მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისათვის, პროკურატურამ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის მიმართ
სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. სააკაშვილის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ექს-პრეზიდენტის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის გეგმა და მარშრუტი ლორთქიფანძემ შეიმუშავა, რომელიც 2021 წლის აპრილში ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას შეხვდა და გარკვეული დახმარების სანაცვლოდ დაიყოლია, რომ მისი კუთვნილი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით გადაეყვანა სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე.
გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ ლორთქიფანიძის თხოვნის შემდეგ, საქართველოში მყოფი ელგუჯა ცომაია 20 სექტემბერს მისი კუთვნილი „SCANIA“-ს ფირმის მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ავტომანქანა რძის პროდუქტებით დატვირთა და გია ლორთქიფანიძის შემდგომ მითითებას დაელოდა. 26 სექტემბერს ჩერნომორსკის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი ლორთქიფანიძის კუთვნილი ავტომანქანით ძებნილი მიხეილ სააკაშვილი მიიყვანეს და ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას კუთვნილ სატვირთო ავტომანქანის სალონში არსებულ წინასწარ მოწყობილ სამალავში გადასვეს, რის შემდგომაც გადაკვეთეს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და სატვირთო ავტომანქანა ბორანის ტიპის გემზე, სახელწოდებით „VILNIUS“-ში შეიყვანეს.
28 სექტემბერს, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა ბორანი „VILNIUS“, რომლიდანაც 29 სექტემბერს, ჩამოვიდა ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით და მისაბმელში იმყოფებოდა მსჯავრდებული სააკაშვილი. გამოძიების მტკიცებით, ფოთის პორტის ტერიტორიაზე ე.წ. გეზთან, მათ ელოდებოდნენ მამა შვილი - წოწერიები, მათი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით, რომელშიც სააკაშვილი და ცომაია გადასხდნენ. აღნიშნული ავტომანქანით სააკაშვილი და ცომაია აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში ცომაიას საცხოვრებელ სახლში ჩავიდნენ.
29 სექტემბერს, ელგუჯა ცომაია და მიხეილ სააკაშვილი „FORD“-ის ფირმის მიკროავტობუსით, გაემართნენ ბათუმის მიმართულებით და იმავე ტრანსპორტით ბათუმიდან აბაშის მიმართულებით დაბრუნდნენ. იმავე დღეს, სააკაშვილი და ცომაია გადასხდნენ სოფელ ტყვირის ტერიტორიაზე გაჩერებულ „SCANIA“-ს ფირმის მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაში და ჩამოვიდნენ თბილისში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ცომაიას საცხოვრებელ ბინაში დაბინავდა, სადაც დააკავეს კიდევაც.
პროკურატურის მიერ ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენება პირდაპირ რუსულ დაკვეთად მიაჩნია მსჯავრდებულ სააკაშვილს.
„ლორთქიფანიძე არამხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაში, ყველაზე დიდი ოლქის, ოდესის, ჩემი გუბერნატორობის დროს, იყო ოლქის პოლიციის პირველი უფროსი ისტორიაში, რომელიც ქრთამს არ იღებდა. სწორედ მან აღკვეთა რუსული დივერსიები ოდესაში. ის არის უკრაინის პოლიციის და უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალი და მაღალი თანამდებობის პირი. რაც მთავარია, მას აქვს არაერთი ძალიან წარმატებული ოპერაცია საქართველოშიც და უკრაინაშიც, რუსეთის დაზვერვის წინააღმდეგ და ითვლება რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ.
მე ნამდვილად არ მიკვირს იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც 9 წელიწადში არც ერთი რუსეთის აგენტი არ გამოუვლენია, ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენება. პირდაპირ რუსულ დაკვეთად მიმაჩნია და სრულ ლუსტრაციას ახდენს ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობის. პატრიოტული ქართული ხელისუფლება გენერალ ლორთქიფანიძეს საქართველოში უნდა სთხოვდეს დახმარებას და ასევე, აჯილდოებდეს!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
თავის მხრივ, სააკაშვილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ არავითარი სამართალდარღვევა გია ლორთქიფანიძეს, რაშიც საქართველოს ხელისუფლება სდებს ბრალს, ჩადენილი არ აქვს.
