„სააკაშვილის მეორედ გამოსვლის დროს საკმაოდ შეთხელებული რაოდენობით იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც პროტესტს გამოხატავდნენ პირველ სასამართლო პროცესზე და მხარს უჭერდნენ სააკაშვილს. მესამედ სიტყვით გამოსვლის შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე დარჩებოდნენ მხოლოდ ჟურნალისტები და პარტიის ლიდერები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.
სააკაშვილს დღემდე ჰგონია, რომ მის დროს აიკრიფა ე.წ. დრაივის ტემპი საქართველოში, სწორედ მის დროს იყო აღმშენებლობა, სიყვარული და სითბო. როგორ გგონიათ, სად არის ჩარჩენილი სააკაშვილი, 2003 წლის საქართველოში, უკრაინაში, თუ საერთოდ სხვა განზომილებაში? რამდენად არარაციონალური თუ რაციონალურია მისი განცხადებები?
- ჩემი აზრით, სააკაშვილი არსად არ არის ჩარჩენილი, ის ფიქრობს, რომ აღმატებულია ყველაფერზე. 2003 წელს მას არ მიაჩნდა, რომ იყო საქართველოს გადამრჩენელი, ახალი სახელმწიფოს დამფუძნებელი, დემოკრატიის შუქურა, რეგიონალური ლიდერი, დღეს კი სააკაშვილი ამ ყველაფერზე ისეთ ტონში ლაპარაკობს, თითქოს აღმატებულია ყველაფერზე, რაც დედამიწაზე ხდება და უფრო დედამიწასა და ღმერთს შორისაა, მისი ტონიდან გამომდინარე. ამიტომ ადამიანური სისუსტეები მისთვის არ წარმოადგენს პრობლემას. შესაბამისად, თვლის, რომ სწორად გააკეთა ის, რაც გააკეთა. სასამართლო სისტემა განა არ გააუმჯობესა, თურმე ვერ მოასწრო, დრო არ ეყო, სასამართლო სისტემა მოეწესრიგებინა. ისე, ყველაფერი სწორად გააკეთა, ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს. რაც შეეხება დარბევებს, სააკაშვილი ამბობს, რომ დარბევა არ ყოფილა, ერთხელ სიცხე ჰქონდა მაღალი, ტელევიზიით უყურებდა და რა ექნა? მეორედ თურმე პოლიცია გამოვიდა მწყობრიდან, რადგან პოლიციელს დააჯახეს მანქანა, ამიტომ რა შუაშია სააკაშვილი ამ საქმეში? ანუ, ის მოწყვეტილია ჩვენს სამყაროს, როგორც გითხარით, საკუთარ პერსონას ის სადღაც ღმერთსა და ადამიანს შორის უყურებს. ამიტომ მას სინანულის განცდა არ აქვს და ვერ ექნება. არაერთი გვინახავს ასეთი პიროვნებები.
ანუ ილია ჭავჭავაძის პერიფრაზი რომ მოვიყვანოთ, ასე იმიტომ ლაპარაკობს სააკაშვილი, „რომ წარუძღვეს წინა ერსა“ ხელახლა? ამგვარი მიზანი აქვს სამომავლოდაც?
- დიახ, ისევ უნდა, გადამრჩენელის ფუნქცია მოირგოს. მან ხომ ერთხელ უკვე „გადაგვარჩინა?!“ შევარდნაძის შემდეგ ჩამოაყალიბა სახელმწიფო. რატომღაც ამაყობს იმით, რომ შექმნა სახელმწიფო, სადაც სამართალი არ იყო. სინამდვილეში, ასეთ სახელმწიფოში ვცხოვრობდით მთელი საუკუნე, რა არის ამაში საამაყო, არ მესმის.
ძალიან ხშირად მისი მიღწევების ჩამოთვლას უწყვეტი ელექტროენერგიის მიწოდების შეხსენებით იწყებენ, რაც შევარდნაძის დროს არ გვქონდა. თუმცა ავიწყდებათ, რომ ელექტროენერგია შევარდნაძის ხელისუფლების მიწურულს უკვე გვქონდა და 2003 წლის ვარდების რევოლუციასაც უწყვეტ რეჟიმში ვუყურებდით.
