თვეების განმავლობაში, გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი ნატოს მექანიზმის ფარგლებში უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას ბლოკავდა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, 2021 წლის მაისიდან გერმანია ნატოს მექანიზმს იყენებს, რათა ალიანსის სხვა წევრებს უკრაინისთვის იარაღის გაყიდვაში ხელი შეუშალოს.
როგორც Bild-ი იუწყება, 2021 წლის დასაწყისში უკრაინამ ნატოს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს მეშვეობით დრონების საწინააღმდეგო და ანტისნაიპერული სისტემები შეიძინა, თუმცა მაისში გერმანიამ და ნიდერლანდებმა აღნიშნული გარიგება დაბლოკეს.
წყაროს ინფორმაციით, ნიდერლანდებმა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება გერმანიის მითითებით დაბლოკა, რადგან ანგელა მერკელის მთავრობას არ სურდა ისე გამოჩენილიყო, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მხოლოდ გერმანია ბლოკავს.
12 დეკემბერს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა გერმანია ნატოს მეშვეობით კიევისთვის იარაღის მიწოდების ბლოკირებაში დაადანაშაულა.
ალექსეი რეზნიკოვმა გამოცემა Financial Times-ს განუცხადა, რომ ნოემბერში, ბერლინმა ვეტო დაადო უკრაინის მიერ ნატოს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს მეშვეობით დრონების საწინააღმდეგო და ანტისნაიპერული სისტემების შეძენას.
„ისინი ჯერ კიდევ აშენებენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენს და ამავე დროს თავდაცვითი შეიარაღების შეძენას გვიბლოკავენ. ეს ძალიან უსამართლოა“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.