შესაძლოა თუ არა შერიგების იდეას ეკლესია და საპატრიარქოც შეუერთდეს? უფრო მარტივი იქნება თუ არა პოლიტიკური სპექტრის იმ ინსტიტუტის დახმარებით შეხვედრა, რომელიც საზოგადოებაში უფრო მეტი ავტორიტეტით სარგებლობს? თუმცა აქამდე კვლავ უცნობია მხოლოდ პოლიტიკური ელიტა რიგდება თუ ორად გახლეჩილი და პოლარიზებული ქართული საზოგადოება? ან შერიგების თემა რა უნდა იყოს და დათმობას რომელი მხარე აპირებს? თუკი მხოლოდ „ნაციონალები“ და „ოცნება“ რაღაცაზე მორიგდებიან, ეს მათ მხადამჭერებს რამდენად მოეწონებათ?
ასევე ჯერ კიდევ უცნობია, რა აზრის არის ქვეყნის მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „სამი პრეზიდენტის“ შეხვედრის შესაძლებლობაზე. მედიის კითხვის პასუხად ზურაბიშვილმა თქვა: „ახლავე მოგიყვებით ყველაფერს“. მედიის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილისგან პასუხის მიღებას მის სახლთან ცდილობდნენ. საქართველოს პრეზიდენტს რამდენჯერმე აქვს განმარტებული, რომ ის ქუჩაში დასმულ შეკითხვას არ პასუხობს. ამიტომაც ის ჟურნალისტებთან აღარ გამოჩენილა. ახლა მთელი პოლიტიკური სპექტრი მის პასუხს ელის. მისმა ინიციატივამ, რომლის შესახებაც მან აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე ისაუბრა 10 დეკემბერს და რომელსაც საქართველოს ორი ყოფილი პრეზიდენტი გამოეხმაურა, გარკვეული პოლიტიკური მოლოდნი გააჩინა. საბოლოოდ შერიგების იდეას რა განვითარება ელის, კვლავ უცნობია.
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, ინკლუზიურ პროცესს წამოიწყებს: „დავიწყებ საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა კი ქადაგებისას საყოველთაო შერიგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს შერიგება ეკლესიის წიაღში უნდა მოხდეს.
„შეიძლება ერთი მხარე ავირჩიოთ - ეს არის საქართველო და ყველა უნდა დავდგეთ საქართველოსთან, იმიტომ, რომ საქართველო ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სამშობლო და ჩვენი სახელმწიფოა. სხვა სამშობლო ჩვენ, ქართველებს და აქ მცხოვრებ ხალხს არ გაგვაჩნია, ეს არის და ვერავინ ვერ შეგვიცვლის.
ვიღაცებს უნდა თავზე რაღაცა მოგვახვიოს, მასე არ გამოვა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, მე ვიქნები, სხვა იქნება, საზოგადოების ნაწილი თუ ხელისუფლებები, ის შეცდომები თუ დანაშაულებები, რაც ჩვენ ერთმანეთის მიმართ მიგვიძღვის. დაწყებული, ალბათ, იმით, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას როგორ მოვეპყარით, დაიწყეს ძმათამკვლელი ომი და დავზარალდით ქვეყანა, შემდეგ აფზახეთში და ცხინვალის რეგიონში გადაგვივიდა ეს საკითხები და კარგად ვხედავთ, დღეს როგორ მდგომარეობაში ვართ“, - ამბობს მეუფე იაკობი.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ამ შერიგების პროცესში უშუალოდ საპატრიარქო და პატრიარქიც რომ ჩაერთოს, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ოცნება“ მიდგომებს არ შეცვლის. ანაჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ შერიგება რაღაცა კონკრეტული შედეგით უნდა დასრულდეს. თუმცა ორივე მხარე უკვე წითელ ხაზებს აწესებს. ამიტომაც პროცესი იდიაშივე უკვე ჩიხშია შესული, ვინც არ უნდა ჩაერთოს, აზრი არ აქვს.
