პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი მიიჩნევს, რომ საბჭოთა ანაბრების საკითხზე მუშაობისას უმთავრესი ამოცანა ანაბრების რეალური მოცულობის დადგენაა. ამის შესახებ ონოფრიშვილმა მედიასთან საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას ამ მიმართულებით მუშაობას უკვე იწყებს და სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე სპეციალურმა კომისიამ ანაბრების მოცულობა უნდა დაადგინოს.
ონოფრიშვილი აცხადებს, რომ მისი აზრით, კომისია, პირველ რიგში, საბჭოთა ანაბრების ინვენტარიზაციაზე იმუშავებს, რათა დადგინდეს რეალურად რა მოცულობის ვალდებულებასთან აქვს საქმე სახელმწიფოს. „საუბარია ინფლაციური პროცესების განვითარებამდე არსებულ მდგომარეობაზე. შემდგომ განიხილება, თუ რა რესურსებით შეიძლება ამ ვალის გასტუმრება. პროცესი იქნება დროში გაწერილი. ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, რა დრო, რამდენი წელი დასჭირდება ამ ვალდებულების მომსახურებას, თუმცა ვფიქრობ, უკვე წელსვე, ჩვენ შევძლებთ წარმოვადგინოთ რეალური მონახაზი, თუ რა შეიძლება შევთავაზოთ მოსახლეობას ამ საკითხის მოსაგვარებლად“,– აცხადებს ონოფრიშვილი.