, ეს არის შეურაცხადობა, რაც სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს. უნდა დამტკიცდეს, რომ ის შეურაცხადია და შეურაცხადებს არ ასამართლებენ. ჯერჯერობით სააკაშვილი არ მისულა კრიტიკულ მდგომარეობამდე, რადგან ჯერ ორი თვეა, ციხეში იმყოფება. სინამდვილეში, რაც უფრო გავა დრო, მას იმდენად გაუჭირდება ადაპტაცია ციხეში ყოფნასთან, თავისუფლების შეზღუდვასთან, რომ უფრო მეტად დაიმცირებს თავს და ყველაფერზე წავა.

არ არის მოსალოდნელი, რომ, სხვა პატიმრების მსგავსად, თანდათან შეეჩვიოს ციხის პირობებს?

- ვერანაირად ვერ იღებს ამ მსჯავრს, მისივე ფსიქოტიპი ვერანაირად ვერ ურიგდება, რომ ციხეში უნდა იყოს. რამდენჯერმე დედამისმაც ხაზგასმით თქვა, სააკაშვილი ისეთი ტიპაჟია, შეზღუდულ სივრცეში ვერ ჩერდებაო. ის კი არა, პრეზიდენტი რომ იყო, მაგიდასთან ვერ დასვამდნენ სამუშაოდ, სულ დარბოდა, სულ გზაში იყო, ჰიპერაქტიური იყო. ძალიან რთულია, ასეთ მდგომარეობაში ციხეში ყოფნა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, უნდა შეეგუოს.

ირაკლი კობახიძე „ნაცებს“ შერიგებისთვის ერთგვარ გამოსავალს სთავაზობს - ჩამოთვალონ დანაშაულები, მოინანიონ და თქვან, რომ ამ დანაშაულების ჩამდენნი არიან და მათი პოლიტიკური ძალის ადგილი პოლიტიკაში აღარ იქნება. როგორ ფიქრობთ, ოდესმე იტყვის „ნაცმოძრაობა“, რომ მათი პოლიტიკური ძალის ადგილი არ არის პოლიტიკაში და ჩამოთვლის საკუთარ დანაშაულებს?

- ცხადია, ამის ილუზია არ მაქვს, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ „ნაცმოძრაობას“ თუ უწერია პოლიტიკაში ყოფნა, პრინციპულად უნდა გადახალისდეს, არსებითად უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, გაემიჯნოს საკუთარ წარსულს, ეს ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ იდეაში ეს შესაძლებელია. რა თქმა უნდა, დაუჯერებელია, რომ „ნაცმოძრაობა“ თავის დანაშაულებს ჩამოთვლის, სწორედ ამიტომ უნდა არსებობდეს მონაწილეობის და ამომრჩევლის პოლიტიკაში ჩართვის მეტი შანსი. თავისი ნებით „ნაცმოძრაობის“ ლიდერშიპი ამას არ გააკეთებს. „ნაცმოძრაობა“ უნდა გაემიჯნოს წარსულს, არ ღირს ჯიუტად იმის ჩაბღაუჭება, ჩვენ ყველაფერს კარგად ვაკეთებდითო, „კავკასიურ ცარცის წრეში“ რომ არის ნათქვამი, „მე რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ლაზათიანად ვაკეთებო“. „ნაციონალების“ შემთხვევაში პირიქით იყო, დანაშაულები და შეცდომები იყო მათი საფირმო ნიშანი. მათ უნდა აღიარონ, რომ მათ დროს წამების სისტემა იყო ქვეყანაში შექმნილი, სისტემური დანაშაულები ხდებოდა, ასევე, აგვისტოს ომის კრახი. მათი პასუხისმგებლობაა ეს. თუ „ნაცები“ შეძლებენ, ეს ყველაფერი გადაიტანონ და თავის თავთან და სინდისთან გაარკვიონ ყველაფერი, შეიძლება მომავალი ჰქონდეთ, მანამდე ამ დესტრუქციიდან ვერ გამოვლენ.

თქვენ ფიქრობთ, რომ სააკაშვილზე ლაპარაკი აღარ უნდა იყოს „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგი, მაგრამ მიშა არ აპირებს, ვინმეს თავი დაავიწყოს. მართალია, მან შემოუთვალა პოლიტიკურ სპექტრს, ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ პოლიტიკაშიო, მაგრამ გჯერათ, რომ ის დაუთმობს ახალგაზრდებს პოლიტიკაში ყოფნის ბედნიერებას?

