თუ რუსეთი უკრაინაში შემოიჭრება, უამრავი რუსი ჯარისკაცი დაიღუპება და ვიმედოვნებთ, რომ პუტინს ეს არ სურს, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ტელეკომპანია Sky News-თან ინტერვიუში.
დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა მოკავშირეებთან ერთად მუშაობს კრემლის შეკავების მიზნით, თუმცა უკრაინელი სამხედროები მზად არიან, თავიანთი ქვეყანა დაიცვან.
„პარტნიორებთან ერთად აგრესიის ფასი პუტინისთვის აუტანელი უნდა გავხადოთ. აშშ-სა და სხვა მოკავშირეებს შეუძლიათ ეკონომიკური დარტყმა განახორციელონ. ჩვენ კი ადგილზე ვიბრძოლებთ. ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ ბევრი დაღუპული რუსი ჯარისკაცი იქნება და ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტ პუტინს ეს არ სურს“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის აგრესიის თავიდან აცილების სამმხრივი მიდგომა დაასახელა: პოლიტიკური მესიჯები, სანქციები და პარტნიორებთან მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა.
„დახმარებას ვითხოვთ ომის თავიდან აცილებაში, ან თუ ალტერნატივა არ დაგვრჩება რუსეთის მიერ ომის დაწყების სურვილის გამო, მაშინ ჩვენი არმიის გაძლიერებაში დახმარებას ვითხოვთ“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.