მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესებზე სააკაშვილმა მოვლენების თავისებური ასახვა დაიწყო, გამორიცხული არ არის, მის თანამებრძოლებსაც გაუჩნდეთ შიში, ექსპრეზიდენტს რამე ისეთი არ წამოსცდეს, რაც მათ უსაფრთხოებას წერტილს დაუსვამს.
სააკაშვილმა 7 ნოემბერთან დაკავშირებით ყველაფერი გადააბრალა ვანო მერაბიშვილს, სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვის საქმეზე სანდრა რულოვსიც მიაყოლა - სანდრას რატომ არ ასამართლებენ, ხარჯების დიდი ნაწილი მისიაო. მოსალოდნელია, მიშამ კიდევ ბევრი ტყუილ-მართალი გაიხსენოს და თანამებრძოლებიც გარიოს ამ საქმეში. ამდენად, შესაძლოა, არც თუ ისე საფუძველს მოკლებული იყოს ედუარდ სააკაშვილის შეშფოთება, რომ ვიღაცებს სურთ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი და შეიძლება ურჩევნიათ კიდეც, ასე რომ მოხდეს.
რა ხაფანგში შეიძლება აღმოჩნდნენ სააკაშვილის თანამოაზრეები, თუკი იგი ყველაფერს „გაიხსენებს?“
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის აბსურდი, მორიგი შეთქმულების თეორია, თითქოს სააკაშვილის თანამებრძოლებს ეშინიათ, მიშამ პირი არ მოაღოს და მათ შესახებ არ ილაპარაკოს, ამიტომ მისი სიკვდილი ურჩევნიათ.
„ვისზე რა უნდა თქვას მიშამ? მიშა იყო ყველაფრის თავში. მისი სიკვდილი პოლიტიკურად შეიძლება იყოს საინტერესო, რადგან მუხტი როცა იკარგება, ასეთ დროს ლეტალური გამოსავალი რჩება მუხტის ასაწევ საშუალებად. სააკაშვილი შიმშილით რომ მომკვდარიყო, ეს ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემა იქნებოდა. ამ გაგებით სააკაშვილის დაღუპვა შეიძლება ვინმეს აწყობდა, მაგრამ იმ გაგებით, რომ მიშა სააკაშვილი ვინმეზე რამეს იტყვის, ასეთი შიში არ უნდა არსებობდეს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა for.ge- სთან საუბრისას.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ 7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილმა გვითხრა, მეძინაო და, რაც მოხდა, შს მინისტრის პასუხისმგებლობააო, გია ხუხაშვილმა განმარტა, ჯერ ერთი, ვანო მერაბიშვილს უკვე მოხდილი აქვს სასჯელი და ხელის დადება შეიძლებოდა მასზე.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე არ ფიქრობს, რომ სააკაშვილის თანამებრძოლებს ეშინოდეთ ექსპრეზიდენტის აღიარების. ნიკა ჩიტაძე იმასაც ეჭვობს, ექსპრეზიდენტის თანამოაზრეთ მისი ლიკვიდაცია უნდოდეთ იმის შიშით, სააკაშვილს რამე არ წამოსცდესო.
„მის ლიკვიდაციას როგორ მოახდენენ, სააკაშვილი გორის ჰოსპიტალშია? რა უნდა წამოსცდეს სააკაშვილს თავისი თანამებრძოლების შესახებ? ის ებრძოდა კორუფციას, საერთო ჯამში, მის თანამებრძოლებს შორის მაინცდამაინც კორუფციაში არავინ იყო გარეული. თუმცა შესაძლებელია, კეზერაშვილზე ვისაუბროთ. თუ კონკრეტულ ტრაგედიებზეა საუბარი, რომელთაც ხშირად ახსენებენ, რატომ არაფერს ამბობენ მაჩალიკაშვილზე, რომელიც ჩაცხრილეს მაშინ, როცა ბოლომდე დამტკიცებული არ იყო ტერორიზმთან მისი კავშირი? სანდრასთან დაკავშირებით ვითომ ხუმრობით თქვა, სანდრაც მომისვით გვერდითო. ცხადია, სანდრა არ დახარჯავდა, ის ვერ გამოყოფდა თანხებს, მას არ ეკავა პოლიტიკური თანამდებობა, ის იყო პრეზიდენტის მეუღლე. ამდენად, უფრო ორაზროვნად ახსენა მისი სახელი, თორემ არა მგონია, სააკაშვილს სურდეს, სანდრაც იჯდეს ციხეში“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ for.ge- სთან საუბრისას.
მანვე განმარტა, რომ 7 ნოემბერთან და მერაბიშვილთან დაკავშირებით ვერ დაეთანხმება მიხეილ სააკაშვილს, ასე არ უნდა ეთქვა ექსპრეზიდენტს, რადგან სააკაშვილი თვითონ იყო პოლიტიკური ლიდერი, სახელმწიფოს მეთაური და 7 ნოემბერთან დაკავშირებით მას საკუთარი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, რაც გააკეთა კიდეც და გადადგა თანამდებობიდან, დანიშნა არა მარტო საპარლამენტო არჩევნები, რასაც მაშინდელი ოპოზიცია ითხოვდა, არამედ დანიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც, რომელსაც ოპოზიცია არ ითხოვდა, ანუ სააკაშვილმა ერთი წლით შეიმცირა უფლებამოსილება.
რაც შეეხება სააკაშვილის ვერსიას 26 მაისთან დაკავშირებით, ანალიტიკოსი ამბობს, რომ 26 მაისის მიტინგის მონაწილეები გზის ჩახერგვაზე საუბრობენ, არადა, მათმა ლიდერებმა, მათ შორის, ბათიაშვილმა პირველებმა დატოვეს მიტინგის ადგილი, ძალიან კარგად ჩანდა კადრებში, პოლიციელი როგორ დაიღუპა. ამიტომ ჩახერგილი არაფერი იყო, კადრები სხვა რამეს ადასტურებს, რომ იქ დატოვებული იყო სივრცე მომიტინგეთა გაქცევისთვის.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ეჭვობს, სააკაშვილის თანამებრძოლებს ექსპრეზიდენტის მხრიდან ჩაშვების ეშინოდეთ. პირიქით, პრეზიდენტყოფილის გუნდის წევრებს სასაცილოდ არ ჰყოფნით სააკაშვილის ნათქვამი, რადგან მან ყველას თავი მოაბეზრა.
„ჩემზე ახალგაზრდა კაცია და უკვე პოლიტიკურად მკვდარია, რის გამოც მეცოდება. მის მეგობრებთან არ მაქვს კონტაქტები და არ ვიცი, რას ფიქრობენ სააკაშვილის შესახებ, შესაძლოა, ზოგიერთ მათგანს ეშინოდეს კიდეც, სააკაშვილმა მათ შესახებ ზედმეტი რამ არ თქვას. როგორც წესი, ჩაშვება ხდება მძიმე კრიმინალურ დანაშაულთან დაკავშირებით, მკვლელობის ფაქტების ირგვლივ. მკვლელობები ბევრი იყო სააკაშვილის დროს და, თუ ვიღაცას არ დაადებს მიშა ხელს, რომ ამან ის მოკლა, სხვა არაფერი განსაკუთრებული არა მგონია, მისმა განცხადებებმა გამოიწვიოს“, - გვითხრა პაატა ზაქარეიშვილმა.