"ახალგაზრდა ადვოკატების" ცნობით, "სასამართლო სხდომაზე ეროვნული ბანკმა 1990-იან წლებში კრედიტების გაცემის არამართლზომიერება დაადასტურა".
როგორც "პირWელს" "ახალგაზრდა ადვოკატებიდან" აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნათია ბუსკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" სარჩელის განხილვა გაიმართა. დავის საგანს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს.
"საქმე ეხება საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიციას, რომლის თანახმადაც, 1992-1993 წლებში, ქვეყნის მთავარი საფინანსო უწყების მიერ 500-ზე მეტ კომპანიაზე, ჯამში 854 მილიარდი მანეთისა და კუპონის გაცემა, რამდენად მართლზომიერად მოხდა, კონკრეტულად, რომელ ორგანიზაციებზე გაიცა თანხა, რა მოცულობის თანხა იქნა გაცემული სესხად და ვინ იყვნენ მაშინდელი ორგანიზაციის მეპატრონეები. ეროვნული ბანკისგან აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ (აფბამ) მოითხოვა, თუმცა ეროვნულმა ბანკმა წერილობით მიუთითა, რომ „ცნობები იურიდიული და ფიზიკური პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების შესახებ შეიძლება, გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე". "ახალგაზრდა ადვოკატებმა" "ახალგაზრდა ფინანსისტების" ინტერესების დაცვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვალს მიმართეს. ეროვნულმა ბანკმა არ ცნო სარჩელი, მიუთითა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, იგი არ ექცევა საჯარო ინფორმაციის ბაზაში და დაკავშირებულია პირის ფინანსებთან, რომლის ხელმისაწვდომობასაც განსაზღვრავს კონსტიტუცია. პოზიციის მიუხედავად, სასამართლო სხდომაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერესების დამცველმა მანანა ღუბიანურმა ღიად განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი 1990-იან წლებში განვითარებულ ჰიპერინფლაციასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ პასუხისმგებელია, თუმცა საბჭოთა ანაბრების გაუფასურების ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ იღებს. მხარის შეფასებით, ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას ვერც გაცემული კრედიტების მიზნობრივ ათვისებაზე აიღებს, თუმცა ცალსახად იქნა დაფიქსირებული პოზიცია, რომ კრედიტების გაცემის სქემა იყო არასწორი. ეროვნულმა ბანკმა მოთხოვნილ ინფორმაციას საბანკო საიდუმლოება უწოდა", - ნათქვამია "ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებაში.
მათი მტკიცებით, ეროვნული ბანკის პოზიცია დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რადგანაც საჯარო უწყებიდან მოთხოვნილ ინფორმაციას "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონის თანახმად, ასეთი გრიფირება არ ადევს, ამასთან, ინფორმაცია არც კომერციული საიდუმლოების მატარებელია.
"არცერთი დოკუმენტით არ დასტურდება მოთხოვნილი ინფორმაციის კონფიდენციალობის ფაქტი, რითაც შეიძლება, დადგინდეს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის უარი საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციისა და ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევასთან ერთად, ევროკონვენციის მე-10 მუხლის დარღვევაა. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, მხარეებმა დღევანდელ პროცესზე აღიარეს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით სარგებლობს", - აცხადებენ ახალგაზრდა ადვოკატები.
შეგახსენებთ, რომ "ახალგაზრდა ადვოკატები" და "ახალგაზრდა ფინანსისტები" საბჭოთა ანაბრების გაუფასურების სამართლებრივი და ეკონომიკური შედეგების კვლევას ახორციელებენ. კვლევის შედეგები საზოგადოებისთვის მაისში გახდება ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ "ახალგაზრდა ადვოკატების" სარჩელის განხილვა გადაიდო. სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას 2013 წლის 15 მაისს, 16:00 საათზე გამოიტანს.