ზელენსკი: მოსკოვში უკვე შეუძლიათ სხვადასხვა დაგმობის კოლექციისგან შემდგარი მუზეუმის გახსნა - მადლობელნი ვართ დასავლეთის მხარდაჭერისთვის, მაგრამ კოლექტიური ძალისხმევა ჯერჯერობით საკმარისი არ არის

ზელენსკი: მოსკოვში უკვე შეუძლიათ სხვადასხვა დაგმობის კოლექციისგან შემდგარი მუზეუმის გახსნა - მადლობელნი ვართ დასავლეთის მხარდაჭერისთვის, მაგრამ კოლექტიური ძალისხმევა ჯერჯერობით საკმარისი არ არის

ჩვენს მიწასა და ჩვენს ხალხს ნებისმიერ ვითარებაში და ყოველგვარი ხელყოფისგან დავიცავთ - უკრაინელები თავიანთ თავისუფლებას არასდროს დათმობენ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითხვაზე - ევროპამ და აშშ-მა კრემლი დაგმეს და უკრაინის გვერდით დგანან, თუმცა თუ რუსები ხვალ თქვენს ქვეყანაში შეჭრას გადაწყვეტენ, იქნება თუ არა უკრაინის არმია წინააღმდეგობის გაწევისთვის მზად? - უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა:

ჩვენს მიწასა და ჩვენს ხალხს ნებისმიერ ვითარებაში და ყოველგვარი ხელყოფისგან დავიცავთ. უკრაინელები თავიანთ თავისუფლებას არასდროს დათმობენ. ამასობაში, მოსკოვში უკვე შეუძლიათ სხვადასხვა დაგმობის კოლექციისგან შემდგარი მუზეუმის გახსნა. მადლობელნი ვართ დასავლეთის მხარდაჭერისთვის, მაგრამ კოლექტიური ძალისხმევა ჯერჯერობით საკმარისი არ არის იმისათვის, რომ რუსული მხარე დაბრუნდეს არა მხოლოდ პროგნოზირებად პოლიტიკას, არამედ უბრალოდ არსებით მოლაპარაკებებს აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობის შესახებ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელ და რუს ლიდერებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო დაჯგუფების შემცირება არ მომხდარა.

„რუსეთმა ეს ომი 2014 წელს დაიწყო და მას შემდეგ ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ. სამწუხაროდ, ეს არ შეიძლება ითქვას ევროპის ყველა ქვეყანაზე. მაგალითად, გერმანიამ ბოლო დროს ხელი შეგვიშალა ნატოსგან დრონების საწინააღმდეგო და ანტისნაიპერული სისტემების მიღებაში, რაც თავდაცვითი შეიარაღებაა. ომის მერვე წელს არ გვაქვს ამის უფლება? ცხადია გვაქვს. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც თავს აგრესიისგან იცავს, უნდა ჰქონდეს უფლება შეიძინოს ასეთი თავდაცვითი ინსტრუმენტები, მაგრამ ზოგიერთ დედაქალაქში კვლავ შიში ჭარბობს“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

12 დეკემბერს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა გერმანია ნატოს მეშვეობით კიევისთვის იარაღის მიწოდების ბლოკირებაში დაადანაშაულა.

ალექსეი რეზნიკოვმა გამოცემა Financial Times-ს განუცხადა, რომ ნოემბერში, ბერლინმა ვეტო დაადო უკრაინის მიერ ნატოს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს მეშვეობით დრონების საწინააღმდეგო და ანტისნაიპერული სისტემების შეძენას.

„ისინი ჯერ კიდევ აშენებენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენს და ამავე დროს თავდაცვითი შეიარაღების შეძენას გვიბლოკავენ. ეს ძალიან უსამართლოა“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.