სააკაშვილისგან ქებას იმსახურებს ნინო ლომჯარია, რომელიც მუდამ სააკაშვილის სადარაჯოზეა. პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ლომჯარიასთვის „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა, როგორც პოლიტიკური ოპონენტი და არა ხელისუფლება, რომელიც უნდა აკრიტიკო.
ლომჯარიას მსგავსად, სააკაშვილს ასევე მეორე „სახალხო დამცველი“ გამოუჩნდა. პრეზიდენტყოფილს გამუდმებით იცავს და მის გათავისუფლებას „უსაფრთხოების არმქონე“ ქართული ციხიდან მოითხოვს მარიამ ჯიშკარიანი და მისი „ემპათია“. მისი თქმით, როდესაც ევროსასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ციხეთა სისტემა არ იყო ნავალნისთვის უსაფრთხო, ამის ნიადაგზე იგი გათავისუფლდა. ჯიშკარიანის აზრით, ანალოგიური პრინციპი უნდა გატარდეს სააკაშვილის მიმართაც.
მართლაც ყალიბდებიან თუ არა „ქართული ოცნების“ ოპონენტებად ცალკეული ორგანიზაციები?
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე for.ge- სთან საუბრისას მარიამ ჯიშკარიანთან პირველ შეხვედრას იხსენებს და განმარტავს, რომ მარიამ ჯიშკარიანი იმთავითვე „ნაციონალური მოძრაობის“ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენდა.
„პირველად, როდესაც მარიამ ჯიშკარიანი შემოიყვანეს არასამთავრობო სექტორში, დავით სიხარულიძემ მოიყვანა იუსტიციის სამინისტროში. იმ დროს ციხეებში მონიტორინგის ჯგუფს ვქმნიდით, დავინახე, იჯდა ეს უცნობი ადამიანი. ვიკითხე, ვინ არის ეს ქალი-მეთქი, რადგან ჩვენ არ ვიყავით გაფრთხილებულნი, ჩვენ გვყავდა არასამთავრობოები, ვინც მუშაობდნენ ან სფეროში. დათო სიხარულიძემ კი მითხრა, ეს ადამიანი ჩვენიანია, ნუ ნერვიულობ, ნანა, რასაც დავავალებთ, იმას გააკეთებსო. მე ვუთხარი, რად გვინდა ასეთი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს? ხალხის მეტი რა გვყავს, ამას რა გამოცდილება აქვს, საიდან მოვიდა? ჩემიანია, რა იყო, ეს ერთი ადამიანი მიიღეთო. ეს იყო „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი იმთავითვე და პირადად დათო სიხარულიძის მოყვანილი, რომელიც თავდაცვის მინისტრი გახდა მოგვიანებით. დათო სიხარულიძეს კიდევ ვინ დაავალა მისი მოყვანა და რის გამო შემოიყვანა მარიამ ჯიშკარიანი ჩვენთან, არ ვიცი. ის დაფინანსებები, რომელიც მასზე მოდიოდა, ის პიარი, რომელიც მათ მარიამ ჯიშკარიანს დაუმსახურებლად შეუქმნეს, ესეც მოდიოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტური საქმიანობიდან, რომლებიც მაშინ ყველა ფონდს და ყველაფერს აკონტროლებდნენ და დღესაც აკონტროლებენ საერთაშორისო ფონდებს და დაფინანსებებს. „თავისუფლების ინსტიტუტი“ და „ნაცმოძრაობა“ ერთი და იგივეა, ტოლობის ნიშანია მათ შორის. ამიტომაც ხდებოდა ამ ადამიანის ორგანიზაციის დაფინანსებაც და მხარდაჭერაც. დღეს მარიამ ჯიშკარიანი ნაციონალებს უხდის ხარკს“, - გვითხრა ნანა კაკაბაძემ.
რაც შეეხება ნინო ლომჯარიას, ნანა კაკაბაძე ფიქრობს, რომ ამ ადამიანმა ჩამოშალა ომბუდსმენის ინსტიტუტი საქართველოში, თავისი მიკერძოებულობით, ტენდენციურობით, თანაც, ამ ტენდენციურობა-მიკერძოებულობაში პროფესიონალიზმი არ ჩანს.
