„არაა კარგი, როდესაც ორ ვაქცინას ერთმანეთს ვადარებთ, მაგრამ სიმპტომური კოვიდის წინააღმდეგ „ფაიზერი“ უფრო ეფექტურია, ვიდრე „სინოფარმი“ და „სინოვაკი“

„არაა კარგი, როდესაც ორ ვაქცინას ერთმანეთს ვადარებთ, მაგრამ სიმპტომური კოვიდის წინააღმდეგ „ფაიზერი“ უფრო ეფექტურია, ვიდრე „სინოფარმი“ და „სინოვაკი“

კოვიდ19-ის კიდევ ერთი ახალი შტამის „ომიკრონი“-ს შესახებ ჯერ კიდევ დაზუსტებით ინფორმაცია არ არსებობს. მეცნერები და ვაქცინოლოგები მუშაობენ თუ რომელი ვაქცინა იქნება ახალი შტამის მიმართ უფრო მეტად თავდაცვითუნარიანი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით for.ge ვაქცინოლოგ ნინო გოგიჩაძეს ესაუბრა. ვაქცინოლოგისგან მივიღეთ პასუხი კითხვაზე - რამდენად მალე გამოჩნდება მსოფლიო ბაზარზე კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტები და შეუწყობს თუ არა ის პანდემიის დასრულებას ხელს?

ის ვაქცინები, რომელიც საქართველოშია, რამდენად იცავს კოვიდის ახალი შტამი „ომიკრონისგან“ ადამიანებს?

- აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დიდად ბევრი სათქმელი არ არის, რადგან ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს. თუმცა, რა ვიცით დანამდვილებით, ისაა, რომ თუ ორჯერადად აცრილ ადამიანს ავიღებთ (ვგულისხმობ „ფაიზერით“ აცრილს) და ბუსტერი აქვს გაკეთებული, თუ შევადარებთ მხოლოდ ორჯერად აცრილს, დაბუსტერებული ადამიანის იმუნიტეტი „ომიკრონის“ წინააღმდეგ უფრო მდგრადია. თუმცა, გადაჭრით იმასაც ვერ ვამბობთ, რომ ორჯერადად აცრილ ადამიანს „ომიკრონი“ მძიმედ დაემართება. უბრალოდ, სიმპტომური კოვიდის წინააღმდეგ სამი ვაქცინა უფრო ეფექტურია, ვიდრე ორი.

რატომ არის უპირატესი „ფაიზერი“ და არა ჩინური ვაქცინები „სინოფარმი“ და „სინოვაკი“?

- „ომიკრონი“ ახალი შტამია, სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა და ჯერჯერობით მხოლოდ „ფაიზერმა“ და „ასტრაზენეკმა“ გახადა საჯარო ინფრომაცია. რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ „სინოვაკიც“ მუშაობს, რომ გაარკვიოს რამდენად ეფექტური იქნება მათი ვაქცინა „ომიკრონის“ წინააღმდეგ. საერთოდ, არაა კარგი, როდესაც ორ ვაქცინას ერთმანეთს ვადარებთ, მაგრამ უხეშად რომ ვთქვათ, სიმპტომური კოვიდის წინააღმდეგ „ფაიზერი“ უფრო ეფექტურია, ვიდრე „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. თუმცა, ერთმნიშნელოვნად სამივე ვაქცინა ეფექტურია მძიმე კოვიდის წინააღმდეგ, ანუ ადამიანი რომ არ მოკვდეს, რეალურად ჩვენი მიზანიც ეს არის. ამიტომ, სავარაუდოა, რომ „ომიკრონის“ წინააღმდეგაც „სინოფარმსა“ და „სინოვაკსაც“ გარკვეული თავდაცვიანობა ექნება.

რატომ აქვს „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“ ნაკლები ნდობა?

- ზოგადად, მსოფლიოში ყველაზე მეტად ჩინურ ვაქცინებია გამოყენებული. უბრალოდ, დასავლური მედიცინა აღმოსავლური მედიცინისგან ძალიან განსხვავდება. აღმოსავლური ვაქცინა ან მედიკამენტი ევროპაში ან ამერიკაში რომ შევიდეს, ბევრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს და ჩინური ვაქცინები ბევრ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს. თუმცა, არასწორად არ მინდა ეს გაგებული იყოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ცუდია. უბრალოდ, დასავლური ვაქცინისგან დამოუკიდებლად აკეთებს საქმეს. ასევე, ჩინეთს არაფერში არ ჭირდება, რომ ევროპის ან ამერიკის ბაზარზე გავიდეს, ისედაც მსოფლიოს ბაზრის უმეტესობა დაკავებული აქვს.

თუ ადამიანი ჩინური ვაქცინით არის აცრილი, რამდენად არის მიზანშეწონილი, რომ სხვა ტიპის ვაქცინა გაიკეთოს?

