„შარლ მიშელმა ვერ შეძლო ჩვენი მორიგება და სალომე ზურაბიშვილმა როგორ უნდა შეძლოს, მით უმეტეს ნაციონალები მას რუსების მიერ დასმულ პრეზიდენტს უწოდებენ“

„შარლ მიშელმა ვერ შეძლო ჩვენი მორიგება და სალომე ზურაბიშვილმა როგორ უნდა შეძლოს, მით უმეტეს ნაციონალები მას რუსების მიერ დასმულ პრეზიდენტს უწოდებენ“

შეხვდება თუ არა სამი პრეზიდენტი ერთმანეთს გორის ჰოსპიტალში და რამდენად დასთანხმდება ქვეყნის მე-5 პრეზიდენტი მე-4 და მე-3 პრეზიდენტების ინიციატივას მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის შესახებ, უცნობია. ეს იდეა პირველად ქვეყნის მე-4 პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გაუჩნდა, რომელსაც მიხელ სააკაშვილიც იზიარებს. მას მოლაპარაკების შესახებ ინიციატივა ხელახლა მას შემდეგ გაახსენდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე გამოსვლისას ზურაბიშვილმა შერიგებაზე საუბრისას პოლიტიკურ სპექტრში გარკვეული მოლოდინი გააჩინა.

ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანაში პოლარიზაცია და ცრუ ინფორმაციის გავრცელება დემოკრატიის ორი საყრდენის, არჩევნებისა და მედიასაშუალებების მიმართ ნდობას არყევს.

ზურაბიშვილმა თქვა ისიც, რომ სიძულვილის და პოლარიზაციის დაძლევა აუცილებელია და ის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად საუბარს ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს.

თუმცა აქვე ჩნდება კითხვა, რატომ უნდა შეხვდეს ან რაზე უნდა ისაუბრონ სააკაშვილმა და ზურაბიშვილმა, როცა მე-3 პრეზიდენტის თავისუფლების გასაღები მე-5 პრეზიდენტის ხელშია და ის მის გამოყენებას „არა და არასდროს“ აპირებს. ზურაბიშვილის პასუხი ამ შეთავაზებაზე ჯერჯერობით უცნობია.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლის საპასუხოდ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„ღრმად მწამს, ასეთი სახის დიალოგის ალტერნატივა არ არსებობს. ყველანაირი მცდელობა, უმცირესობის მიერ უმრავლესობის დაჩაგვრისა, რა მილიარდებით და სადამსჯელო რაზმებითაც არ უნდა იყოს ეს უმცირესობა აღჭურვილი, ატარებს სამოქალაქო დაპირისპირების უზარმაზარ საფრთხეს, და გამორიცხული არაა, მიზნადაც ისახავდეს სწორედ ამას. ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი ეს უმძიმესი შედეგი ყველა ქართველი პატრიოტისთვის კატასტროფაა, ხოლო ჩვენი ერთადერთი მტრის, რუსეთისთვის, ჩვენი სამშობლოს მომავლის ერთადერთი სასურველი განვითარება.

საქართველოს სჭირდება მშვიდობა, განვითარება და სრული გადატვირთვა. დრო ძალიან ცოტაა და არც ერთი წუთის დაკარგვა არ შეიძლება. ამიტომაც, მინდა ვთხოვო ქართულ საზოგადოებას, პოლიტიკურ ძალებს, არასამთავრობო სექტორს, მედიას, საერთაშორისო თანამეგობრობას, ხელი შეუწყონ რეკონსილიაციის პროცესს და ჩემს მიერ შემოთავაზებულ ფორმატს“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილის გორის ჰოსპიტალში მისვლა და პრეზიდენტების შეხვედრა პოლიტიკურად ყველაზე მეტად მას დააზიანებს. მეორეც, ეს იმდენად აბსურდული იდეაა, რომ მისი განხორციელება წარმოუდგენელია. ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ზურაბიშვილმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს. სხვაგვარად შეხევდრაზე რაზე უნდა ისაუბრონ მისთვის გაუგებარია.

„ადამიანი იძახის, რომ სააკაშვილის შეწყალებას არ ვაპირებო და გორის ჰოსპიტალში მის სანახავად რატომ უნდა მივიდეს? შერიგების მთავარი ბერკეტი პრეზიდენტს აქვს. იქ შეხვედრაზე რა უნდა უთხრას, არ გიწყალებ და მაგიტომ მოვედიო? ლოგიკურად არათანმიმდევრული ამბავია. მიხეილ სააკაშვილი ახლა ყველა ტაქტიკას მოსინჯავს იმისთვის, რომ ციხიდან გათავისუფლდეს და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერიოს. ის ამისთვის დაბრუნდა. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა პატიმარი სააკაშვილის დღის წესრიგით რატომ უნდა იმოქმედოს, სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო, ხალხი ქუჩაშია გამოსული თუ რა ხდება?

