ეკატერინე ტიკარაძის მიერ ჯანდაცვის მინისტრის თანამდობებოს დატოვებამ ანალიტიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში ბევრი კითხვა გააჩინა. ერთ-ერთ მიზეზად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ეკატერინე ტიკარაძეს შორის გარკვეულ უთანხმოებას ასახელებენ და არც იმას გამორიცხავენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას შესაძლოა, სხვა, კონკრეტული პირების მიერ პოსტის დატოვებაც მოჰყვეს.
მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ეკატერინე ტიკარაძემ 9 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ოფისში, ბრიფინგზე გააკეთა, მაგრამ მიზეზი, თუ რატომ დატოვა პოსტი, არ დაუსახელებია.
მისი თქმით, აღარ იქნება ჯანდაცვის მინისტრი, თუმცა აღნიშნა, რომ პარტიაში დარჩება და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში საქმიანობას გააგრძელებს. ტიკარაძის განმარტებითვე, სწორედ პოლიტსაბჭოდან იმუშავებს ქართული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების გამყარებასა და გაძლიერებაზე.
„ქართული ოცნების“ დეპუტატისა და ექიმის, ლადო კახაძის განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა და ზოგადად, საკადრო პოლიტიკაში პარლამენტი არ ერევა. ლადო კახაძეს არც იმის შესახებ აქვს ინფორმაცია, იყო თუ არა რაიმე სახის დაპირისპირება ღარიბაშვილსა და ტიკარაძეს შორის.
მისი თქმით, თუ ვინ შეცვლის ტიკარაძეს მინისტრის პოსტზე, არ აქვს ინფორმაცია.
„მე მობილურით გავიგე, არ ვიცოდი. დაპირისპირებას მათ შორის ვერ დავადასტურებ ვერც ერთ შემთხვევაში. ალბათ, ეს გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო, გაზომა და შესაძლოა, თვითონაც კი იყოს მონაწილე ახალი კადრის შერჩევსა. ყველას გაუხარდება, თუკი მისი კარგად დაწყებული საქმე კარგადვე გაგრძელდება, მისი ანალიზი ახალი მინისტრის ხედვას დაემთხვევა. საკადრო პოლიტიკაში პარლამენტი არ ერევა, ამას მხოლოდ პრემიერი წყვეტს.
აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცვლილებები ჩვენამდე მოდის მას შემდეგ, რაც ცვლილებები განხორციელდება, ან კონსულტაცია იქნება საჭირო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით. მთავრობა მართვაში რომ მოითხოვდეს საკადრო მსხვერპლთშეწირვას, მე ვერ ვხედავ.
იმდენი ღირსეული ადამიანია, არც ერთის გამოცდილებაში ეჭვი არ შემაქვს. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს სრული უფლება აქვს თვითონ დააკომპლექტოს კადრი, ჩაატაროს უამრავი მოკვლევა, დაეყრდნოს რჩევებს და კონსულტაციებს, თავის შეხედულებას შეაჯეროს და იმ კადრზე პასუხისმგებლობა აიღოს, რომელიც წარმოდგენილი იქნება, როგორც კაბინეტის წევრი.
ეს დარგი არის ექიმების, ექთნების, სანიტრების და ა.შ. ერთობლივი პროდუქტი, რომელიც ბოლოს მიდის ჩვეულებრივ ადამიანთან, როგორც მაშველი რგოლი და ერთგული თანამდგომი მებრძოლი. პანდემია მსოფლიო გამოწვევაა, ეს კიდევ გაგრძელდება, საქართველო მას ცალკე, იზოლირებულად არ მართავს და ჩვენ ძალიან კოორდინირებული ვართ ჯანმოსთან და საერთოდ, ყველა იმ ნოვაციასთან და ხედვასთან, რომელიც ძალიან ჩქარა ვრცელდება. თუმცა, ინფორმაციის გავრცელება არ ნიშნავს მის სისწორეს“, - განაცხადა ლადო კახაძემ For.ge-სთან.
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის და იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის თქმით, ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მიზეზი, სავარაუდოდ, კოვიდგადატანილებისთვის „მწვანე პასპორტში“ ვადის განსაზღვრის საკითხია.
„ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მიზეზი სავარაუდოდ, არის „მწვანე პასპორტში“ ვადის დაფიქსირების თემა. სავარაუდოდ, ეს უნდა ყოფილიყო უთანხმოების მიზეზი. ჯანდაცვის მინისტრი, ისევე, როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფი, ვთვლიდით, თუ გვინდა, საქართველოში რეალურად მოქმედი „მწვანე პასპორტი“ იყოს, აქ უნდა დაფიქსირდეს ვადა - კორონავირუსის გადატანიდან ექვსი თვის პერიოდი. ეს იყო ძირითადი მოთხოვნა, ეს არის ჩვენი რეკომენდაციაც და ეს არის მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნის გადაწყვეტილება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში.
გადადგომის შესახებ გაკეთებულ განცხადებში, ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
„სამწლიანი, საკმაოდ ინტენსიური მუშაობის შემდეგ, განვლილი კონსულტაციების შედეგად, როგორც პრემიერთან, ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან, სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, რომ შემდეგი ჩემი საქმიანობა გავაგრძელო პარტია „ქართულ ოცნებაში“, პოლიტსაბჭოში და სწორედ აქედან გავამყარო და გავაძლიერო ქართული ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემები. ვთვლით, რომ ის პროექტები, რომლებიც იქნა დაწყებული და განხორციელებული, ამით გარკვეული განვითარების ეტაპი უკვე დაიხურა და ჩვენ გადავდივართ სხვა ეტაპზე და ამ ეტაპზე მე საქართველოს შევუერთდები უკვე პარტიიდან“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ეკატერინე ტიკარაძე 3 წლის განმავლობაში იკავებდა მინისტრის პოსტს.