CNN: ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინიდან აშშ-ის მოქალაქეების პოტენციური ევაკუაციის ვარიანტებს სწავლობს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

CNN: ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინიდან აშშ-ის მოქალაქეების პოტენციური ევაკუაციის ვარიანტებს სწავლობს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინიდან აშშ-ის მოქალაქეების პოტენციური ევაკუაციის ვარიანტებს სწავლობს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, პენტაგონი გეგმაზე მუშაობს, რომელიც იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია მოხდება რუსეთის შეჭრის შემდეგ.

წყაროები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ამჟამად ევაკუაციის საჭიროებას არ ხედავს, ვინაიდან ავიახაზები უკრაინის საერთაშორისო აეროპორტებიდან შეუფერხებლად ოპერირებენ და სახმელეთო საზღვრები უკრაინის დასავლელ მეზობლებთან ღიაა.

აღნიშნული გეგმა იმ შემთხვევისთვისაა, თუ უკრაინაში უსაფრთხოების ვითარება მკვეთრად გაუარესდება.

2 დეკემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თავის რუს კოლეგას განუცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთი სერიოზული შედეგების წინაშე დადგება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა და იანვრის ბოლოსთვის ფართომასშტაბური სამხედრო შეტევისთვის შეიძლება მოემზადოს.