ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთი მეზობლების მიმართ მუქარის პოზიციას იკავებს და ეს ევროპის უსაფრთხოებას ძირს უთხრის

ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთი მეზობლების მიმართ მუქარის პოზიციას იკავებს და ეს ევროპის უსაფრთხოებას ძირს უთხრის

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირს სურს, რომ რუსეთმა დაძაბულობა განმუხტოს, რომელიც უკრაინის საზღვარზე ჯარების კონცენტრირებით შექმნა.

გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან გამართულ პრესკონფერენციაზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს, თუმცა ეს რუსეთის ქცევაზეა დამოკიდებული.

„დეესკალაცია გვსურს. გვსურს, რომ ყოველგვარი აგრესია შეწყვიტოს მეზობლების წინააღმდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი სანქციების გძლიერებას შეეცდება და სხვა ზომებს მიიღებს ეკონომიკურ და ფინანსურ სექტორში, ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებით. რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვინდა, მაგრამ ეს, პირველ რიგში, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი. რუსეთი მეზობლების მიმართ მუქარის პოზიციას იკავებს და ეს ევროპის უსაფრთხოებას ძირს უთხრის“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.