აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში ამერიკული ჯარების გაგზავნის ვარიანტი არასდროს განიხილებოდა.
ჟურნალისტის კითხვაზე - რამ გადაგაწყვეტინათ უარი გეთქვათ აშშ-ის სახმელეთო ჯარების გამოყენებაზე, როდესაც საქმე უკრაინას ეხება? - აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:
ეს ვარიანტი არასდროს განიხილებოდა. მზად ხართ, ამერიკული ჯარები ომში გაგზავნოთ და უკრაინაში რუსებთან საბრძოლველად წახვიდეთ? მე აბსოლუტურად მკაფიოდ განვუცხადე პრეზიდენტ პუტინს, რომ თუ ის უკრაინის წინააღმდეგ წავა, მისი ეკონომიკისთვის დამღუპველი შედეგები დადგება.
ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ-ს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მეტი ამერიკელი და ნატოს სამხედროების გაგზავნა მოუწევს, რათა ნატოს მოკავშირეები რუსეთის ნებისმიერი თავდასხმისგან დაიცვას.
„ამ ყველაფრის გავლენა რუსეთსა და დანარჩენი მსოფლიოს რუსეთისადმი დამოკიდებულებაზე მკვეთრად შეიცვლება. რუსეთი საშინელ ფასს გადაიხდის. უკრაინელი ხალხის თავდაცვითი შესაძლებლობებით უზრუნველყოფას გავაგრძელებთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.