ნანა კაკაბაძის განმარტებით, შეიძლება ადამიანი მიკერძოებული იყო, მაგრამ შენი პროფესია გესმოდეს, იცოდე შენი სტანდარტები და რაღაცას უსადაგებდე მაინც. ნინო ლომჯარია კი უვიცი მიკერძოებულია, ომბუდსმენის ინსტიტუტისთვის ისეთ მიუღებელ პოზიციებს აფიქსირებს, რომ არავინ იცის, რამდენი წელი დასჭირდება შემდგომ ომბუდსმენს, რომ ეს გამოსწორდეს.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილიც ადასტურებს, რომ ნინო ლომჯარია, მარიამ ჯიშკარიანი და სხვები ასე თავგადაკლულად იმიტომ იცავენ სააკაშვილს, რომ მასთან დაკავშირებულნი არიან კლიენტელიზმით. ასეთნაირად აქვთ ურთიერთობები აწყობილი, ანუ ირჩევენ პატრონს, რომლისგანაც შოულობენ ფულს და მისგან ელიან სარგებელს.
დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ნინო ლომჯარიას თავის დროზე აქვს ეს არჩევანი გაკეთებული, იგი იმთავითვე შედიოდა ნაცთა ბანაკში. თავისი არსით „ნაცმოძრაობის“ კლიენტელასთან ურთიერთობდა. ეს არცაა გასაკვირი, არასამთავრობოები ძირითადად საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან, ხშირ შემთხვევაში, მათი და „ნაცმოძრაობის“ ლობისტების ინტერესები იკვეთება. ისინი ცდილობენ, დაასაბუთონ მათი დაფინანსების საჭიროება, აუცილებლობა და ამით საკუთარი თავი დაიმკვიდრონ. რაც მეტ პრობლემას გაუსვამენ ხაზს, რომ თურმე ეს პრობლემები არჩევნებზე დაფიქსირებულა, უფრო მეტ დაფინანსებას მიიღებენ. რაც უფრო მეტად იბრძვიან „თავისუფალი არჩევნებისთვის“, უფრო მეტად დაფინანსდებიან.
„ამდენად, ისინი პირდაპირ არიან დაინტერესებულნი, რაც შეიძლება ცუდი ანგარიშები დაიწეროს არჩევნებთან დაკავშირებით, რადგან ეს უშუალოდ მათ დაფინანსებაზე აისახება. ყველა, ვინც დაფინანსებას იღებს უცხოეთიდან, ცდილობს, საქართველოში მძიმე ვითარება წარმოაჩინოს, რადგან ამით ჭამენ პურს. ე.წ. არასამთავრობოები იმავეს აკეთებენ, რასაც „ნაცმოძრაობა“, ოღონდ ამ ყველაფერს ისინი უქმნიან ცრუ, ვითომც პროფესიულ საფუძველს, თითქოს მათი ტენდენციური განცხადებების უკან მედიკოსები, იურისტები დგანან. ისინი არარეალური ფაქტების დასაბუთებას ცდილობენ. საშინლად გამაღიზიანებელია, როცა ცდილობენ, წარმოაჩინონ, თურმე სააკაშვილი წამების მსხვერპლია. ეს უარყოფით რეაქციას იწვევს უამრავ ადამიანში, ეს ცინიზმის მწვერვალია. ყველას ახსოვს, რაც არის წამება, რა ისტორიები და უბედურებები აღარ ხდებოდა სააკაშვილის დროს. სააკაშვილის მდგომარეობა ან ის კადრები, რაც აჩვენეს, არავითარ წამებას არ ადასტურებს. უბრალოდ, მან წინააღმდეგობა გაუწია სასჯელაღსრულების თანამშრომლებს და ისინიც იძულებულნი იყვნენ პროპორციული ძალა გამოეყენებინათ. თავისი ფეხით არ შედიოდა ციხის საავადმყოფოში და მოხდა ის, რაც მოხდა. რა თქმა უნდა, ცუდი საყურებელია, მაგრამ ეს არ გახლავთ ისეთი დაწესებულება, სადაც შენი ნებით აკეთებ რამეს. თუ შენი ნება ეწინააღმდეგება სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ნებას, ცხადია, ძალას დაგატანენ“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა for.ge- სთან საუბრისას.