- სააკაშვილი შუქზე რომ ლაპარაკობს, ცოტა გაუგებარია, რას გულისხმობს, რომ სააკაშვილის პერიოდში ნათელში ვიყავით? სააკაშვილი პრობლემად არ აღიქვამს, რომ დღეს ერთს იტყვის, ხვალ მეორეს. თავისი ნათქვამის კონტროლის პრობლემა მას არ აქვს. ყველაზე ცუდი ისაა, ის ვერ ფლობს დღევანდელ სიტუაციას, რეალობასაა მოწყვეტილი. მის ბოლო გამოსვლაში დიდი ნაწილი დაეთმო ერთსა და იმავეზე საუბარს, ამიტომ ღირდა კი მესამედავ გამოსულიყო სააკაშვილი და იგივე ელაპარაკა? ეს მომგებიანია ოპოზიციისთვის? არა მგონია, მთლად მომგებიანი იყოს რეალობას მოწყვეტილი ადამიანის შემთხვევაში, თავი რომ დავანებოთ იმას, სააკაშვილს რადაც წარმოუდგენია თავი. ეგზისტენციალური ვითარებაა ქვეყანაში, ქვეყნის გადარჩენაზეა საუბარი, ამ დროს სააკაშვილს თავის ამოცანად მიაჩნია არა ერის გადარჩენა, არამედ ერის არევა. მეორე მხრივ, პარადოქსი იმაშია, რომ საკუთარ მომხრეებს მოუწოდებს, უმჯობესია, ჯერ ჩემი გათავისუფლებისთვის იბრძოლოთ, შემდეგ იმისთვის, თუ როგორ შევცვალოთ ხელისუფლება. მას ჰგონია, წრე მის გარშემო ტრიალებს, მთელი სამყარო, მთელი პოლიტიკური პროცესი მის ირგვლივაა.
სააკაშვილის მონოლოგებმა ზოგიერთს ყოფილი დიქტატორების პროცესები გაახსენა, ისიც ითქვა, გებელსი რომ გაეყვანათ ნიურნბერგის პროცესზე, ალბათ, ზუსტად ამავეს ილაპარაკებდა.
- ასეთი მკვეთრი განცხადებებისგან თავს შევიკავებდი. გებელსი ცოტა სხვა მასშტაბის პოლიტიკოსი იყო. მთავარი ისაა, რომ სააკაშვილი პოლიტიკურ რეალობას საქართველოში ვერ ხედავს. მისი მეორე გამოსვლის დროს საკმაოდ შეთხელებული რაოდენობით იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც პროტესტს გამოხატავდნენ პირველ სასამართლო პროცესზე და მხარს უჭერდნენ სააკაშვილს. ამიტომ, თუ მესამედაც იგივეს გააკეთებდა და სიტყვით გამოვიდოდა, სასამართლო სხდომაზე დარჩებოდნენ მხოლოდ ჟურნალისტები და პარტიის ლიდერები.
მე მგონი, ამაზე უკვე ფიქრობდა სააკაშვილი. რაღაც სიგნალები მასაც მისდის, ოღონდ ახლა ამ გამოსვლებზე უარი თქმა, პირდაპირ არ გამოვიდოდა. ამიტომ ველოდებოდი, რომ ჯანმრთელობის გაუარესების ამ მოტივით აღარ გამოვიდოდა პროცესებზე. აშკარად წამგებიანია მისთვის სასამართლო პროცესები, ამას დიდი ანალიზი არ სჭირდება. მეც ვიზიარებ იმ აზრს, რომ საქართველოში არ არის სასამართლო სისტემა სრულყოფილი, მაგრამ, როდესაც ასეთი ღია პროცესია, ანუ ყველა გამადიდებელი შუშით უყურებს, მაშინ არალოგიკური გადაწყვეტილების მიღება არც ისე მარტივია. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლო არსებობს, სააკაშვილს შეუძლია, იქ გაასაჩივროს.