ევროკავშირმა რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. კერძოდ, სანქციები დაუწესდა თავად „ვაგნერს“, რვა ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს.

ევროკავშირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ვაგნერის“ ჯგუფმა კერძო სამხედროები დაიქირავა, გაწვრთნა და მსოფლიოს მასშტაბით კონფლიქტის ზონებში გაგზავნა ძალადობის გამწვავების, ბუნებრივი რესურსების ძარცვისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, რაც საერთაშორისო სამართლის, მათ შორის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

ევროკავშირის მიერ ჩამოთვლილი პირები ჩართულნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში, მათ შორის წამებასა და მკვლელობებში, ან ზოგიერთ ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამომწვევ საქმიანობაში, მათ შორის ლიბიაში, სირიაში, უკრაინასა (დონბასი) და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

ევროკავშირის გადაწყვეტილებით აღნიშნულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ანგარიშებს დაუყადაღებენ. ასევე აღნიშნულ პირებს ევროკავშირში შესვლა აეკრძალებათ.