1914 წელს საქართველოს გათავისუფლების კომიტეტის წევრები - მიხეილ წერეთელი და მელიტონ ქარცივაძე წყალქვეშა ნავით საიდუმლოდ მოადგნენ საქართველოს და ფარულად შეხვდნენ ნოე ჟორდანიას, რომელთანაც საქართველოს დამოუკიდებლობის იდეაზე ისაუბრეს. ამავე კომიტეტის სხვა წევრები დაკავებულნი იყვნენ გერმანული წყალქვეშა ნავებით საქართველოში იარაღის შეტანის საქმით... მართალია, ახლო წარსულში საქართველოს ისტორიაში არსებობდა საქართველოს გათავისუფლების კომიტეტი, მაგრამ რას ნიშნავს სააკაშვილის გათავისუფლებას კომიტეტი? ეს რაღაც ახალი სიტყვაა ქართულ ისტორიოგრაფიაში. არადა, პრეზიდენტყოფილი დაჟინებით ითხოვს საკუთარი გამოხსნისთვის კომიტეტის შექმნას.
საქართველოს გათავისუფლების კომიტეტი 1914 წელს ევროპაში შეიქმნა. ამ ნაციონალისტური ორგანიზაციის მიზანი რუსეთის იმპერიისგან საქართველოს გათავისუფლება იყო. ამ მიზნით აღნიშნული კომიტეტი გერმანიის მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწამოებდა, რათა გერმანიას მხარი დაეჭირა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 1918 წელს აღნიშნულმა კომიტეტმა თვითლიკვიდაცია განიცადა.
სააკაშვილის გზავნილმა ციხიდან, შექმნან მისი გათავისუფლების კომიტეტი, თავსატეხი გაუჩინა ნაციონალებს. მათ ვერ გაუგიათ, მიტინგზე გამოსასვლელად ხალხს ძლივს აგროვებენ და ახლა „მაღალი იდეალის“, ანუ სააკაშვილის გამოსახსნელად კომიტეტი როგორ უნდა შექმნან თითოეულ სოფელსა და კარ-მიდამოში? ან რა მისია უნდა ჰქონდეს ამ კომიტეტს და ხომ არ იქნება ის რევოლუციური კომიტეტის მსგავსი? ამის გაგრძელება რა იქნება, ფიწლების მომარჯვება და რევოლუციის იმედად ყოფნა?
„ნაცმოძრაობას“ წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ მიშას გათავისუფლების კომიტეტში უნდა იყვნენ სხვადასხვა საზოგადოების წარმომადგენლები - ხელოვანები, ჟურნალისტები... გიული ალასანიაც აქტიურობას ურჩევს სააკაშვილის გათავისუფლების კომიტეტს. ალეკო ელისაშვილს კი აინტერესებს, გათავისუფლების კომიტეტი რომ უნდა შექმნას სააკაშვილმა, თავი ნესტორ მახნო (ცნობილი უკრაინელი ანარქისტი) ჰგონია? მისმა მომხრეებმა ფიწლები უნდა მოიმარჯვონ და შევარდნენ გორის ჰოსპიტალში?
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე იხსენებს, რომ თავის დროზე ასეთი მოწოდებაც იყო, რუსეთს დანა-ჩანგლით ვებრძოლოთო. დღეს კი საინტერესოა, სააკაშვილის შემთხვევაში, დანა-ჩანგალი გამოდგება?!
„ფაქტია, რომ ლიდერმა, ანუ სააკაშვილმა თქვა, ჩემი გათავისუფლების კომიტეტი შექმენითო და არაფერი არ გაკეთდეს მისი ნათქვამის შესასრულებლად, არ გამოვა. სინამდვილეში, არსად არაფერი არ შეიქმნება, არანაირი გათავისუფლების კომიტეტი, ეს პირველად ხომ არ თქვა? ადრეც უთქვამს რამდენჯერმე. ძალიან გაუჭირდებათ რაიმეს შექმნა, უფრო მეტიც, რაც უფრო მეტად გამოვა სააკაშვილი სიტყვით, მით უფრო შემცირდება მისი მხარდამჭერების რიცხვი, ელიტარულიც კი. მით უმეტეს, ახლა, როცა ლაპარაკია, რომ ყველა სოფელსა და კარ-მიდამოში მისი გამოხსნის კომიტეტი შეიქმნას, ასეთი რამ ვერ შეიქმნება. ამის რესურსი დღეს არავის არ აქვს. რომც შეიქმნას, მართლაც რა ფუნქცია ექნებათ ამ ჯგუფებს? დავუშვათ, მე ამ ჯგუფის წევრი ვარ, მერე რა? ვზივარ სახლში და ვიქნები სახლში“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ for.ge-სთან საუბრისას.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე გამორიცხავს, რომ აქ რევოლუციურ კომიტეტზე იყოს საუბარი. მისი განმარტებით, ელისაშვილმა რაკი თქვა, მახნოს ვერ შევადარებთ მიხეილ სააკაშვილს. აქ საუბარია იმაზე, რომ სამართლებრივი გზით, სამართლებრივი მექანიზმით მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და არავითარ აჯანყებაზე, სპეცოპერაციის დაწყებაზე არაა საუბარი.
„ვფიქრობ, სააკაშვილის გათავისუფლების კომიტეტის მიზანია, დამტკიცდეს, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა, პოლიტპატიმარია. სააკაშვილის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მისი გათავისუფლების კომიტეტი ასეთნაირად მესახება, რომ მიმართავენ შესაბამის სამთავრობოშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგალითად, „ჰუმან რაითს ვოჩს“, რომელსაც აუწყებენ, რომ სააკაშვილი იდევნება პოლიტიკური შეხედულებების გამო, ის არის პოლიტიკური პატიმარი, ვინაიდან არსებობს შესაბამისი სტანდარტები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, ვინ შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ დევნილად“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ ჩვენთან საუბრისას.
მანვე განმარტა, რომ სააკაშვილის გათავისუფლების კომიტეტს შეუძლია მიმართოს ევროპის საბჭოს, გაეროს, იმუშაონ საქართველოს მოსახლეობაზე, აამაღლონ მათი ცნობიერება და შეახსენონ, სააკაშვილის მმართველობის დროს რა რეფორმები განხორციელდა. ანალიტიკოსი არ ფიქრობს, რომ ამ კომიტეტს აგრესიული ზრახვები ექნება, ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გზით უნდა მოხდეს სააკაშვილის გათავისუფლება, არანაირი სხვა მექანიზმი აქ არ უნდა იყოს.