ოლაფ შოლცი: რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრების დარღვევას შედეგები მოჰყვება

ოლაფ შოლცი: რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრების დარღვევას შედეგები მოჰყვება

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრების დარღვევას შედეგები მოჰყვება.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა. ჩვენ გვინდა, რომ ყველამ პატივი სცეს საზღვრების მთლიანობას. ყველას ესმის, რომ შედეგები დადგება, თუ ეს არ მოხდება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სხაზღვრები ხელუხლებელი დარჩეს“, - აღნიშნა გერმანიის ახალმა კანცლერმა.

8 დეკემბერს, საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა აშშ-ის კონგრესში წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენს დახურავს.

7 დეკემბერს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, „დემოკრატებმა“ მომდევნო წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტიდან ის დებულებები ამოიღეს, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-სთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

„რესპუბლიკელი“ სენატორი, ჯიმ რიში აცხადებს, რომ ეს ყველაზე ცუდი გზავნილია უკრაინისთვის იმ დროს, როდესაც პუტინის ძალები მის კარებთან დგანან.