საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ შედგეს ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების შეხვედრა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა არ ჰქონია.
ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში გიორგი მარგველაშვილის წინადადების შეფასებისას აცხადებენ, რომ სამი პრეზიდენტის შეხვედრა ვერანაირ გარდამტეხ ცვლილებას ვერ შეიტანს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, რომ ქვეყანა გამოვიდეს ჩიხიდან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი აცხადებს, რომ მარგველაშვილის ინიციატივა შესაძლოა, სააკაშვილის გათავისუფლების საწინდარი იყოს.
თავის მხრივ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა მარგველაშვილის წინადადებას და თქვა, რომ მხარს უჭერს მის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, რათა „მივაღწიოთ უახლოესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.
ზურაბიშვილმა რეალურად დიდი შერიგება დააანონსა. აქაც, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზურაბიშვილის განცხადება შერიგების შესახებ, ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების წინაპირობად აქცია.
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მარგველაშვილის ინიციატივა შედეგის მომტანი არ იქნება. მისივე თქმით, ქვეყანა ხელოვნურ კრიზისში იმყოფება, რასაც „ქართული ოცნება“ სათავისოდ იყენებს. როგორც მან აღნიშნა, სალომე ზურაშვილის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს, თუმცა, მისივე შეფასებით, ეს, დიდი ალბათობით, არ მოხდება.
„ძალიან კეთილშობილური ინიციატივაა, მაგრამ არ მგონია, რომ რამე შეცვალოს, რადგან ინიციატორი გიორგი მარგველაშვილია, დღის წესრიგიც მან განსაზღვროს. შესაძლოა, ასე ილაპარაკონ მოქმედმა, ყოფილმა და პატიმარმა პრეზიდენტებმა, მაგრამ რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ისეთზე, რომელიც შესრულებადი იქნება?! - „ქართულ ოცნებაში“ დღეს სალომე ზურაბიშვილი არ არის წამყვანი და „ქართული ოცნება“ არაა მზად, რომ გარკვეული პოზიციები დათმოს.
რასაც კრიზისს ვეძახით, სინამდვილეში არ არის კრიზისი, ესაა ხელოვნური კრიზისი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აწყობს, - არაფერი აკეთოს, პასუხი არაფერზე აგოს და ყველაფერი დააბრალოს „ნაციონალურ მოძრაობას“ და სააკაშვილს. „ოცნებას“ დათმობა რომ უნდოდეს, არ დასჭირდებოდა მარგველაშვილის მხარდაჭერა. ასე რომ, ამით არაფერი შეიცვლება.
რაც შეეხება შეწყალებას - შესაძლებელია, სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან მკაფიო ინსტრუმენტი, ამაში ვერავინ შეუშლის ხელს, გარდა მისი სინდისისა და ნამუსისა. მან უკვე ორჯერ, მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს არ მოხდება. შეიძლება გადათქვას, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ შეიწყალოს. მთავარი ეს არ არის, მთავარია მალე დასრულდეს სასამართლო და სააკაშვილი გაუშვან უკრაინაში, თუმცა მგონი არც უკრაინა ითხოვს, არ სჭირდება ბეჩავი ადამიანი. ჯერჯერობით „ქართულ ოცნებას“ აწყობს სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძისთვის გაუგებარია პრეზიდენტის განცხადება შერიგებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება თავად იდეას, For.ge-სთან საუბარში ანალიტიკოსი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა“ შერიგებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაშია თანახმა, თუკი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროს დატოვებს და გათავისუფლდება.
„ვის შორის უნდა მოხდეს შერიგება? სიტყვების ასე სროლა პრეზიდენტის მხრიდან... გასაგებია, რომ სამიტზე ასე უნდა ეთქვა ის, რაც იქაურ აუდიტორიას მოეწონებოდა და შესაძლოა, ლამაზად ჟღერდა, მაგრამ შერიგების არსი გაუგებარი დარჩა, ვის უნდა შეურიგდეს, რა პირობებით? ოპოზიციამ შერიგება მაშინვე დაიყვანა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე. დააყენეს წინაპირობა, დანარჩენ საზოგადოებას უთხრეს, რომ თუკი გინდათ შეგირიგდეთ, გამოუშვით სააკაშვილი და შემდეგ ვილაპარაკოთ შერიგებაზეო. ამით თავად შერიგების იდეაც კი გაუფასურდა.
ის საზოგადოება, ვინც სამართლიანობის აღდგენას ითხოვს, არ მგონია, რომ ენთუზიაზმით შეხვდეს სალომე ზურაბიშვილის ამ მოწოდებას, თუ ვერ დაინახეს, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა მოინანიეს მაინც ის, რაც ჩაიდინეს. შერიგების იდეა მკვდრადშობილი ბავშვის შთაბეჭდილებას მიტოვებს. ალბათ, გარკვეული პერიოდი იტრიალებს საზოგადოებაში ეს საკითხი, „ნაცმოძრაობა“ და მასთან აფილირებული ჯგუფები შეეცდებიან ამის აქტუალიზაციას, შემდეგ ეს ჩაიფერფლება, რადგან საზოგადოება ამისთვის მზად არ არის, როდესაც გარკვეული არ არის შერიგების არსი“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.
გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი ინიციატივის გაჟღერებისას აღნიშნა, რომ ქვეყნის ისტორიაში კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი არ უნდა ჩაიწეროს.
„რა პოზიციაც მაქვს ამ საკითხზე, საზოგადოებისთვის ნათელია. მიმაჩნია, ქვეყნის ისტორიაში კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი რომ არ ჩაიწეროს და არ მოგვიხდეს ქართველებს იმის მტკიცება, რომ როგორც კი კრემლს არ მოეწონება ჩვენს მიერ არჩეული ადამიანი, ბოლოს ეს ადამიანი სიკვდილამდე მიგვყავს, რომ არ მოგვიწიოს მტკიცება, რომ რუსეთის ამა თუ იმ ფორმით მანიპულირებული საზოგადოება ვართ, ეს სირთულე უნდა მოიხსნას და დამთავრდეს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.