შოთა თუთბერიძის განცხადებით: „ლორთქიფანიძე გახლავთ სპეცსამსახურის და ძალოვანი უწყების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წარმომადგენელი უკრაინაში, უკრაინულ უსაფრთხოების სამსახურს ვგულისხმობ, არის ლეგენდარული მზვერავი, რომლის შესახებაც ინფორმაციის მოძიება ისევე მარტივად შეიძლება უკრაინის სახელმწიფო სამსახურებში, როგორც რუსეთის „ეფ-ეს-ბე“- ში. ამიტომ, ამგვარი ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მის მშობლიურ ქვეყანაში არის ერთადერთი - რუსეთის პოლიტიკური დაკვეთა და ამ დაკვეთის შესრულება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი გია ლორთქიფანიძეს არ იცნობდა საქართველოში, მან ის გაიცნო უკრაინაში, ძალიან ბევრი საქმე აქვთ გაკეთებული უკრაინისთვის და საქართველოსთვის, საქართველოს ინტერესების სასიკეთოდ და მიხეილ სააკაშვილი ამაყობს ამ თანამშრომლობით“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
უკრაინული მედიის ინფრმაციით, უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს ადმინისტრაციული სასჯელი ემუქრება. „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის ეროვნული პოლიციაში მყოფ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ გამოძება მიმდინარეობს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გავლით სააკაშვილის არაკანონიერად გადაყვანის ფაქტზე. აღნიშნული პროცედურის ფარგლებში, იმ პირების ვინაობას ადგენენ, ვინც პოლიტიკოსს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დაეხმარა. მანამდე უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანდრეი დემჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის შესაძლო უკანონო კვეთასთან დაკავშირებით სასაზღვრო სამსახურის რამდენიმე თანამდებობის პირს დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრა.
გამოკვეთს თუ არა უკრაინული გამოძიება გია ლორთქიფანიძის დანაშაულს, ეს ორშაბათს გახდება ცნობილი. სწორედ ორშაბათს უკრაინის უშიშროების სამასახური ლორთქიფანიძის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ გააკეთებს განცხადებას. ლორთქიფანიძემ იცის, რომ უკრაინაში მოღვაწეობა დასრულებულია, შესაბამისად ცდილობს ახალი თავშესაფარი ევროპაში იპოვოს. ლორთქიფანიძის წინააღმდეგ საქართველოში გამოძიება არა მხოლოდ სააკაშვილის უკანონოდ შემოყვანის საქმეზე მიმდინარეობს, ის 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დარბევის საქმეზე, სხვა პირებთან ერთად, ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის და ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
გია ლორთქიფანიძე დღემდე უკრაინას აფარებს თავს, იგი წარმოშობით ახმეტის რაიონიდანაა. გავლენით სარგებლობდა ადგილობრივ ქისტებთან. მას კავშირი აქვს ჩეჩნურ კრიმინალურ დაჯგუფებასთან და ამას ადასტურებს 2017 წელს კიევში, ვასილევსკის ქუჩაზე, ავტომობილის აფეთქებისას საქართველოს მოქალაქის თემურ მახაურის მკვლელობის საქმე. საქართველოს მოქალაქე თემურ (შეიხი) მახაური პრესაში სხვადასხვა სახელებით და სხვადასხვა მოვლენების კონტექსტში ფიგურირებდა. ეს მოვლენები ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებს უკავშირდებოდა; მას აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში, დონბასში, ჩეჩენ მოხალისეთა ბატალიონების წევრად ასახელებდნენ, ასევე ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილედ.