- ახალგაზრდა იქნება, თუ ძველგაზრდა, რა მნიშვნელობა აქვს, თუ მიშისტი იქნება? თუ იმავეს გააკეთებს, რასაც სააკაშვილი აკეთებდა? არსებითად ეგ არაფერს არ შეცვლის. ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ პოლიტიკაში, კაცი დაბერდა, 54 წლის ხდება, მგონი.

მაგრამ მას ახალგაზრდა ჰგონია თავი, როცა პოლიტიკაზე მიდგება საქმე.

- ახალგაზრდა აღარ ეთქმის. კახელები იტყვიან ხოლმე, „ვირს რქები არ ამოსდიოდა და თავი ისევ ჩოჩორი ეგონაო“. მაინცდამაინც რქები ხომ არ უნდა ამოუვიდეს?

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ეროვნული შერიგების ინკლუზიური პროცესის წამოწყებას აპირებს, რაც სააკაშვილს მრგვალ მაგიდასთან მისხდომით და წარსულზე საუბრით წარმოუდგენია, ოღონდ პირველად გორის სამხედრო ჰოსპიტალში. წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის პრეზიდენტ ზურაბიშვილის ახლანდელი შერიგების იდეა მის პირვანდელ ნათქვამთან, რომ არასდროს შეიწყალებს სააკაშვილს, რადგან, მოგეხსენებათ, შერიგების გზა „ნაციონალებისთვის“ მხოლოდ სააკაშვილის შეწყალებაზე გადის?

- წინააღმდეგობაში არ მოდის, რადგან შერიგება მარტო სააკაშვილის საქმით არ შემოიფარგლება. პირიქით, შერიგების ერთ-ერთი პირობაა, მართლმსაჯულებას ხელი არ შეეშალოს და ყოველგვარი ინსინუაციები და სპეკულაციები - „თავისუფლება მიშას“ უნდა შეწყდეს. არც პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ პოზიციის შეცვლას აპირებს სააკაშვილთან მიმართებით. ის კი არა, პრეზიდენტმა ორჯერ თქვა, არა და არასდროსო, მესამედ, უბრალოდ, პასუხი აღარ გასცა, ძაღლისკენ გადაამისამართა ამ შეკითხვის დამსმელნი. ცხადია, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შერიგება შეიძლება პოზიტიური დღის წესრიგის გარშემო, ბევრი საკითხია, რაზეც სამსჯელოა და შეიძლება დისკუსია გაიმართოს. მთავარია შეთანხმების მიღწევა, პირველ რიგში, აქ ვგულისხმობ პარტიულ-პოლიტიკურ სისტემას, რომელიც კონტრპროდუქტიულია, ქვეყნის საზიანოდ მუშაობს. ბევრჯერ მითქვამს, რომ ეს ფსევდოპარტიები, სინამდვილეში, კლიენტელები არიან და ხალხის ნების ჩამოყალიბებას კი არ უწყობენ ხელს, არამედ თავად გვახვევენ თავიანთი პატრონების ნებას, რომელიც ხშირად ანტისახელმწიფოებრივია. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია „ნაცები“ სააკაშვილის დღის წესრიგით, რომელიც აბსოლუტურად დესტრუქციულია და პერსპექტივა არ აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ხალხისთვის არაფრის მომტანი არ არის. აქედან გამომდინარე, რაღაც ზომებია მისაღები, რომ პარტიების შესახებ კანონთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდეს. იმის ნაცვლად, დესტრუქცია და პოლარიზაცია ფინანსდებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ვგულისხმობ პარტიების დაფინანსებას, ეს რამენაირად უნდა შეიზღუდოს. გარდა ამისა, უცხოური ფული, რომელიც მტრული მიზნებით შემოდის საქართველოში, პოლიტიკიდან ნელ-ნელა უნდა გავიდეს.

უკრაინიდან შემოდის ეს ფული, სააკაშვილის გარემოცვიდან, თუ ოფშორებიდან?

- უკრაინიდანაც და საიდან აღარ შემოდის. აუცილებელია პოლიტიკური ურთიერთობების და პოლიტიკის გადატვირთვა, ამის ერთ-ერთი ნაწილია მედიის რეგულირება, რადგან მედია გადაყლაპა, შთანთქა პარტიულ-პოლიტიკურმა სისტემამ და მედია პარტიულ პროპაგანდად გადააქცია. ასევე, საჭიროა საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, სისტემა უნდა იყოს ისეთი, რომ ამომრჩეველს მეტი საშუალება ჰქონდეს, გავლენა მოახდინოს პოლიტიკაზე.

