„ვის რაში სჭირდება გაუგებარი ქვეყნის აგენტი, არა ორმაგი, შეიძლება სამმაგიც, რომლის მთავარი გამოყენებითი ფუნქციაა დესტაბილიზაცია, რევოლუციები, გადატრიალებები?!“

„ვის რაში სჭირდება გაუგებარი ქვეყნის აგენტი, არა ორმაგი, შეიძლება სამმაგიც, რომლის მთავარი გამოყენებითი ფუნქციაა დესტაბილიზაცია, რევოლუციები, გადატრიალებები?!“

„როდესაც ბიძინა ივანიშვილი „ნაცმოძრაობას“ და სააკაშვილს აფინანსებდა და დღემდე ყელყელაობს ექსპრეზიდენტი, ეს ავაშენე, ის ავაშენეო, რატომ არ მოაყოლებს, ვისი ფულებით ახორციელებდა პოლიციის რეფორმას, ვისი ფულით უხდიდა ხელფასებს მინისტრებს?“ - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე.

პროკურატურამ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, რაშიც სააკაშვილი რუსულ დაკვეთას ხედავს. ლორთქიფანიძის სახელი ლაფანყურის ავანტიურას უკავშირდება. დათა ახალაია სწორედ ლორთქიფანიძეს ადებდა ხელს, რომ ლაფანყურის ამბები ვანო მერაბიშვილმა მისი ძმის წინააღმდეგ გია ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა და ქისტი ძმები გადაგვკიდა. რამდენად რჩებიან ასეთი საეჭვო ადამიანები საყრდენად სააკაშვილისთვის?

- თითქმის დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ხელისუფლებიდან გაძევების შემდეგაც გია ლორთქიფანიძე აგრძელებდა კრიმინალურ საქმიანობას და უკანონოდ საზღვრის გადმოკვეთაში ეხმარებოდა სააკაშვილს. ბუნებრივია, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მთელი თავისი ბუნებით ის კრიმინალია და არა მარტო სააკაშვილს ეხმარებოდა საზღვრის უკანონო კვეთაში, არამედ მოსმენებთან, თვალთვალთან, მიყურადებასთან იყო კავშირში და ეს ადამიანი ამ კრიმინალურ საქმიანობას დღემდე აგრძელებს. ასეთი ხალხი ციხეში უნდა იჯდეს, სასჯელს უნდა იხდიდეს, ამ დროს კი მართლმსაჯულებას ემალებიან, ქვეყნიდან არიან გაქცეულნი. ადამიანი, რომელიც ემალება ქართულ მართლმსაჯულებას და გარბის ქვეყნიდან, ცხადია, საკუთარ თავს უდანაშაულოდ არ მოიაზრებს, თვითონაც იცის, რომ დამნაშავეა და ამიტომაც ემალება მართლმსაჯულებას. სააკაშვილის დანაშაულებრივი კლანი, ბუნებრივია, პრეზიდენტყოფილს უდანაშაულოდ მოიხსენიებს, რადგან თვითონაც არიან თანამონაწილეები ერთმანეთის დანაშაულში და თავის თავს ხომ არ დაადანაშაულებენ? მთავარია, თვითონ ქართული მართლმსაჯულება, ქართული სახელმწიფო როგორ იმოქმედებს და, ადრე თუ გვიან, ეს ადამიანები წარდგებიან თუ არა სასამართლოს წინაშე, აგებენ თუ არა პასუხს არა მარტო წარსულ დანაშაულებზე, არამედ ახლანდელზეც, ანუ განგრძობით კრიმინალურ ფაქტებზე.

შესაძლოა, ვანო მერაბიშვილიც იყოს ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, რომლის მარჯვენა ხელიც იყო გია ლორთქიფანიძე?

- რა თქმა უნდა, სულ არ არის გამორიცხული, ერთ-ერთი ფიგურანტი ვანო მერაბიშვილიც იყოს. კოაბიტაციის თემა მარადიულად წამოიწევს, როგორც დიდი შეცდომა, რადგან „ნაციონალები“ დღესდღეობითაც აგრძელებენ დანაშაულებრივ ქმედებებს. აქედან გამომდინარე, თუ დროზე არ მოხდა ამ ადამიანთა ალაგმვა, დაჭერა, დაპატიმრება კანონის ფარგლებში, თუ არ განხორციელდა მათ მიმართ ის, რასაც სამართალი და სამართლიანობა მოითხოვს, მათი მხრიდან დანაშაული არასოდეს არ აღმოიფხვრება, არ აღმოიფხვრება მიყურადება, თვალთვალი, აგენტურა, რასაც ისინი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ ეწეოდნენ და დღესაც ეწევიან. ამიტომ ძალიან აქტუალურია ამ ადამიანების პიროვნული პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და შემდგომ ისინი თავად ალაპარაკდებიან, თავიანთ ბანდას თვითონვე ამხელენ. მთავარია, დაიწყოს ამ ადამიანების დაკითხვები და სამართლებრივი მსვლელობა მიეცეს ყველაფერს.