უკრაინული და რუსული პრესა წერდა, რომ მახური ლორთქიფანიძის პირადი მეგობარი იყო, რომელიც 2015 წელს მიხეილ სააკაშვილმა ოდესის პოლიციის უფროსად დანიშნა (ეს თანამდებობა მან 2016 წლის 7 ნოემბერს დატოვა). აფეთქებამდე მახაური დააკავეს, მას ორი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები აღმოაჩნდა, ასევე მოხალისეთა ბატალიონის მებრძოლის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც დონბასში იბრძვის. ბატალიონში დაადასტურეს, რომ მახაური მათი წევრი იყო და მას „მზვერავს“ ეძახდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, თებერვალში მას იარაღის უკანონო შენახვისთვის 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს სასჯელის გადავადებით და გაათავისუფლეს.
გია ლორთქიფანიძეს უკავშირებენ 2012 წელს საქართველოში ჩეჩენი მებრძოლების ჩამოყვანის ორგანიზებას, გაწვრთნასა და შეიარაღებას. საქართველოში ჩამოყვანილ ჩეჩნებს პირდებოდნენ „კორიდორის“ მიცემას რუსეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად, რასაც 2012 წლის 28 აგვისტოს, კახეთში, ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარება მოჰყვა. სპეცოპერაციის შედეგად მოხდა შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრის ლიკვიდაცია, მათ შორის იყვნენ საქართველო მოქალაქე ეთნიკური ქისტებიც. ასევე დაიღუპა სპეცრაზმის 2 წევრი, სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი. დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების ექიმი, კაპრალი ვლადიმერ ხვედელიძეც.
ანალიტიკოსის დავით ქართველიშვილის განცხადებით, გია ლორთქიფანიძესთან დაკავშირებულმა პროკურატურის ბრიფინგმა, უკრაინაც აიძულა შესაბამისი რეაგირება მოეხდინათ, საკუთარი ქვეყნის საზღვრის უკანონო გადაკვეთის ეპიზოდთან დაკავშირებით. მისი თქმით, რომ არა საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილება, უკრაინული მხარე დღესაც დუმილის რეჟიმს გააგრძელებდა ამ საქმის მიმართ. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ლორთქიფანიძე იყო ადამიანი, რომლიც ვანო მერაბიშვილის მარჯვენა თუ არა, მარცხენა ხელს წარმოადგენდა სისტემაში და დღემდე მისი ნდობით აღჭურვილი პირია.
„რაც შეეხება კითხვას, უკრაინული მხარე დააკავებს თუ არა ლორთქიფანიძეს და მოხდება თუ არა მისი ექსტრადირება, როგორც მეგის ქარდავას შემთხვევაში - არა. არანაირი მოლოდინი არ მაქვს. მე, გეტყვით იმ ინფორმაციას, რომელიც უკრაინიდან მომაწოდა სანდო წყარომ. ეს ინფორმაცია არის სანდო და შეიძლება ითქვას უტყუარიც კი. გია ლორთქიფანიძე უკრაინის უშიშროების სამსახურში დღეის ჩათვლით იკავებს თანამდებობას. მიხეილ სააკაშვილს და მის კლანს ბოლო თვეეში და უშუალოდ საქართველოში გაქცევამდე, ძალიან მძიმე, დაძაბაული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელთან.
სახელმწიფო უშიშროების სამსახურსა და უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციულ კომიტეტს შორის (რომლის დე-ფაქტო ხელმძღვანელი არის გიზო უგლავა, ესეც სააკაშვილის კადრია), ფაქტობრივად ომი იყო გაჩაღებული. იყო ერთი ეპიზოდიც, როდესაც გიზო უგლავას ანტიკორუფციულმა სამსახურმა დევნის ოპერაციაც კი განახორციელა უშიშროების სამსახურის თანამშრომლებზე მაშინ, როდესაც ისინი სპეცოპერაციას ახორციელებდნენ, მოკლედ ძალიან მძიმე ვითარება იყო.
