„ქართული ოცნების“ ლიდერები წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ხშირად ადანაშაულებენ, რომ მათ მხარი დაუჭირეს რეზოლუციის მიღებას, რომლის თანახმადაც ომი საქართველომ დაიწყო (ხელის მომწერები: პეტრე ცისკარიშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, დავით დარჩიაშვილი, გოკა გაბაშვილი, გიორგი კანდელაკი, გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია)
ინტერნეტ გამოცემამ ფაქტ-მეტრმა (იხ:https://factcheck.ge/ka/story/40189-იცით-რა-ჩანაწერია-1633-რეზოლუციაში-რომ-ქართულმა-მხარემ-დაიწყო-საომარი-მოქმედებები-და-რუსეთი-იძულებული-იყო-პასუხი-გაეცა?fbclid=IwAR2v7zzwe6uWDY5yoooM4_KmrSl-7--ZWhn3Sh_1tz0p7evUgbnPmQgmY70) შეისწავლა საკთხი და გამოიტანა ვერდიქტი (ავტორი თიკა მამადაშვილი):
PACE №1633 რეზოლუციაში არ წერია რომ ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედებები და რუსეთი იძულებული იყო პასუხი გაეცა. ამდენად, ქართულ დელეგაციას არ უღიარებია ომის დაწყება.
მოდით, ერთად ვნახოთ რა წერია N 1633 რეზოლუციაში (http://assembly.coe.int/nw/xml/XRef/Xref-XML2HTML-en.asp?fileid=17681&lang=en&fbclid=IwAR1dwYeIIPGvcwNZXkU39pf_M8sFS2M2rMee6MOzeqUFp-_gZX5v7WBcCHE), ჩვენთვის საინტერესო N 5 და N 6 პუნქტებში (გაწვდით ორიგინალსა და თარგმანს):
- However, the initiation of shelling of Tskhinvali without warning by the Georgian military, on 7 August 2008, marked a new level of escalation, namely that of open and fully fledged warfare. The use of heavy weapons and cluster munitions, creating grave risks for civilians, constituted a disproportionate use of armed force by Georgia, albeit within its own territory, and as such a violation of international humanitarian law and Georgia’s commitment to resolve the conflict peacefully.
- „თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის გაუფრთხილებელი დაბომბვით, ესკალაცია ახალ, ღია და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა მოქალაქეებს, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მის ტერიტორიაზე, და აგრეთვე წარმოადგენდა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები მოეგვარებინა მშვიდობიანი საშუალებებით“.
„ფაქტ-მეტრი“ კი უტიფრად აცხადებს: „...რეზოლუციაში არ წერია რომ ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედებები“
აბა ეს როგორ გავიგოთ?
“… the initiation of shelling of Tskhinvali without warning by the Georgian military, on 7 August 2008, marked a new level of escalation, namely that of open and fully fledged warfare.”
„...საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის გაუფრთხილებელი დაბომბვით, ესკალაცია ახალ, ღია და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებზე გადავიდა“.
გადავიდეთ შემდეგ პუნქტზე
- At the same time, the Russian counter-attack, including large-scale military actions in central and western Georgia and in Abkhazia, equally failed to respect the principle of proportionality and international humanitarian law, and constituted a violation of Council of Europe principles, as well as of the statutory obligations and specific accession commitments of Russia as a member state.
- იმავდროულად, რუსეთის საპასუხო შეტევამ, მათ შორის ფართომასშტაბიანმა სამხედრო მოქმედებებმა ცენტრალურ და დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთში, ასევე ვერ უზრუნველყო პროპორციულობისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების დაცვა, რაც წარმოადგენდა ევროპის საბჭოს პრინციპების, აგრეთვე რუსეთის, როგორც წევრი-სახელმწიფოს საწესდებო მოვალეობებისა და გაწევრიანებისას აღებული განსაკუთრებული ვალდებულებების დარღვევას.
„ფაქტ-მეტრი“ კი გვიმტკიცებს: „...რეზოლუციაში არ წერია რომ... რუსეთი იძულებული იყო პასუხი გაეცა“.
კი, მაგრამ ეს როგორ გავიაზროთ?
“…the Russian counter-attack, including large-scale military actions in central and western Georgia and in Abkhazia…”
„...რუსეთის საპასუხო შეტევამ, მათ შორის ფართომასშტაბიანმა სამხედრო მოქმედებებმა ცენტრალურ და დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთში...“
ჩვენი დასკვნა:
ფაქტ-მეტრის ვერდიქტი, რომ PACE №1633 რეზოლუციაში:
- 1. „არ წერია რომ ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედებები“, - არის ტყუილი
- „არ წერია რომ რუსეთი იძულებული იყო პასუხი გაეცა“, - არის ტყუილი.