- უსაფრთხოების თვალსაზრისით არაფერი შავდება, თუკი ჩინური ვაქცინის შემდეგ, მოქალაქე ბუსტერ დოზას სხვა ვაქცინით გაიკეთებს. საქართველოში დრო შემცირდა და ვინც ჩინური ვაქცინით არის აცრილი, „ფაიზერით“ ბუსტერ დოზის გაკეთება სამ თვეში შეუძლიათ. სამწუხაროდ, კვლევა არ არის ჯერ იმისა, მაგალითად, ვინც ორჯერ „სინოფარმით“ არის აცრილი და შემდეგ ბუსტერი „ფაიზერით“ გაიკეთა, „ომიკრონის“ წინააღმდეგ რა დაცვა ექნება. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა - ეს არის უსაფრთხო და ამით არაფერი შავდება. ეგ კი არადა ვიცნ ჩინური ვაქცინით არის აცრილი და ისეთ ქვეყანაში მიემგზავრება, სადაც მხოლოდ „ფაიზერს“ აღიარებენ, შეუძლიათ „ფაიზერით“ ორჯერადად აიცრან.

ამ კითხვას არ ეხება, მაგრამ ძალიან მინდა აღვიშნო, ადრე ვინც კოვიდი გადაიტანა, შეიძლება აცრილების იმუნიტეტთან ვერ შევადაროთ, მაგრამ ასე თუ ისე, მათ იმუნიტეტს დამცველობა ჰქონდათ და რეინფიცირება მალე არ მოხდებოდა. სამწუხაროდ, „ომიკრონის“ შტამის შემთხვევაში ასე არ არის. ბუნებრივი იმუნიტეტი ვისაც აქვს, მაღალი შანსია, რომ „ომიკრონის“ შტამი დაემართოთ.

თუ ადამიანი ორჯერ არის აცრილი, პლუს კოვიდი გადაიტანა, ბუსტერ დოზა რამდენად არის საჭირო?

- საქართველოში ასეთი რეგულაციაა - ადამიანი ბუსტერს იკეთებს თუ პირველად იცრება, არ აქვს მნიშვნელობა, კოვიდის დადასტურებიდან 30 დღის შემდეგ შეუძლია ვაქცინა გაიკეთოს. 30 დღე ითვლება, რომ ადამიანს კოვიდგადატანის შემდეგ, იმუნური დაცვა მაინც აქვს. თუმცა, ისრაელში და ამერიკაში, გამოჯანმრთელების მეორე დღიდან შესაძლებელია აცრა. ადამიანი აუცილებლად უნდა დაიბუსტოს. ორჯერადად აცრილი და დაბუსტული ხომ კარგია, მაგრამ ორჯერადი აცრილი და პლუს ამას, თუ შუალედში კოვიდი გადაიტანა, დაიმატა კიდევ ბუსტერი, საუკეთესო შესაძლებელი დაცვა ექნება. ბუნებრივად გადატანილ იმუნიტეტსაც თავისი პლუსები აქვს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტებს უშვებს. თქვენ როგორც ვაქცინოლოგი რა ინფორმაციას ფლობთ?

- კოვიდის გარდა სხვა ინფექციებიც არის გავრცელებული, მაგალითად, კოვიდამდე ტუბერკულიოზი იყო, რომლითაც ადამიანები იღუპებოდნენ. ვერანაირ ინფექციას ვერ დავასრულებთ ეფექტური ვაქცინის გარეშე. კი, რა თქმა უნდა, მედიკამენტები ძალიან გვჭირდება. აივინფეცია და ტუბერკულიოზის გავრცელება შეჩერებულია იმიტომ, რომ მედიკამენტებიც გვაქვს, თუმცა, ამ ეტაპზე, კოვიდის ინფიცირებას იქამდე ვერ გავაქრობთ, ვიდრე ადამიანები მასობრივად არ აიცრებიან. სამწუხაროდ, ანტივირუსული მედიკამენტები არცთუ იოლი შესაქმნელია. ვირუსი არის უჯრედშიდა პარაზიტი და ისეთი მედიკამენტი გვჭირდება, რომელიც უჯრედში შევა.

თუმცა, გვახსოვს როდესაც „ღორის გრიპი“ გავრცელდა, მისი საწინააღმდეგო მედიკამენტი „ტამიფლუ“ გამოიგონეს და ეფექტურიც აღმოჩნდა...

- თუ ადამიანს „ღორის გრიპი“ აქვს, აქვს ასევე 40 გრადუსი სიცხე, ვიცით, რომ გრიპი აქვს, ვნიშნავთ „ტამიფლუს“. თუმცა, „ტამიფლუ“ პანაცია არაა, დალევს ადამიანი და ერთ დღეში ადამიანი კარგად კი არ ხდება. უბრალოდ, „ტამიფლუს“ მიღების შემდეგ ადამიანი არ დამძიმდება. „ტამიფლუს“ მოქმედების მექანიზმი ვერ მიესადაგება კორონავირუსს, რადგან „ღორის გრიპი“ კოვიდ19-ის ვირუსისგან განსხვავდება.

იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტები გამოჩნდება ბაზარზე, შეიძლება ითქვას, რომ პანდემია აღარ იქნება და კოვიდი ჩვეულებრივ გრიპის ვირუსად გარდაიქმნება?

- თუკი გვექნება ვაქცინა და პლუს მედიკამენტებიც, კოვიდის ასე აღარ შეგვეშინდება და მას შევხედავთ ჩვეულებრვ როგორც სეზონურ გრიპს. სეზონური გრიპის დროს ქვეყნები არ იკეტება და კარანტინში არ ვზივართ. რეალურად, მსოფლიო ამისკენ მიდის და, თუკი ხალხი მასიურად აიცრება, კოვიდი მართლაც გრიპივით გახდება. თუმცა, ჯერ ამისგან შორს ვართ.