პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდ შერიგებასა და ქვეყანაში პოლარიზებული გარემოს დასრულებაზე ალაპარაკდა, რამაც გააჩინა ეჭვები, ხომ არ აპირებს იგი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, რისთვისაც ნიადაგს ამზადებს? თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მან ეს განცხადება მხოლოდ დასავლეთისთვის გააკეთა და პოზიციის შეცვლას ამ საკითხზე არ აპირებს. ასეა თუ ისე, ჯერ გაურკვეველია, როგორ შეძლებს პრეზიდენტი პოლარიზებული პოლიტკური გარემოს დასრულებას, როცა სააკაშვილის შეწყალების მთავარი ბერკეტი მის ხელშია?
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. მან თქვა, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია და ცრუ ინფორმაციის გავრცელება დემოკრატიის ორი საყრდენის, არჩევნებისა და მედია საშუალებების მიმართ ნდობას არყევს.
ზურაბიშვილმა თქვა ისიც, რომ სიძულვილის და პოლარიზაციის დაძლევა აუცილებელია და ის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად საუბარს ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს.
„როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ.
თუ ჩვენ ხელახლა არ შევქმნით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დისკურსს, სანამ არ შევძლებთ წარსულზე საუბარს და იმის გააზრებას, თუ რა მოხდა, ვერ შევძლებთ ერთმანეთთან კავშირის განახლებას, იმ კავშირისა, რომელიც ჩვენი იდენტობისა და მომავალში ჩვენი თავის თავდაჯერებით წარმოჩენის საფუძველია.
ეს არის უფრო საიმედო გზა კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, რომელსაც ვერავინ დაუპირისპირდება ან დაემუქრება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის ამ განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა.
„ინიციატივა არის ზოგადად მნიშვნელოვანი და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის აუცილებელი ქვეყნისთვის, მაგრამ შერიგებას, მათ შორის პოლიტიკაში, აქვს თავისი წინაპირობები და ამის წინაპირობა არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სინანული და მონანიება. საუბარია ჩადენილი დანაშაულების გამო სინანულზე და ამ დანაშაულების მონანიებაზე. მე ასე წარმომიდგენია შერიგება, თუნდაც - „ნაცმოძრაობასთან“. გამოდის მათი ლიდერი და ჩამოთვლის მის მიერ ჩადენილ დანაშაულს: ბიზნესის რეკეტი, რამდენ ადამიანს წაართვეს ქონება, რამდენი ადამიანი მოკლეს, მოსპეს სიცოცხლე, ზღვაში რომ აგდებდნენ, ფეხზე რომ აბამდნენ გირებს, ჩამოთვალონ ესენი. ასევე, გირგვლიანის საქმე, როგორ ჩააბარა ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის ფედერაციას. როგორ ხდებოდა ის, რომ 12-ჯერ მეტი ადამიანი კვდებოდა ციხეებში მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როგორ ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა. ჩამოთვალონ ეს დანაშაულები, მერე თქვან, რომ ისინი ინანიებენ და ამ დანაშაულების ჩამდენ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა. ამას როგორც კი იტყვიან, მაშინვე შევრიგდებით. ალბათ, ქალბატონი სალომეც ამას გულისხმობდა, რა თქმა უნდა, ნაბიჯები უნდა გადაიდგას და უნდა მოვუწოდოთ კიდევ ერთხელ ამ პოლიტიკურ ძალას მოინანიოს მის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
„იმედია ეს ცარიელი სიტყვები არაა და პრეზიდენტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას“, - „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა პრეზიდენტის ინიციატივას.
„მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა - საზოგადოებაში ფართო დიალოგის დაწყებისა და ქვეყნის ამ მძიმე ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობიდან გამოყვანის მცდელობის შესახებ. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, ერთი სამშობლო გვაქვს, ვალდებული ვართ მისი წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. იმედია ეს ცარიელი სიტყვები არაა და პრეზიდენტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, დიალოგისა და თანხმობის საერთო პლატფორმის შექმნას“, - წერს ხაზარაძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა ეს განცხადება რამდენიმე მიზეზით გააკეთა და for.ge-სთან ის ვერსიები დაასახელა: „არაა გამორიცხული, რომ ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა დასავლეთის გამო გააკეთა. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ მას რეალურად იმ ფუნქციის შესრულება უნდოდეს, რაც პრეზიდენტის მოვალეობაში უშუალოდ შედის. ზურაბიშვილი იყო, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერას სათავეში ჩაუდგა. მაშინ მან ნამდვილად კარგი როლი და ფუნქცია შეასრულა. ორივე ეს მოტივი, ალბათ, მისი განცახდების მოტივად გამოდგება. უკვე სხვა საკითხია შერიგების თემაზე საუბარი რამდენად რეალურია და ტერმინები რამდენად სწორად არის შერჩეული. ვინ უნდა შერიგდეს და რატომ?“, - ამბობს საყვარეელიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, შესაძლოა, დასავლეთი შერიგებაზე აქცენტს ითხოვს და ამის მთავარ საყრდენად პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიიჩნევს. საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილმა ეს სიტყვები ჰაერზე არ თქვა და მას შემდგომ ამ მოტივით რაღაცა გადაწყვეტილების გამართლება უნდა. კერძოდ, ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ეს სააკაშვილის ამნისტია იყოს, რომელსაც პოლარიზების დასრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯად წარმოგვიჩენს.
„არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილზე დასავლეთის მხრიდან გარკვეული ზეწოლაც არსებობდეს. შესაძლოა, მას შეწყალების ბერკეტის გამოყენებას ე.წ. დიდი შერიგების მოტივით სთხოვდნენ. შესაძლოა, თავად ფიქრობს, რომ ეს ქვეყანაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ გარემოს შეცვლის და ამისთვის გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. ამიტომაც თქვა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს დაპირისპირება განიმუხტოს. პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალების გარდა სხვა პოლიტიკური ბერკეტი ამ ეტაპზე არა აქვს“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.
თუმცა აქვე დასძენს, რომ თუკი ხელისუფლება ნაციონალებთან ე.წ. შერიგებაზე წავიდა, მაშინ ის ამომრჩევლის დიდ ნაწილს დაკარგავს. მოსახლეობა იტყვის, რომ რაღა მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებაში ვინ იქნება და ეს ენმ-ის გააძლიერებს და ხელისუფლებაში დაბრუნების გარანტიას მისცემს.
„ეს შერიგების თემა სააკაშვილს ტყუილად არ შემოუგდია. ესაა ტაქტიკური სვლა, რომელიც ხელისუფლებას დააზიანებს. მის ამომრჩევლს ძალიან გაანაწყენებს და მხარდამჭერებს დააკარგინებს. ამიტომ მსგავს ნაბიჯზე ხელისუფლება რატომ უნდა წავიდეს, არ მესმის. ოპოზიცია ახლა ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ ქუჩაში ხალხი სააკაშვილის დაბრუნებამაც ვერ გამოიყვანა. დასუსტებულ და პოლიტიკურად გაკოტრებულ ოპოზიციას ხელისუფლება თამაშში რატომ უნდა აჰყვეს? ხალხი პატიობს ენმ-ს და რიგდება? ამიტომ აქ ბევრი ნიუანსია და პრეზიდენტს ეს სიტყვები ჰაერზე არ უთქვამს“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა, დასავლეთისგან სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილის შეწყალებაზე გარკვეული შენიშვნები მიიღო. ჩიტაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ახლა ზურაბიშვილი საკუთარი ფიგურის გადარჩენას ცდილობს, რადგან ის მაინც დიპლომატია და უნდა გარკვეულ ჩარჩოებში დარჩეს. მეორეც, შესაძლოა, მას დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბება უნდა და ამით „ქართულ ოცნებას“ აფრთხილებს კიდეც.
„ახლა სალომე ზურაბიშვილის ხელში ძალიან დიდი ბერკეტია. ის არის მთავარი ფიგურა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის რადიკალური ცვლილება შეუძლია. არ გამოვრიცხავ, რომ ეს განცხადება დასავლეთისთვის იყოს განსაზღვრული. თუმცა არც იმას, რომ ზურაბიშვილმა ერთგვარად ხელისუფლება გააფრთხილა კიდეც. პრეზიდენტს საერთაშორისო ასპარეზზე მაინც, როგორც დამოუკიდებელ ფიგურას ისე აღიქვამენ.
დიალოგითაც, როგორც ევროპა, ასევე ამერიკა მასთან უფრო კონტაქტობს. ამიტომაც მისი სიტყვები ასე ჰაერზე ნასროლი არ მგონია იყოს. თუმცა მას რამდენად ეყოფა შემდეგ გამბედაობა, ეს არ ვიცი. თუკი ქვეყანაში მან დაინახა, რომ პოლიტიკური პროცესები რადიკალური ხდება, სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს. მასზე და მის რეიტინგზე ქვეყნის შიგნით ეს რამდენად იმოქმედებს, არ ვიცი, მაგრამ თუკი ქვეყანაში მოვლენები დაიძაბა, მას სიტუაციის დასტაბილურება შეუძლია“, - ამბობს ჩიტაძე for.ge-სთან.