- 3. „ქართულ დელეგაციას არ უღიარებია ომის დაწყება“, - არის ტყუილი
აგრესორი ყოველთვის ცდილობს, რომ მისი მოქმედება იყოს საპასუხო, რომ აქაოდა იძულებული იყო აგრესია განეხორციელებინა. ამიტომ აგრესორს ჰაერივით სჭირდება პროვოკაცია, რაც მის მოქმედებას „გააპრავებს“. ასეთი იყო გლაივიცის პროვოკაცია, რაც საბაბად გამოიყენა ნაცისტურმა გერმანიამ პოლონეთის წინააღმდეგ ომისათვის. ასევე საბაბი იყო მაინილას პროვოკაცია, რაც გაითამაშა საბჭოთა კავშირმა ფინეთთან ომის დასაწყებად. ამავე რიგში უნდა განვიხილოთ ცხინვალის დაბომბვაც. აგრესორი არის რუსეთი, მას სჭირდებოდა საბაბი და ერთგვარი „ალიბი“, რომ შემოჭრილიყო საქართველოში, და ასეთი საბაბი, ისევე როგორც „ალიბი“ საქართველოს წინააღმდეგ მტრული მოქმედებების „გასამართლებლად“ დაბარებულივით მიიღო კიდეც!
ვიმეორებთ, ომი დაიწყო რუსეთმა, იგია აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაცია, ხოლო ცხინვალის დაბომბვა იყო დადგმული პროვოკაცია. გასარკვევია მხოლოდ: ეს პროვოკაცია შეგნებული ღალატის შედეგი იყო, თუ უფრო უარესი, სიბრიყვე?
საქართველოს სასამართლო დღეს მხოლოდ ე.წ. პიჯაკების საქმეს კი არ უნდა არკვევდეს, არამედ უწინარესად უნდა დაადგინოს:
(I) ვისი ბრძანებით და რატომ განხორციელდა პროვოკაცია?
(II) რატომ არ გამოცხადდა დროულად საომარი მდგომარეობა?
(III) რატომ არ დასახელდა აგრესორი და უარესიც, რატომ მიიჩნეოდა აგრესორი ვიდრე 9 აგვისტოს საომარი მდგომარეობის გამოცხადებამდე „სამშვიდობო ძალად“?
(IV) რატომ არავინ იცავდა გორს?
(V) რატომ ჩაბარდა უომრად კოდორის ხეობა?
(VI) რატომ არ მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია?
ეს არ არის რიტორიკული კითხვები, არამედ ეხება ჩვენი იმდროინდელი ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის განსაკუთრებით უხეშ დარღვევას - მან ვერ შეასრულა ხალხის მიერ დაკისრებული ძირითადი ფუნქცია, ვერ აიცილა თავიდან მტრის სრულმასშტაბიანი აგრესია, რასაც მოჰყვა სამხედრო-პოლიტიკურ კრახი, მსხვერპლი და ნგრევა, ათასწოლოვანი ქართული სოფლების პირისაგან მიწისა აღგვა, სამკვიდროდან მოსახლეობის აყრა და დევნა, ტერიტორიების მტრის მიერ ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია! და ამისათვის, უთუოდ, ყოველ მიზეზს გარეშე, კანონისა და ერის წინაშე პასუხი უნდა აგოს!
ულაპარაკოდ: სააკაშვილს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი მთავარი ბრალი წაყენებული, რაც ვერავითარი კონტრარგუმენტით ვერასდროს გაბათილდება. მართლაც,
მან, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, ქვეყანა მიიყვანა სამხედრო-პოლიტიკურ კრახამდე და ამასთან, რუსეთის სამხედრო აგრესიასა და რუსულ ოკუპაციას შეუქმნა, რამდენადაც კი ეს შესაძლებელი იყო, მაქსიმალურად მყარი სამართლებრივი „ალიბი“, ვინაიდან:
- მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ აგვისტომდე (როცა რეგულარულად და არაერთგზის, მსხილკალიბრიანი იარაღით იცხრილებოდა ქართული სოფლები, გამოიყენებოდა საარტილერიო ჭურვები, გვქონდა მსხვერპლიც) სრულიად აშკარა იყო რუსი სამშვიდობოების არა მხოლოდ სრული უმოქმედობა, არამედ უარესიც: მკაფიოდ იკვეთებოდა მათი მტრული პოზიცია, სეპარატისტისტების აშკარა წახალისება და დაუფარავი მხარდაჭერაც კი, არათუ არ შეუწყვეტია რუსეთისათვის სამშვიდობო მანდატი, არც კი გადაუდგია ამ სამხედრო ესკალაციის შესაჩერებლად და სრულმასშტაბიანი ომის თავიდან ასარიდებლად სამართლებრივ-პოლიტიკურად ერთადერთი მართლზომიერი, ადეკვატური და პროპორციულად აუცილებელი საპასუხო ნაბიჯი, ანუ - არ დაუწყია სოჭის ხელშეკრულების დენონსაციისთვის არც მსოფლიო თანამეგობრობის დღის წესრიგში შესატანად დიპლომატიური და პოლიტიკური, და არც საქართველოს პარლამენტის წინაშე ამ საკითხის დასაყენებლად სათანადო სამართლებრივი ზომების განხორციელება;