ვირტუალურ სამიტზე პრეზიდენტის დასწრებამ გააჩინა ეჭვი, ხომ არ ჰქონდა მას მითითება აშშ-ის ხელმძღვანელობისგან სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე და ამიტომ ხომ არ ალაპარაკდა შერიგების იდეაზე?

- ამას გამოვრიცხავ. სააკაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია ცალსახაა და მკაფიოდ აღნიშნულია, რომ არ შეიწყალებს, ამის შეცვლას არანაირად არ ველოდები, ამის არავითარი ნიშანწყალი არ არის.

გაუგებრობის ასაცილებლად ხომ არ ჯობდა პრეზიდენტს გაეკეთებინა დათქმა, რა შემთხვევაში მოხდება შერიგება, ან პირველი რა ნაბიჯი უნდა გადადგას „ნაცმოძრაობამ“, ან „ქართულმა ოცნებამ“?

- ცხადია, ეს საკმაოდ ზოგადი მოწოდებაა პრეზიდენტის მხრიდან, რა თქმა უნდა, მისი შინაარსია პოზიტიური დღის წესრიგის გარშემო კონსოლიდაცია, მაგრამ რაც არის უმთავრესი სამსჯელო, ეს გახლავთ პოლიტიკური თამაშის წესები. პოლიტიკური თამაშის წესები შესაცვლელია იმდენად, რამდენადაც პარტიები უნდა გაიზარდონ, ჩამოყალიბდნენ, სარგებლის მოტანა შეეძლოთ ქვეყნისთვის. პირველ რიგში, უნდა წახალისდეს არა მხოლოდ პარტიათა კონკურენცია, არამედ მათი თანამშრომლობა. ისინი პარტნიორები არიან. ისინი არიან სუბიექტები, რომლებიც პოლიტიკას განსაზღვრავენ, პარტიის განმარტება კანონში ასეთია, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებას.

ეროვნული შერიგების იდეისთვის, პირველ რიგში, რა უნდა გააკეთონ თავად „ნაციონალებმა“? პარლამენტში უნდა შევიდნენ?

- რასაკვირველია, უნდა ჩაერთონ საპარლამენტო პროცესში და პოზიტიური დღის წესრიგის შექმნაში მიიღონ მონაწილეობა. მაგალითად, საარჩევნო სისტემაზე უნდა ვიმსჯელოთ, რომელზეც გაუთავებელი მსჯელობა მიმდინარეობს და 30 წელიწადია, საბოლოოდ კიდევ ჩამოსაყალიბებელია, უნდა ჰქონდეთ ინიციატივები, რომ არა მხოლოდ ბარიერზე იყოს დავა, არამედ უნდა იყოს დავა იმაზე, რომ მოქალაქეებს გავლენა ჰქონდეთ პოლიტიკაზე. როცა პროპორციულ არჩევნებზე გადავალთ, მოქალაქეებს არავითარი გავლენა არ აქვთ პარტიული სიების ფორმირებაზე, პარტიები წყვეტენ, ვინ მოხვდება პარლამენტში, სიას ისინი ადგენენ და ეს სია იმთავითვე რანგირებულია. თუნდაც მოქალაქეთა გულის მოსაგებად შეიძლება არსებობდეს ისეთი წინადადება, რომ რანგირება თვითონ მოქალაქეებმა მოახდინონ. ეს ერთ-ერთი საკითხია, საკითხების ფართო წრე არსებობს. სულ ახლახანს პრემიერმა შემოგვთავაზა ახალი სოციალური პოლიტიკა, ახალი კურსი - რუზველტის ახალი კურსის ანალოგიურად, ეს არის სოციალური დახმარებების განაწილების ახალ სისტემაზე გადასვლა და ისეთი საფრთხეების შეზღუდვა, რაც დეპრესიას განაპირობებს. ვგულისხმობ ლუდომანიას - დამოკიდებულებას აზარტულ თამაშებზე, ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას და ა.შ. მოკლედ, უამრავი საკითხი არსებობს, რაზეც მხარეებმა პოზიტიური დღის წესრიგი უნდა დააფიქსირონ.