„აქ მთავარი სუბიექტები „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არიან. მათ რაღაცაზე უნდა მოილაპარაკონ. თუმცა იდეაშივე ეს მოლაპარაკება, თუ შერიგება განწირულია. ორივე მხარე რაღაცა საზღვრებს აწესებს. „ენმ“ მიხეილ სააკაშვილის უპირობა გათავისუფლებას ითხოვს, „ოცნება“ მათი მხრიდან დანაშაულის აღიარებას. ორივეს უკვე გამარჯვება უნდა და არც ერთი დათმობას არ აპირებს.
რა მნიშვნელობა აქვს მოლაპარაკებაში ვინ ჩაერევა, იქნება ეს საპატრიარქო თუ უშუალოდ პატრიარქი? აქაც სრულიად გაურკვევლობაა, ვინ რიგდებიან - პოლიტიკური ელიტა თუ ორად გაყოფილი ჩვენი საზოგადოება? ესეც არ ვიცით და ამის თაობაზე მხარეებს ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ. თუ საპატრიარქო გამოვიდა ინიციატივით, რომ შეხვდნენ, არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეხვედრა შედგეს. თუმცა ესეც მხოლოდ მოსაჩვენებელი შეხვედრა იქნება, სადაც არცერთი მხარე დათმობაზე მაინც არ წავა“, - აცხადებს ზაალ ანაჯაფარიძე.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილიც ამ შეხვედრას და შერიგების საკითხს სკეპტიკურად უყურებს. ანალიტიკოსი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მოლაპარაკებები უფრო მაფიის ორი ბოსის ერთმანეთში გარჩევასა და გარიგებას დაემსგავსება. ეს არ იქნება საზოგადოების ინტერესების დასაცავად გაკეთებული, და არც არაფერს მოიტანს.
„რა მნიშვნელობა აქვს ვინ შეხვდებიან, სად და ვინ იქნება ამის ინიციატორი? გინდა ეს პრეზიდენტები იყვნენ და გინდაც საპატრიარქო. ასეთი ტიპის შეხვედრებით პოლიტიკურ მოცემულობაში, რაც საქართველოშია, რა შეიცვლება? მეორეც ეს იქნება რაღაცა სახის გარიგება და არა შერიგება. შერიგება უნდა მოხდეს არა პრეზიდენტებსა და პოლიტიკურ ელიტას შორის, არამედ საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს შერიგების საფუძველი, რომელიც ჩნდება მხოლოდ სისტემური ცვლილებების ინიცირების შედეგად და არა ვიღაც ე.წ. ერის მამების შეხვედრის შედეგად.
საზოგადოებაში არ უნდა ჩნდებოდეს განცდა, რომ ამ შერიგების თუ გარიგების მთავარი მიზანი ვიღაცის ინტერესების დაკმაყოფილებაა. ასეც არის, ორივე მხარე საკუთარ ინტერესებს აყენებს. ვხედავთ, რომ საბნის გადაქაჩვის პრინციპით მოქმედებენ. როდესაც არ არის სამართლიანობის განცდა და სისტემის სამართლიანობა ეჭვქვეშ დგას, რომ რაღაცაზე მორიგდნენ, ეს გრძელვადიანი სტაბილურობისა და გრძელვადიანი მშვიდობის საფუძველს ვერ შექმნის“, - ამბობს ხუხაშვილი.
მისივე აზრით, ეს შეხვედრა არ შედგება და სალომე ზურაბიშვილი ამ ფორმატის შეხვედრაზე მაინც არ მივა. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ გარიგების საგანი შესაძლოა სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გაშვება იყოს, მაგრამ ამით საზოგადოებას რა? - არაფერი.
„იმაზე უნდა ვინერვიულოთ ბიძინა და მიშა ჩამოართმევენ თუ არა ხელს და ამით დალაგდება ამ ქვეყნის პრობლემები? არაფერი ამით არ დალაგდება. დღეს გარიგდებიან, ხვალ კიდევ გადააგდებენ ერთმანეთს და კიდევ იჩხუბებენ. ჩვენ გვჭირდება საზოგადოების გამთლიანება და არა პარტიული ბოსების შერიგება, რომელმაც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, ამაზე ორივე მხარეს აქვს პასუხისმგებლობა. ეკლესია რამდენად შეძლებს ამას არ ვიცი, რადგანაც ამისთვის მზად თავად საზოგადოება უნდა იყოს. სხვაგვარად არანაირ შერიგება-გარიგებას აზრი არ აქვს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.