- ნაცვლად ამისა, იმ უკიდურესად ფეთქებადსაშიშ პირობებში, როცა სოჭის ხელშეკრულებით განსაზღვრული რუსეთის სამშვიდო მანდატი საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის უკვე მტრულად „მუშაობდა“, რის გამოც კრიტიკულად სარისკო გახდა ნებისმიერი მოუზომავი, არამართლზომიერი ქმედება, რადგან სრულიად აშკარა იყო მტრის სრულმასშტაბიანი აგრესიის საფრთხე, რის თაობაზეც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მკაცრად გაფრთხილებლი იყო პირადად სააკაშვილი, არათუ ამ აგრესიის თავიდან ასაცილებლად არც ერთი მეტ-ნაკლებად ეფექტიანი დიპლომატიური და სამართლებრივ-პოლიტიკური ზომა არ იქნა მიღებული, არამედ პირიქით: კონფლიქტის დემილიტარიზებულ ზონაში, მოქმედი კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ, შეიარაღებული ძალების შეყვანა, ხოლო 7 აგვისტოს ღამით უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება, ქ. ცხინვალზე შეტევითი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ, წარმოადგენდა ისეთ უგუნურ, ანტი-სამართლებრივ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რასაც გარდაუვლად უნდა მოჰყოლოდა და მოჰყვა კიდეც, მოწინააღმდეგის სრულმასშტაბიანი აგრესია;
- განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ჯერ ისევ საერთაშორისო მანდატის ქვეშ მყოფ კონფლიქტის დემილიტარიზებულ ზონაში, სადაც რუსეთს გააჩნდა სამშვიდო მანდატი, საქართველო კი ამ საერთაშორისო ვალდებულებებით იყო შებოჭილი, შეიარაღებული ძალების შეყვანა, მით უმეტეს - სამხედრო თვალსაზრისით აბსოლუტურად არაადეკვატური ჩართვა საომარ მოქმედებებში, რასაც არ ჰქონია რაიმე სამართლებრივი დასაბუთება (არც 7-ში და არც 8-ში საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, რაც მოქმედი კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დაუყოვნებლივ, შეიარაღებული ძალების გამოყენებისთანავე, თუ მანამდე არა, უნდა გამოცხადებულიყო და არ გამოცხადებულა), წარმოადგენდა მოქმედი კონსტიტუციისა და სამართლის განსაკუთრებით უხეშ დარღვევას, რასაც მოჰყვა კატასტროფული შედგები - რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია, ომი, მსხვერპლი და ნგრევა, მკვიდრი მოსახლეობის აყრა და განდევნა, სამხედრო-პოლიტიკური კრახი, ტერიტორიების მტრის მიერ ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია;
ზემოთქმულიდან გამომდინარე, შკარაა: არა მხოლოდ ევროსაბჭოს ამ რეზოლუციის, სადაც აგვისტოს ომთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების საქართველოსთვის საზიანო პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასებებია, ხმის მიცემა, არამედ სააკაშვილისა და მისი რეჟიმის გამყიდველური მოქმედება მთლიანობაში, წარმოადგენდა მოღალატეობრივ ქმედებათა ერთ ლოგიკურ ჯაჭვს, რამაც ქვეყანა სამხედრო-პოლიტიკურ კრახამდე ისე მიიყვანა, რომ მტერს, რამდენადაც კი ეს შესაძლებელი იყო, შეუქმნა სამართლებრივი ალიბი აგრესიისა და ტერიტორიების ოკუპაციის, ხოლო შემდგომ - ფაქტობრივი ანექსიის, გამართლებისათვის. სხვა კვალიფიკაცია ამ უმძიმეს დანაშაულს, თუ არა სახელმწიფო ღალატი, ვერასგზით ვერ ექნება!
არ გვაწყენს გავიხსენოთ: 1924 წელს თურქეთთან ომში საბერძნეთის დამარცხების გამო (ამ დამარცხების შედეგად ბერძნები გაასახლეს მცირე აზიიდან, სადაც ისინი 3000 წელი ცხოვრობდნენ), საბერძნეთში მთელი გენერალიტეტი სიკვდილით დასაჯეს, სამეფო ოჯახმა გაქცევით უშველა თავს (მათ შორის იყო საბერძნეთის მეფის ძმისშვილი პატარა ფილიპი, რომელიც შემდგომში ინგლისის დედოფლის ელიზაბეტის მეუღლე გახდა).
ქართული კლუბი არ მოვითხოვთ ასეთ მკაცრ ზომებს, მაგრამ თუ სახელმწიფო ვართ, ყოველ მოღალატეობრივ დანაშაულზე (ასეთ, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მოღალატეობრივ დანაშაულთა რიგს, სათავე დაუდო 1991-92 წწ-ის სამხედრო-შეიარაღებულმა ამბოხებამ), სასამართლოს თავისი ვერდიქტი აუცილებლად უნდა გამოჰქონდეს!
ღალატისთვის ვერდიქტის გამოტანა არასოდეს არის გვიან.
ან ამას გავაკეთებთ, ან სახელმწიფოდ ვერ შევდგებით, გინდა დასავლეთისკენ წავიდეთ, გინდა ჩრდილოეთისკენ, აღმოსავლეთისა და გინდა სამხრეთისკენ.