შეეწირა თუ არა ე.წ. მწვანე პასპორტის გამო პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან გაღრმავებულ დაპირისპირებას მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უცნობია. ფაქტია, მან გადადგომა გარკვეული მიზეზების გამო გადაწყვიტა.
როგორც ჩანს, პრემიერსა და მინისტრს შორის არსებულ დაპირისპირებაში „ქართულმა ოცნებამ“ ჩარევისგან თავი შეიკავა და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მინისტრმა ტიკარაძემ მიიღო. სავარაუდოდ, მინისტრმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკუთარ თავზე აიღო და ჩაყოლას წასვლა ამჯობინა.
მტყუან-მართლის გარჩევა, ალბათ, რთულია, თუმცა მთავრობის მეთაურს კონსტიტუციით მინისტრის გადაყენების სრული უფლება აქვს და ამაში გასაკვირიც არაფერია.
ეკატერინე ტიკარაძემ კი წასვლის შესახებ განცხადება 9 დეკემბერს „ოცნების“ ოფისიში გააკეთა.
მისი თქმით, ის საქმიანობას „ქართულ ოცნებაში“ გააგრძელებს და პოლიტსაბჭოს წევრი იქნება.
„მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც პანდემიის პერიოდში ჩემთან ერთად იბრძოდა. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ვინც გაგებით ეკიდებოდა ყველა იმ გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ვიღებდით.
მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროს გუნდს, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში, პანდემიის დროს დაუღალავად ებრძოდა უხილავ მტერს, რომელმაც შეიწირა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. ჩემთვის ჯანდაცვის მინისტრობა იყო და არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ სწორი ნაბიჯები გადაგვედგა.
მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში, სამინისტრომ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. სამწლიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ და განვლილი კონსულტაციების შედეგად, სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, რომ შემდეგი ჩემი საქმიანობა, პარტია „ქართულ ოცნებაში“ გავაგრძელო - პოლიტსაბჭოში და სწორედ აქედან გავაძლიერო სოციალური ჯანდაცვის სისტემები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ეკა ტიკარაძე საკუთარი ნებით გადადგა და ის პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს არ გადაუყენებია. მისი აზრით, წარუმატებელი მინისტრობის ფონზე, მან ჩაყოლას გაქცევა ამჯობინა. როგორც იქნა გონება გაუნათდა და მიხვდა, რომ სჯობდა ამ მძიმე პანდემიის პირობებში სიტუაციას გასცლოდა.
„მე თუ მკითხავთ, ეკა ტიკარაძე უკვე შარშან დეკემბერში უნდა წასულიყო, როცა ქვეყანას ყველაზე დიდი დარტყმა პირველად მიადგა. მისი მინისტრობის პერიოდს ძალინ ცუდად დავახასიათებდი. მისმა არაპრინციპულობამ, გაუმართავმა მენეჯმენტმა და ბევრმა სხვა შეცდომებმა აქამდე მიგვიყვანა. ვაქცინაციის პროცესის ჩავარდნაშიც სამინისტროს და მინისტრს დიდი წვლილი მიუძღვის. მაინც მგონია, რომ საკუთარი სურვილით წავიდა და ის პრემიერს არ გაუშვია. მე ასე მგონია, რადგანაც დაინახა, რომ უკვე არაფერს აღარ ეკითხებოდნენ, სიტუაცია ძალიან გართულდა და გადადგომა ამჯობინა. მან კოვიდ პანდემია ვერ მართა. ბევრი შეცდომები დაუშვა. თუმცა ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით მაინც მართალია.
ორი მწვანე პასპორტი და ერთხელ კოვიდგადატანილებისთვის მისი მინიჭება დაუშვებელია. ვეთანხმები იმაში, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში აცრა სავალდებულო უნდა გახდეს. როგორც ჩანს, ამაზე პრემიერი პოლიტიკური მოტივით უარს ეუბნებოდა და დაპირისპირება გამწვავდა. მე პირიქით, ველოდი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გადადგებოდა. ივანიშვილთან ტიკარაძე ძალიან დაახლოვებული პირია და სიმართლე გითხრათ გამიკვირდა“, - ამბობს სურგულაძე for.ge-სთან.
თუმცა ის არც იმას გამორიცხავს, რომ საქმეში ივანიშვილი პირდაპირ არ ჩარეულა და ტიკარაძეს ვიღაცამ მიანიშნა, რომ ჯობდა წასულიყო. სხვაგვარად მისი წასვლა ცოტა აუხსნელია, რადგანაც ის ასე ადვილად გასაშვები მინისტრი არ იყო.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ სულაც არ არის გასაკვირი, როცა პრემიერი და მინისტრი ვერ თანხმდებიან და თანამშრომლობენ, მინისტრი მთავრობის მეთაურმა მოხსნას. ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ტიკარაძე, სავარაუდოდ, საკუთარი სურვილით გადადგა. რაც შეეხება გუნდის პოზიციას, მისი აზრით, მათ ამ დაპირისპირებაში ჩარევა არ მოინდომეს.
„არ მგონია ეკა ტიკარაძის წასვლაში რამე კატასტროფა იყოს. როგორც ბოლო დროს იყო საუბარი, ღარიბაშვილი და ის ვერ თანხმდებოდნენ. პანდემიის მართვასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობდა. კი ბატონო, ღარიბაშვილსაც მიუძღვის ამ პრობლემებში წვლილი, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ხომ მინისტრი ტიკარაძე იყო, მისი პასუხისმგებლობაც საკმაოდ დიდია. პრემიერი ქვეყნის მეთაურია და რა გასაკვირია, თუკი მინისტრთან ვერ თანხმდებოდა თუნდაც გადაეყენებინა. ეს კონსტიტუციით მისი მოვალეობაა და რაიმე კონსპირაციებზე საუბარი არ მგონია სწორი იყოს. არც იმას გამოვრიცხავ, ტიკარაძე თავად წასულიყო. როცა მთავრობის მეთაურთან ვერ თანხმდები, ალბათ, სჯობს, რომ წახვიდე. რაც შეეხება ამ შემთხვევაში გუნდის ჩაურევლობას და „ოცნებაში“ ტიკარაძეს მხარი რატომ არ დაუჭირეს, მგონია, ყველა მაინც თავის ატკიებას მოერიდა. ეს ისევ ორი ადამიანის პრობლემა იყო და სავარაუდოდ, ტიკარაძემ, სანამ გაუშვებდნენ, საკუთარი სურვილით თანამდებობა დატოვა“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.