საქართველოს ორი პრეზიდენტი და ამბის ორი მხარე - „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ქვეყნის მე-5 პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს არალეგიტიმურს უწოდებდა, ახლა ექსპრეზიდენტის დაუყოვნებლივ შეწყალებას სთხოვს. ენმ იმუქრება, რომ თუკი ზურაბიშვილი ეროვნულ შერიგებას არ დათანხმდება და შეწყალების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ისინი გაჩერებას არ აპირებენ.
მიხეილ სააკაშვილთან აფილირებულმა მედია საშუალებებმა და ე.წ. ცნობადმა სახეებმა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საინფორმაცია კამპანია დაიწყეს და მისი დამუნათებით და დაბულინგებით ცდილობენ, რომ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიაღებინონ. ისინი ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ ისტორიული შანსი აქვს და ის უნდა გამოიყენოს.
„არა და არასდროს“ - მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე ამ სიტყვების ავტორი, ისევ ამ აზრზე იმყოფება. მის რეზიდენციასთან 8 დეკემბერს სამოქალაქო პლატფორმის წევრებმა აქცია გამართეს და მას სააკაშვილის შეწყლებისკენ მოუწოდეს. სამოქალაქო პლატფორმა სალომე ზურაბიშვილის პოზიციის ცვლილებამდე გაჩერებას არ აპირებს.
როგორც ჩანს, „ენმ“ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტს და ტაქტიკას გამოიყენებს. 6 დეკემბერს სააკაშვილმა პოლიტიკურ სპექტრს ჯერ დიდი ეროვნული შერიგებისკენ მოუწოდა, შემდეგ საერთოდ შეწყალებისკენ და მგვალი მაგიდის შექმნისკენ, ამის პარალელურად კი, ზურაბიშვილზე ზეწოლას აგრძელებენ.
სალომე ზურაბიშვილი კი წუხს, რომ ჩვენი საზოგადოება ამ ბოლო დროს დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით, ვიდრე ქვეყნის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ უნდა გვაღელვებდეს ჩვენი მეგობარი უკრაინის საზღვარზე განვითარებული მოვლენები, რადგან ჩვენი და ჩვენი რეგიონის მშვიდობა და განვითარება განუყოფელია. ამიტომ მას მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უფორ მნიშვნელოვანი საქმეები აქვს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესარიგებლად უნდა მიმართოს არა პარლამენტს ან პრეზიდენტს, არამედ ქართველ ხალხს“, -განაცხადა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა და მიიჩნევს, რომ „თავისუფლება მიშას“ ავტორები მისი დანაშაულების მსხვერპლებს დასცინიან.
„საკითხის ასე დაყენება სააკაშვილის მსხვერპლთა უპატივცემულობაა და ეს მიუღებელია. რაც შეეხება ეროვნულ შერიგებას, ჯერ პატიებას არავინ ითხოვს. ამიტომ, ჯერ პატიება მოითხოვონ. „ნაციონალური მოძრაობა“ შესარიგებელია ქართველ ხალხთან, ამიტომ მათ ქართველ ხალხს უნდა მიმართონ, ვინც მათ უარი უკვე მერვედ უთხრა არჩევნებზე. ასე რომ, სჯობს, გზები მოძებნონ, როგორ შეურიგდნენ ქართველ ხალხს. ეს ის ხალხია, ვინც მათი მმართველობის ცხრაწლიან პერიოდში დაზიანდნენ, გამოიარა სასჯელაღსრულების სისტემა, ვისაც ქონება წაართვეს, გაირიყა და დაიჩაგრა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბშვილზე „ენმ“-ის მხრიდან დაწყებული თავდასხმები და დამუნათება ამ პოლიტიკური ძალის კარგად აპრობირებული მეთოდია. ანჯაფარიძე ამბობს, რომ ნაციონალები და მათთან აფილირებული ე.წ. საზოგადოების ცნობადი სახეები ცდილობენ ბულინგით და სხვა ფსიქოლოგიური ზეწოლით ადამიანი მათთვის საუსურველ გადაწყვეტილებამდე მიიყვანონ.