უკრაინამ აღძრა საქმე სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით. აშკარაა, უკრაინას არ აქვს ინტერესი, სააკაშვილი დაიბრუნოს. ესეც ადასტურებს, რომ უკრაინა გათავისუფლდა სააკაშვილისგან?

- ვის რაში სჭირდება დესტრუქციული, გაუგებარი ქვეყნის აგენტი, არა ორმაგი, შეიძლება სამმაგი აგენტიც, რომლის მთავარი გამოყენებითი ფუნქციაა დესტრუქცია, ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციების არევა, დესტაბილიზაცია, რევოლუციები, გადატრიალებები?! ეს არის მისი აგენტურული სამუშაო. რატომ ენდომება სააკაშვილი უკრაინას? მე ვფიქრობ, როცა უკრაინამ იგი თავის დროზე მიიღო და დაასაქმა, უკრაინისთვისაც ეს იყო გარედან თავსმოხვეული და არა შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი. ეღირსათ სააკაშვილისგან გათავისუფლება, გააძევეს თავიანთი ქვეყნიდან და ახლა ვის რაში სჭირდება?

ალბათ, ამითაცაა განპირობებული, რომ სააკაშვილის ოჯახის წევრები (ლიზა იასკოსგან განსხვავებით) ითხოვენ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანას. გიული ალასანია იძახის, რომ თავისი შვილი ასეთ პასიურ მდგომარეობაში არ უნახავს, თავბრუსხვევა, ლოგინისკენ სწრაფვა, საკანში გამოკეტვა არის ის მიზეზი, რის გამოც უცხოეთში უნდა გააგზავნონ სააკაშვილი?

- რეალობა რა არის, ეს მეორე მხარეა. სააკაშვილი ასეთი სახის მკურნალობას მუდმივად საჭიროებდა, მაშინაც, როცა პრეზიდენტი ხდებოდა, მაშინაც, როცა პრეზიდენტი გახდა და, საერთოდ, პოლიტიკაში რომ მოვიდა, რა მდგომარეობაც ჰქონდა, დღესაც იგივე მდგომარეობა აქვს, მისი ფსიქიკური მდგომარეობა არ შეცვლილა. თუ მკურნალობას საჭიროებდა ეს ადამიანი, რატომ არ უმკურნალა დედამისმა თავის დროზე, პოლიტიკაში გაშვებისა და ავანტურაში ჩაბმის მაგივრად, მიეხედა მისთვის, თუ სააკაშვილს სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. აბა, ახლა პატიმრობით ადამიანი გაგიჟებულიყოს, ჯერ არავის არ უნახავს ასეთი რამ. ასეთი პატიმრობა ადამიანს არ აგიჟებს. რასაც სააკაშვილი აწამებდა ხალხს, ასეთი წამება შეიძლება გახდეს ფსიქიკური ტრავმის საფუძველი, მას კი ხელის გულზე ატარებენ, პატიმრობიდან გამოწვეული არანაირი ფსიქიკური ტრავმა მას არ გააჩნია. უბრალოდ, თავის დროზე რა ტრავმაც ჰქონდა, იმისთვის უნდა მიეხედათ, ამის ნაცვლად პრეზიდენტი გახადეს და ქვეყანას მართავდა 9 წელი. ახლა გაახსენდათ ფსიქიკური ტრავმები? ახლა კეთილი ინებოს და პასუხი აგოს იმ დანაშაულებისთვის, რაც მან ჩაიდინა ქვეყნის წინაშე. დედამისიც რომ გამოდის და მისი მომხრეებიც რომ გამოდიან, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველანი სამკურნალოები არიან, ყველას სჭირდება ფსიქიატრი. დედამისი ამბობს, ჩემს შვილს თავი პატიმარი ჰგონია, ისეთ მდგომარეობაშია საავადმყოფოში, იქ ბადრაგები ადგანან თავზეო. ადამიანს ვერ გაუცნობიერებია რეალობა, რეალობის აღქმა არ აქვს ამ ხალხს, თუ ასე თამაშობენ, მე არ ვიცი. რა ჩვენი და ჩვენი ბიუჯეტის პრობლემა გახადეს თავიანთი მკურნალობა, იმკურნალოს, კაცო, ერთმაც, მეორემაც და მესამემაც, თუკი ასეთი არანორმალური აზროვნება აქვთ. კაცს 6 წელი აქვს მისჯილი, სხვა საუბრის თემაა კიდევ, რომ უვადო უნდა ჰქონდეს მისჯილი და მხოლოდ 6 წელი აქვს, მიმდინარეობს კიდევ უამრავი სასამართლო პროცესი მის წინააღმდეგ და რა, ბადრაგი ეუცხოვათ?! ეს ნორმალური აზროვნებაა?