ორშაბათს, როგორც მინიმუმ, გია ლორთქიფანიძე განთავისუფლებული იქნება უშიშროების სამსახურის კონკრეტული თანამდებობიდან, ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემი ინფორმაციით, ის ფაქტობრივად, გამზადებული იყო და დღესაც გამზადებულია, რომ საერთოდ დატოვოს უკრაინა და ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გადაბარგდეს საცხოვრებლად. ამიტომ, უკვე რა გზით წავა ხელისუფლება, იქნება თუ არა მასსზე გამოცხადებული საერთაშორისო ძებნა, ამ ეტაპზე რთულია ამის თქმა, მაგრამ დავესესხები ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნული საქმე ბოლომდე მიიყვანოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე იხსენებს, რომ ლორთქიფანიძე იმ გარემობებიდან გამომდინარე დაწინაურდა, რომ ის იყო ბრძანების უსიტყვო შემსრულებელი, თანაც არც თუ ისე ურიგო შემსრულებელი. კითხვაზე, მოქმედებდა თუ არა ლორთქიფანიძე მერაბიშვილთან შეთანხმებით, როდესაც დაიგეგმა სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის გეგმა, არეშიძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილის მიერ დაწინაურებული პიროვნება იყო, უკრაინაში სააკაშვილის ზეობის ჟამს, საკმაოდ კარგი თანამდებობა ეკავა და პირდაპირ კონტაქტში იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილთან, რომელსაც შუამავალი არ სჭირდებოდა.
„თუმცა, თქვენს მიერ ნახსენებ ლოპოტოს ოპერაციაში თავი შეირცხვინა. ძალიან ვერ გავამტყუნებთ, რადგან გია ლორთქიფანიძე ისე გამოიყურებოდა, რომ საქმის კურსში არ იყო რაც მოხა 29 აგვისტოს. თვიმხილველები როგორც ამიღწერენ, კომიკურია, მაგრამ უნდა უთქვას, რომ ლორთქიფანიძე შემთხვევის ადგილას გამოცხადდა „კოსტუმში“ და ბოტასებში გამოწყობილი. ყველა გაკვირვებული იყო, ვინაიდან სპეცოპერაციებზე ასე გამოწყობილი არ დადიან. აქედან გამომდინარე გაკეთდა დასკვნა, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია არ იყო მის მიერ ინსპირირებული, თუმცა ინსპირირებული რომ იყო, ეს ფაქტია. ეს იყო ვანო მერაბიშვილის ოპერაცია ახალიას წინააღმდეგ.
რაც შეეხება იმ ეპიზოდებს, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, რასაკვირველია, იკვეთება ლორთქიფანიძის კავშირები, რომელიც ყოველთვის იყო ბრძანების უსიტყვო შემსრულებელი. ჩვენ ასე დაგვამახსოვრა თავი. ეს იყო ახმეტელი ბიჭი, სახელი გაითქვა იმით, რომ მას კონტაქტი ჰქონდა იქაურ ქისტებთან და შეიქმნა იმიჯი, რომ სიტუაციას ალაგებდა პანკისის ხეობაში. როგორ ალაგებდა კი გამოჩნდა საბოლოო ჯამში.
მას კავშირი ჰქონდა ჩეჩნებთან. ლაფანყურის ოპერაციაში მონაწილეობდნენ პიროვნებები, პირობითად ბოევიკები, რომლებიც ჩამოიყვანეს ევროპიდან და წვრთნებს გადიოდნენ საქართველოში, შესაბამის ბაზაზე იმისათვის, რომ მათ მონაწილეობა უნდა მიეღოთ სირიაში მინდინარე ოპერაციაში, მათ ასე იცოდნენ. ისინი მოიაზრებოდნენ ასადის მოწინააღმდეგეთა ბანაკში. ამის კურატორი იყო ლორთქიფანიძე, მაგრამ არა მთავარი. ძირითადად, ეს ოპერაცია მიჰყავდა მაშინდელი კუდ-ის ხალხს, მაგრამ ლორთქიფანიძე იყო ჩართული“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.