„სალომე ზურაბიშვილზე შეტევა დაიწყეს, თითქოს მას ქვეყანაში სტაბილურობა არ უნდა და ვინმე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გამო ქვეყანაში მასობრივ აქციებს აწყობდეს. არ მგონია ზურაბშვილმა, რომელმაც ორჯერ უკვე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს, ახლა მესამედ ეს დამოკიდებულება შეცვალოს. ქვეყანაში არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდება, რის გამოც შეიძლება პრეზიდენტმა სააკაშვილი შეიწყალოს. ვხედავთ აქციეზე მათივე მხარდამჭერები აღარ დადიან. სააკაშვილის თემა ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ენმ-ს და რამდენიმე მედია საშუალებას აინტერესებს, რომელებიც ყოველდღიურად ამ დღის წესრიგს მიჰყვებიან.
ჩემი დაკვირვებით, პრეზიდენტის რეზიდენციასთანაც ბევრი ხალხი არ მისულა. ახლა ენმ-ის მეთოდია, რომ თუ ერთმა ტაქტიკამ არ გაამართლა, მოდი მეორეს ვცდით. ამიტომ ყველა ხერხს იყენებენ იმისთვის, რათა სააკაშვილი ციხიდან გამოიყვანონ. ჯერ თავადვე ამბობდნენ, რომ სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა რთული იყო, მერე გამოვიდნენ და ამბობდნენ, რომ ექიმები რაღაცა ფსიქოტროპულ პრეპარატების მეტ დოზას აძლევდნენ. თურმე ექიმები კლავდნენ. მერე მანქანიდან ასხივებენო. ახლა დიდი შერიგება, ამნისტია და მგვალი მაგიდა მოიფიქრეს. მოკლედ, ყველაფერს იკადრებენ და ყველა ხერხს მოსინჯავენ სააკაშვილი რომ დაიხსნან“, - ამბობს ზაალ ანაჯაფარიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, დასავლეთის რეაქცია სააკაშვილთან დაკავშირებით არც ისე მწვავეა. ანჯაფარიძე ამბობს, რომ ისევ და ისევ „ენმ“-ის ლობისტების მეშვეობით არის, რომ სააკაშვილის საკითხი ზოგიერთი იქაური პოლიტიკოსისთვის აქტუალურია. დასავლეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია რაც სააკაშვილმა ჩადინა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში ფარულად შემოიპარა. ის მეთოდები, რომლითაც სააკაშვილი მოქმედებს აბსოლუტურად მიუღებელია.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილისთვის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი გამოსავალია. იურდიულად ახლა პრეზიდენტია ის ინსტიტუტი, რომელსაც მისი შეწყალება და გათავისუფლება შეუძლია. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ ამიტომაც ახლა მთელი აგრესია პრეზიდენტზე გადადის. მას ყველა მხრიდან უტევენ და ცდილობენ მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიაღებინონ.
„ქალბატონმა სალომე ზურაბშვილმა არაერთხელ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს. ახლა ზუსტად სალომე ზურაბიშვილზე, რომელზეც „ენმ“ ამბობდა, რომ არალეგიტიმური პრეზიდენტია და რუსეთის მსახურია, მცირერიცხოვანი აქტორების მხრიდან დაბულინგება მიდის. მასზე ზეწოლას ცდილობენ, რომ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს. არადა დემოკრატიულ სახელმწიფოში ეს არაფერს ნიშნავს. გააჩნია ამ მოთხვნას ვინ და რა მასშტაბის ადამიანები აყენებენ. „ენმ“-ის 50-მდე მხარდამჭერი რომ გამოდის და მის გათავისუფლებას ითხოვს, ამაზე ქართველი საზოგადოების უმრავლესობის აზრი როგორია იციან?
სააკაშვილის მოკავშირე ტელევიზიებიდან რადგანაც მის გათავისუფლებასა და ამნისტიაზე ორი კაცი მოთხოვნას აყენებს, ამის გამო უნდა შეიწყალოს? როცა რურუას, უგულვას და ოქრუაშვილის შეწყალება მოხდა, ჯერ ერთი, სხვა პოლიტიკური ფიგურები იყვნენ და მეორეც სრულიად სხვა პოლიტიკური გარემო იყო. მაშინ კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი გზა მათი შეწყალება იყო. ახლა სააკაშვილის ციხეში ყოფნით ქვეყანაში რაიმე კატასტროფა არ ხდება. მოსახლეობის უმეტესობა, პირიქით, სალომე ზურაბიშვილის მიმართ უარყოფითად განიმსჭვალება, თუკი მას შეიწყალებს“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.