ზოგადად, დისიდენტების, პოლიტპატიმრების მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილები მათი თანამოაზრეებისთვის მნიშვნელოვანი გზამკვლევი და პოლიტიკური მოტივაციის წინაპირობა იყო, მაგრამ რას ნიშნავს სააკაშვილის წერილები ციხიდან - სიყვარულის ახსნა ირინა სარიშვილისთვის, ჟურნალისტებისთვის, დიზაინერებისთვის… მით უმეტეს, ირინა სარიშვილთან არ ჰქონდა კარგი დამოკიდებულება და მათი ახლანდელი ფლირტი ქართული პოლიტიკის მელოდრამადაც მოიხსენიება.

- ნამდვილად არ ჰქონდა სარიშვილთან კარგი დამოკიდებულება, თავის დროზე ლანძღავდა მას, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც გუშინ აგინებდა, შეაქებს და აიყვანს ცაში, თუკი ის დღეს სააკაშვილის გვერდით დადგება. თუ ადამიანი მისგან მიდის, მაშინ სააკაშვილი მას გალანძღავს და მიწაში ჩადებს. ეს მისი პოლიტიკაა. იმავე ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით რომ ამდენ სისულელეს და სიბინძურეს ლაპარაკობს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი „ნაცმოძრაობას“ და სააკაშვილს აფინანსებდა და დღემდე ყელყელაობს ექსპრეზიდენტი, ეს ავაშენე, ის ავაშენე, ეს გავაკეთე, ის გავაკეთეო, რატომ არ მოაყოლებს, ვისი ფულებით ახორციელებდა პოლიციის რეფორმას და ვისით აცმევდა ახალ-ახალ ფორმებს? ვისი თანხებით ყიდულობდა მანქანებს, ვისი ფულით უხდიდა ხელფასებს მინისტრებს? ესეც თქვას. შე დალოცვილო, ვიღაცის ფულით რაღაცას რომ აკეთებ და შენ იწერ, ეს უფრო ავადმყოფურია, ვიდრე ის, რაც გიული ალასანიამ თქვა, რომ სააკაშვილს ეძინება და წოლა უნდაო. მე მგონი, ავადმყოფური ფსიქოლოგიური მომენტია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გაკეთებულს საკუთარ თავზე იწერს. როგორც კი ბიძინა ივანიშვილმა შეუწყვიტა დაფინანსება, მაშინვე გახდა მისთვის საშინელება, მონსტრი, ოლიგარქი... არ ვიცი, სად წაგვიყვანს ის ჩამონათვალი, რასაც სააკაშვილი ბოდავს ივანიშვილის მიმართ. „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია“, ეს პრინციპი აქვს და ჰქონდა სააკაშვილს. ის „მტერი“ თუ ისევ მისკენ შეტრიალდება, ცაში აიყვანს. დღეს ბიძინა ივანიშვილმა ასი ლარი რომ მისცეს, ადგება და შეაქებს ბიძინა ივანიშვილს. სააკაშვილი არის უპრინციპო და ღირსების არმქონე ადამიანი, რომელიც ყველას ყველაფერს აკადრებს, თუ ეს მის ინტერესებში შედის. მისი მხრიდან ცალკეული ადამიანების ლანძღვა და ქება იმაზე კი არაა დამოკიდებული, ეს ადამიანი როგორია, არამედ იმაზე, თავისიანად ხედავს, თუ თავისიანად არ ხედავს გასალანძღ თუ შესაქებ ობიექტს.