ენმ-ს გარეთ საკუთარი ამომრჩეველიც კი ვერ გამოჰყავს და ზურაბიშვილმა რაღაცა შეხვედრაზე რატომ უნდა იაროს? ეს პოლიტიკურად სრულიად არამომგებიანი ნაბიჯი იქნება. მაშინ რაღაცა სამოქალაქო პლატფორმა უნდა შეიქმნას, სადაც საზოგადოებისთვის ნდობით აღჭურვილი პირები იქნებიან შეკრებილები და რაღაცა შერიგების თემა უფრო გასაგები გახადონ. მე ამას მორიგებას დავარქმევდი. თუმცა აქაც სკეპტიკურად ვარ განწყობილი“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, რამოდენიმე თვის განმავლობაში შარლ მიშელმა ვერ შეძლო ჩვენი მორიგება და სალომე ზურაბიშვილმა როგორ უნდა შეძლოს, მით უმეტეს ნაციონალები მას არალეგიტიმურ და რუსების მიერ დასმულ პრეზიდენტს უწოდებენ. ორივე მხრიდან, როგორც ხელისუფლებიდან, ასევე „ნაციონალური მოძრაობიდან“, ისევ წითელი ხაზები ივლება.

„ენმ“ ხელისუფლებას ლამის, კაპიტულაციას და ხელსიუფლების გადაბარებას სთხოვს. ხელისუფლება კი მათ საკუთარი თავის დამნაშავეებად გამოცხადებას და პარტიის პოლიტიკური ველიდან გაქრობას. ამიტომაც, სანამ მსგავსი ლექსიკით და დამოკიდებულებით ერთმანეთთან საუბარი გაგრძელდება, მანამდე პრეზიდენტების შეხვედრა კი არა არავის შეხვედრა აღარ გვიშველის.

დასავლეთის მხრიდან სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით რადიკალური მოთხოვნები გათავისუფლებაზე არ კეთდება. სააკაშვილი მათთვის აღარ არის ის ფიგურა, რაც ადრე იყო. მისი უკან ხელისუფლებაში დაბრუნება არ სურთ. ერთხელ გაჭრილ და გადათამაშებულ კარტს ხელახლა არავინ აღარ თამაშობს. ისინი სულაც არ მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი თუ თავისუფალი იქნება, ამით ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება. ამაში მართლებიც არიან, რადგანაც ეს კაცი პოლიტიკური მოღვაწეობის შეწყვეტას არ აპირებს და ხელისუფლების ნებსიმიერ ფასად დაბრუნებას აანონსებს. ამიტომ ზურაბიშვილმა რატომ უნდა შეიწყალოს? როგორც ჩანს, ბოლო დროს მიხვდნენ არასწორი რიტორიკა ჰქონდათ და ახლა რაღაცა ტაქტიკურ მანევრებს აკეთებენ. ნაციონალები და სააკაშვილი ჩიხში არიან შესულები და ყველანაირ გამოსავალს ეძებენ“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე ულიმიტო ილუზიებშია გადასული. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მას თავი ისევ ქვეყნის პრეზიდენტად და მთავარ სარდლად მიაჩნია. ამიტომ რაღაც პოლიტიკურ ფორმატებს იგონებს და უნდა როგორმე ციხეს თავი დააღწიოს.

„სააკაშვილი ჩიხშია მოქცეული. არანაირი საერთაშორისო ყურადღება აღარ აქვს. პოლიტპატიმრის სტატუსიც არ მიანიჭეს. ამიტომ ის და მისი გარემოცვა ათასგვარ ფანტაზიებს იგონებენ. როგორ შეიძლება უკრაინის მოქალაქე სააკაშვილთან საქართველოს ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა მივიდეს და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების სამომავლო გეგმებზე დაელაპარაკოს, ეს ხომ ფარსია და ამას საზოგადოება ძალიან კრიტიკულად შეხვდება?! ამ თემის ანალიზისას მეცინება კიდევ. სააკაშვილის განცხადებები იმდენად კომიკური გახდა, რომ იუმორის გარეშე ვეღარ ვუყურებ. რაც შეეხება შეწყალების საკითხს, ქალბატონმა ზურაბიშვილმა არაერთხელ ხაზგასმით თქვა, რომ მას არ შეიწყალებს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ყველა საჯარო გამოსვლაში ხომ ერთი და იგივეს ვერ ილაპარაკებს“,-ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი აქვე აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი ლიდერის მხრიდან უტიფრობაა, როცა შეწყალებას ითხოვ იმ ადამიანისგან, რომელსაც ათასი ტყუილი დასწამეს, ტალახი ესროლეს და საერთოდ, არალეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებდნენ. აბაშიძე აცხადებს, რომ „ენმ“ მას სულ რაღაცა რამდეიმე დღის წინ კრემლის მსახურად მოიხსენიებდა და როგორც ადამიანს, არაერთი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„სააკაშვილისთვის ახლა ზურაბიშვილი ერთადერთი მაშველი რგოლია. საკუთარმა ამომრჩეველმაც კი მისი უაზრო და გაუთვიცნობიერებული განცხადებების გამო ზურგი აქცია. ჯერ იმუქრებოდა და რევოლუციებს აანონსებდა, ახლა კი უცბად შერიგება მოუნდა. თანაც იმ პრეზიდენტის მეშვეობით უნდა გათავისუფლება, რომელსაც რუსეთის აგენტს ეძახდა. მას საერთოდ არალეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებდნენ და ათას სისაძაგლეს აბრალებდნენ. ჩიხში შესული გამოსავალს ეძებს და რაღაცა აბუსრდულ შერიგებაზე საუბრობს“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.