პრეტენზიული და ურჩი მოვალე

პრეტენზიული და ურჩი მოვალე

ურჩი მოვალის „ყაზტრასგაზ-თბილისის“ საკითხი კვლავ ჰაერშია გამოკიდებული. საქართველოში ყაზახეთის ელჩი „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ დავალიანების გადახდის წინაპირობად კომპანიის ყაზახური მენეჯმენტისთვის დაბრუნებას ასახელებს. მთავრობა კი ყაზახებს თბილისში ჩამოსვლისა და მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს.

ყაზახეთის სრულუფლებიანი ელჩი ადილ ტურსუნოვი აცხადებს, რომ კომპანიის ყაზახური მენეჯმენტისთვის უმოკლეს ვადებში დაბრუნების შემდეგ ვალის დაბრუნება მოხდება. ელჩის თქმით, მთავრობის ცვლილება ოქტომბერში ყახაზი ინვესტორებისთვის პოზიტიური ნიშანი იყო და მოლოდინში არიან თუ როგორ გადაჭრის ახალი მთავრობა ყაზახი ინვესტორებისთვის შექმნილ პრობლემებს. თუმცა, მთავრობის ცვლილებიდან რამდენიმე თვე გავიდა და მისი თქმით, „ყაზტრანსგაზის“ საქმეში პროგრესი არ ჩანს.

ელჩის განცხადებით, მას შემდეგ რაც კომპანიის კონფისკაცია მოხდა, ყაზახმა ინვესტორებმა საქართველოს მიმართ ინტერესი დაკარგეს.

მთავრობამ „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ დროებითი მმართველი 2009 წელს დანიშნა, რათა კომპანიის მიერ დაგროვილი ვალების ამოღება მოეხდინა. ახლახან სემეკმა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ დროებით მმართველს ანი თაქთაქიშვილს უფლებამოსილება 1-ელ ივნისამდე გაუხანგრძლივა. თაქთაქიშვილს „ყაზტრანსგაზის“ მართვის ვადა 1-ელ მაისს ეწურებოდა.

როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიას მართლაც ყაზახთათვის დასაბრუნებლად ამზადებს. დროებითი მმართველის ვადა ყოველთვის ერთი წლით იწევდა ხოლმე, ახლა კი თაქთაქიშვილის მმართველობის პერიოდი ერთი თვით ხანგრძლივდება.

თუმცა, ყაზახეთის ელჩის პოზიცია საკმაოდ პრეტენზიულია. „ყაზტრანგაზ-თბილისს“, ანუ, ერთ ყაზახურ კომპანიას, დაახლოებით, იმდენივე ვალი აქვს, რაც მთელ საქართველოს ყაზახეთისა მართებს. ამ ფონზე იმგვარი განცხადება, რომ „ყაზტრანსგაზის“ საქმეში პროგრესი არ ჩანს და ვალს მაშინ დააბრუნებენ, როცა კომპანიას ყაზახურ მენეჯმენტს გადააბარებენ, ზედმეტად ხმამაღალია.

ყაზახ დიპლომატს ეტყობა დაავიწყდა, რომ თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია ყაზახებს ჩალის ფასად მიყიდეს და იმ მომენტიდან უმოკლეს პერიოდში ე.წ. ინვესტორებმა კომპაინის 80-მილიონიანი ვალი აჰკიდეს. რაც ყველაზე მთავარია, დავალიანების წარმოშობიდან 4 წელია გასული და იგი მხოლოდ უმნიშვნელოდ შემცირდა.

სემეკის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი ადასტურებს, რომ კომპანიას კიდევ რჩება დავალიანება და მის სრულად დაფარვამდე „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ სახელმწიფოს მიერ დანიშნული მმართველი უხელმძღვანელებს. სრული დაფარვა ვერაფრით ხერხდება, ასე რომ, რჩება ერთი გამოსავალი: „ყაზტრანსგაზის“ დარჩენლი 70 მილიონი, საქართველოს ყაზახეთის მიმართ არსებული დავალიანების (100 მლნ ლარი) ნაწილში გაიქვითოს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლებს თბილისში ჩამოსვლისა და საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს.

„ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია აღნიშნულ ვალზე მოლაპარაკებების დაწყება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალი ყაზახეთისადმი, დაახლოებით, 100 მილიონ დოლარს შეადგენს. დავალიანების ზუსტი რაოდენობა არ მახსოვს, მაგრამ მოლაპარაკების თემა რეალურია“, - განაცხადა რამდენიმე დღის წინათ კალაძემ.